დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-165(კ-26) 23 ივნისი, 2026 წელი ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ხ-ა
მესამე პირები - თ. ხ-ა, ნ. ხ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 20 ნოემბერს ა. ხ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №IDP 7 24 01127412 აქტით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში - ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელის მტკიცებით, იგი თავის ორ შვილთან ერთად 2012 წლის 25 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., ბინა №3-ში. 2012 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქ. ზუგდიდიდან ქ. თბილისში გადმომისამართების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 26 ივნისიდან ორივე შვილი სწავლობს ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე, ...ში, რაც ადასტურებს 2012 წლიდან ქ. თბილისში ცხოვრების ფაქტს. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №IDP 7 24 01127412 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა. ხ-ას, ნ. ხ-ასა და თ. ხ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ: ნ. ხ-ა და თ. ხ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №IDP 7 24 01127412 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
აპელანტის განმარტებით, ა. ხ-ას და მის შვილებთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში დამისამართებასთან დაკავშირებით, არის კანონიერი, დასაბუთებული და შესწავლილი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. ხ-ა თავის შვილებთან, თ. ხ-ასა და ნ. ხ-ასთან ერთად, დამისამართებული იყო შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, სოფელი ..., 2014 წლის 11 აგვისტომდე. მოსარჩელე 2013 წლის პირველი ივნისის შემდეგ არის დამისამართებული ქ. თბილისში, შესაბამისად, მისი ქ.თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფა ვერ განხორციელდება. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი ჯერ უნდა იქნეს ცნობილი 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულ პირად. შემდეგ, დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა შეავსოს მოსარჩელემ განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მისი საკითხის განხილვა. ამდენად, აპელანტს მიიჩნია, რომ სათანადოდ არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის ქ. თბილისში 2013 წლის პირველ ივნისამდე რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების დარღვევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხთან მიმართებით სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ რეგისტრაციისათვის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა განაცხადით გადამისამართების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში - 2012 წლის 28 დეკემბერს, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა ფორმალურად შესაბამისი მონაცემების მითითებულ ვადაში ასახვა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია პირის ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე დაურეგისტრირებლად მიჩნევა, და აღნიშნული გარემოების გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად მითითება, რადგან აღნიშნული მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზით არ განხორციელდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზეპირსიტყვიერი განმარტება 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ მოსარჩელის ქ. თბილისში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და დაედგინა არსებობდა თუ არა მოსარჩელის 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის საფუძველი, რაც არ განუხორციელებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზედაც აპელირებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა - მოსარჩელის ოჯახი 2013 წლის პირველ ივნისამდე არ ყოფილა დარეგისტრირებული ქ. თბილისში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს ა. ხ-ას 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში დარეგისტრირების ფაქტის დადგენა წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 9 ოქტომბერს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის №A312961 მოწმობის თანახმად, ა. ხ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილია იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი ოჩამჩირე, სოფელი ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი - (რეგისტრაციის ადგილი - საქართველო, თბილისი, საბურთალო, ...ს ქ.№..., ბ№3.)
2012 წლის 28 დეკემბერს ა. ხ-ამ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა გადამისამართება, ასევე მიუთითა, რომ შვილებთან ერთად არის დროებით რეგისტრირებული ქალაქ ზუგდიდში, ხოლო ცხოვრობს ქალაქ თბილისში. განცხადებას თან ერთვის 2012 წლის 25 დეკემბრის სანოტარო აქტით დამტკიცებული თანხმობა, რომლის მიხედვით, ე. მ-ი თანახმაა, ა. ხ-ა, ნ. მ-ა და თ. მ-ა დარეგისტრირდნენ მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში, ს/კ ... მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ..., ქ. №..., ბ№3. იძულებით გადაადგილებულ პირთა 1996 წლის 15 მაისის ანკეტის მიხედვით, ა. ხ-ას საცხოვრებელი რაიონის გრაფაში მითითებულია ზუგდიდი. მისამართი იძულებით გადაადგილებამდე - ქ. ოჩამჩირე, სოფელი ....
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის 2008 წლის 8 თებერვლის ანკეტის მიხედვით ა. ხ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ზუგდიდი, სოფელი .... მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - ოჩამჩირე, სოფელი ..., განსახლების ფორმა - კერძო.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის 2013 წლის 12 სექტემბრის ანკეტის მიხედვით, შევსების ადგილია - ზუგდიდი. ა. ხ-ას დროებითი საცხოვრებელი ადგილად მითითებულია ზუგდიდი, .... მუდმივი საცხოვრებელი ადგილად იძულებით გადაადგილებამდე-ოჩამჩირე სოფელი .... ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისი, საბურთალო, ...ს ქ.№..., ბ №3.
იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის 2014 წლის 9 ოქტომბრის ანკეტის მიხედვით, შევსების ადგილი - არ არის მითითებული. ა. ხ-ას იძულებით გადაადგილებამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილია - აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ...; დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) - თბილისი, საბურთალო, ...ს ქ.№..., ბ№3. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, საბურთალო, ...ს ქ.№..., ბ№3.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის 2013 წლის 22 აგვისტოს ანკეტის მიხედვით თ. მ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ს. .... მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი .... ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, საბურთალო,...ს ქ.№..., ბ№3.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის 2013 წლის 22 აგვისტოს ანკეტის მიხედვით, ნ. მ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ს. .... მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი .... ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, საბურთალო, ...ს ქ.№..., ბ№3.
...ს 2012 წლის 27 დეკემბრის N03/397 ცნობის თანახმად, თ. მ-ა ჩაირიცხა ...ს X კლასში 2011 წლის 29 ივლისის №02/90 ბრძანების საფუძველზე, ხოლო ხოლო 2012 წლის 26 ივნისის №02/61 ბრძანების საფუძველზე, თ. მ-ა გადაყვანილი იქნა XI კლასში.
...ს 2012 წლის 27 დეკემბრის №03/396 ცნობის თანახმად, ნ. მ-ა ჩაირიცხა ...ს IX კლასში 2011 წლის 29 ივლისის №02/91 ბრძანების საფუძველზე, ხოლო 2012 წლის 26 ივნისის №02/61 ბრძანების საფუძველზე ნ. მ-ა გადაყვანილ იქნა X კლასში.
2014 წლის 4 ივნისს ა. ხ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისი გადამისამართება ოჯახთან ერთად ქ. ზუგდიდიდან, ქ. თბილისში და დევნილის მოწმობების შეცვლა. განცხადებას თან ერთვის 2014 წლის 22 მაისის სანოტარო აქტით დამტკიცებული თანხმობა, რომლის მიხედვით, მ. მ-ი თანახმაა, ლ. ხ-ა, ა. ხ-ა, ნ. მ-ა და თ. მ-ა დარეგისტრირდნენ მის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების მისამართზე - ქალაქი თბილისი, ...ს ქ.№..., ბ№3 (ს.კ. ...).
2014 წლის 8 ივლისის №05/01-11-8008 მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა წარდგენილი განაცხადების შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის გადამისამართება. აღნიშნული მოხსენებით ბარათზე თანდართული ცხრილის თანახმად: თ. მ-ა, ნ. მ-ა, ა. ხ-ა, ლ. ხ-ა დამისამართებულები არიან შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, სოფელი ..., უნდათ გადამისამართება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალო ...ს ქ.№..., ბ№3. შენიშვნა - მ. მ-ის საკუთრება.
2024 წლის 11 ოქტომბერს ა. ხ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა ა. ხ-ას თავის ორ შვილთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში თბილისში მათი განსახლების საკითხის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, დაკმაყოფილება.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 24 ოქტომბრის IDP 7 24 01127412 გადაწყვეტილებით ა. ხ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში - ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. ვინაიდან, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ა. ხ-ა ქ. თბილისში რეგისტრირდება 2014 წლის 11 აგვისტოდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების მეექვსე მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2025 წლის 23 იანვრის IDP 6 25 00064817 ცნობის თანახმად, საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში დოკუმენტების სკანირება შესაძლებელი გახდა 2012 წლის მაისიდან და აღნიშნული პერიოდიდან 2012 წლის ბოლომდე, საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში იძებნება მოქალაქე ა. ხ-ას მიერ უწყებაში შემოტანილი 1 განცხადება გადამისამართებასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებაზე მოქალაქისათვის გაგზავნილ პასუხს, ასეთი დოკუმენტი ბაზაში არ მოიძებნა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის ,,ე ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. მითითებული მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა რეგისტრაცია არის სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დევნილი ვალდებულია: საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ; გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციას გააჩნია არა მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, არამედ რეგისტრაცია თავისი არსით არის იურიდიული ფაქტი, რაც დევნილის უფლებების წარმოშობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მონაცემს წარმოადგენს (გამოიყენება ისეთი უფლებების რეალიზაციისათვის, როგორიცაა მაგ.: დევნილისათვის სათანადო შემწეობის გაცემა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სოციალურ პროგრამებში ჩაბმა და სხვა). როგორც წესი, რეგისტრაციის ადგილი ძირითადად დაკავშირებულია საცხოვრებელ ადგილთან, თუმცა შესაძლებელია იგი პირის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს არ ემთხვეოდეს. მართალია, კონკრეტული რეგისტრაციის ადგილის (ისევე როგორც მუდმივი საცხოვრებელი ადგილის) არჩევის ან არჩეულის შეცვლის უფლება თავად დევნილ პირს გააჩნია, თუმცა აღნიშნული უფლება არ გულისხმობს არსებული საკანონმდებლო პროცედურის გვერდის ავლით მის რეალიზებას, სასურველი შედეგის (რეგისტრაციის ცვლილება) თავისთავად დადგომის შესაძლებლობას.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2013 წლის 16 ივლისს მიღებულ იქნა №287 ბრძანება ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ (შემდეგში - ,,წესი“). მითითებული ,,წესის“ მე-2 მუხლის 36-ე პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება სააგენტოს დირექტორის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ დევნილის რეგისტრაციის ადგილის ცვლილება დაკავშირებულია ორი პირობის კუმულაციურად არსებობასთან - 1. დევნილის მიერ არსებული რეგისტრაციის შეცვლის შესახებ სააგენტოში განცხადებისა და საკითხის განხილვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენასთან და 2. სააგენტოს დირექტორის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან. ამდენად, ამ უფლების რეალიზება უპირველესად დამოკიდებულია დევნილის ნებაზე და ამ მიმართებით არსებულ ნორმატიულ მოწესრიგებაზე. შესაბამისად, ნათელია, რომ მხოლოდ კონკრეტულ ადგილას (მათ შორის, სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში) ცხოვრების ფაქტი ვერ გამოდგება დევნილის რეგისტრაციის ადგილის შეცვლის (აღიარების) წინაპირობად, ამისათვის კანონით დადგენილი სათანადო პროცედურის განხორციელების, უფლების პრაქტიკული რეალიზების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს ა. ხ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა გადამისამართება და მიუთითა, რომ შვილებთან ერთად არის დროებით რეგისტრირებული ქ. ზუგდიდში, თუმცა ცხოვრობს ქალაქ თბილისში. აღნიშნულ განცხადებას ერთვოდა, როგორც ა. ხ-ას ოჯახის წევრების დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობების ასლი, ასევე ოჯახის ქალაქ თბილისში ფაქტობრივად ცხოვრების და ყოფითი პირობებით დაკავშირების ამსახველი მტკიცებულებები, კერძოდ, სანოტარო წესით დამოწმებული ე. მ-ის თანხმობა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში (საცხოვრებელი ფართი) ა. ხ-ას და მისი შვილების ნ. მ-ას და თ. მ-ას დარეგისტრირების შესახებ, ასევე, ...ს 2012 წლის 27 დეკემბრის ცნობები №03/396 და N03/397, რომლითაც დასტურდება თ. და ნ. მ-აების მოცემულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი 2011 წლის 29 ივლისიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის 2012 წლის 28 დეკემბერს, ცნობილი იყო ა. ხ-ას მისამართის ქ. თბილისში ცვლილების და შესაბამისი რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის შესახებ, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მოახდინა აღნიშნული მოთხოვნის (გადამისამართების შესახებ განაცხადის) განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელის ოჯახის 2013 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის განაცხადის რეაგირების გარეშე დატოვება და ა. ხ-ას თბილისში ფორმალურად დაურეგისტრირებლობა, იმ პირობებში, როდესაც ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობდა თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე, არ შეიძლება გახდეს მისი ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე დაურეგისტრირებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დევნილი ოჯახის რეგისტრაციის ადგილის დადგენის მიზანს, მისი ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის განსაზღვრა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და დაედგინა არსებობდა თუ არა მოსარჩელის 2013 წლის პირველ ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად მიჩნევის საფუძველი, რაც არ განუხორციელებია. იმ პირობებში, როდესაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა განიხილოს ა. ხ-ას განცხადება და მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რა დროსაც, მათ შორის, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს განსახილველ საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის - ა. ხ-ას შვილები ...ს 2011 წლის 29 ივლისის №02/90 და 2011 წლის 29 ივლისის №02/91 ბრძანებების საფუძველზე ჩაირიცხნენ ...ში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე