დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-142(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2024 წლის გადაწყვეტილებით ა.მ-ის სარჩელი მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სააგენტოს 12.07.2023 წლის IDP 1 23 00001912 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, 6.1 და 13.3 მუხლებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 6.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მოტივირებულია ერთადერთი გარემოებით, კერძოდ, მოსარჩელეს შესაძლებლობა აქვს იცხოვროს მამის საკუთრებაში არსებულ ბინაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მამასთან არსებულ უთანხმოებაზე მიუთითებს. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3 და მე-8 მუხლებზე მითითებით პალატამ აგრეთვე მიიჩნია, რომ მიუხედავად ოჯახში არასრულწლოვანი შვილების არსებობისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და ეს ინტერესი არ გაითვალისწინა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ შეუძლიათ ისარგებლონ საცხოვრებელი სახლით, რომელიც არის მოსარჩელის მამის საკუთრება. მოქმედი კანონმდებლობით გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის დაწესებულია გარკვეული რიგითობა, პრიორიტეტულობა, კერძოდ, პირველ რიგში ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დამხმარებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ცხოვრობს ნათესავის ბინაში და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს. მართალია, დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში დევნილი ოჯახი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში არ ცხოვრობს და მას არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება. გასაჩივრებული განჩინებით სხვა დევნილი ოჯახები მოსარჩელის ოჯახთთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების სენსიტიურობიდან გამომდინარე და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მართლზომიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ა.მ-ი და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023 წლის №30 სხდომის ოქმის თანახმად, სამოთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ა.მ-ის ოჯახს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2023 წლის №IDP 1 23 00001912 ბრძანებით ა.მ-ის ოჯახს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის 18.05.2022 წლის ოქმის თანახმად, ...ის რაიონში, სოფ. ...ში მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს 1994 წლიდან. ოქმში მითითებულია მონიტორინგის მისამართზე არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი ... . საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამ უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს ვ.მ-ი (ს.ფ. 64-65).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 26.10.2021წ. განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის გამო, 1,5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად) და 2 ქულა - სამი არასრულწლოვანი შვილის გამო.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება მასზედ, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მამის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. უდავოა, რომ მოსარჩელის მამა არ წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით გათვალისწინებულ პირს. უფრო მეტიც, მოსარჩელის განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახის მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად ცხოვრებას. ნათესავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელში დროებით ცხოვრება არ იძლევა ხსენებულ საცხოვრებელში მოსარჩელეთა შეუზღუდავად ცხოვრების ზუსტად დადგენის შესაძლებლობას. ამგვარი დასკვნის გამოტანა განსაკუთრებით რთულია ამ ფართით სამომავლო, გრძელვადიანი სარგებლობის პერსპექტივების შეფასებისას (შდრ. სუსგ 25.03.2021წ. №ბს-1129(კ-20); 22.07.2021წ. №ბს-83(კ-21); 23.12.2021წ. №ბს-900(კ-21); 16.11.2022წ. №ბს-1053(კ-22); 24.09.2025წ. №ბს-878(კ-25)), ამდენად, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ნათესავის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე საცხოვრებლით დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას (შდრ. სუსგ 18.03.2020წ. საქმე №ბს-156(კ-20)).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებზე“ (№9 დანართი), რომლითაც განსაზღვრულია გადასაცემი ფართების ოდენობა დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით. აღნიშნული გამომდინარეობს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხ. „ნ“ ქვ.პ., მე-13 მუხ., მე-17 მუხ.). მოსარჩელის მითითებით, მის ხუთსულიან ოჯახს მშობლის სახლში გამოყოფილი აქვს ერთი ოთახი, რომელიც დაახლოებით 18 კვ.მ. ფართს შეადგენს (ს.ფ. 4), ამდენად, უძრავი ნივთის მოსარჩელის მშობლ(ებ)ის საკუთრებაში არსებობის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს ასეთ ფართში მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილების შეუზღუდავად ცხოვრების შესაძლებლობას და არ გამორიცხავს ფართის მოცულობისა და ოჯახის წევრთა ოდენობის შესაბამისობის შეფასების საჭიროებას, შესაბამისად, დასაბუთებული არ არის კასატორის მითითება მასზედ, რომ ნათესავის ბინაში ცხოვრების გამო მოსარჩელე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს, ამასთანავე, კასატორი თავად მიუთითებს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების დასაკმაყოფილებლად დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილ ქულათა საკმარის ოდენობაზე.
უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით სხვა დევნილი ოჯახები მოსარჩელის ოჯახთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება (მაგ., სხვა პირთა ქულები, მათი სოციალური პირობები და ა.შ.), რომელიც მოსარჩელესთან მიმართებით სხვა პირების არათანაბარ მდგომარეობაში არსებობას დაადასტურებდა. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი, ობიექტური შეფასების საფუძველზე (სსკ-ის 105-ე მუხ.). აღნიშნულის საპირწონედ კი კასატორის მითითება აბსტრაქტულ „სენსიტიურობაზე“ სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს ობიექტურ, იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს და არა სუბიექტურ „სენსიტიურობას“. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული არგუმენტი დევნილთა უფლებების მიმართ თავად ორგანოს ფორმალისტურ და კანონშეუსაბამო მიდგომაზე მიუთითებს, რაც ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს პრინციპს (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხ.). დევნილთა უფლებების დაცვა არის არა სახელმწიფოს კეთილი ნება, არამედ იგი დაცულია საერთაშორისო აქტებითა და ეროვნული კანონმბდელობით. დევნილთა უფლებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ნაწილია, შესაბამისად, დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის არა „ემოციური პრეტენზია“, არამედ საერთაშორისოდ და ეროვნულ დონეზე აღიარებული უფლების რეალიზაცია.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებების კონვენციის“ (საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა.მ-სთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მის სამ არასრულწლოვან შვილს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტით მოსარჩელის (განცხადებით გათვალისწინებულ პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე