დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-168(კ-26)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ქ.ც-ა, ლ.ი-ი, ნ.ი-ი, თ.ი-ი, გ.ი-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2023 წლის გადაწყვეტილებით ქ.ც-ას, ლ.ი-ის, ნ.ი-ის, თ.ი-ისა და გ.ი-ის სარჩელი მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სააგენტოს 12.07.2023 წლის №IDP 0 23 00001911 ბრძანება და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის საცხოვრებელით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებელობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემის და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს, დედამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა წარმოადგენს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ.ც-ას და მის ოჯახს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. მოსარჩელეთა წარმომადგენლის ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელის ქ.ც-ას დედამთილი იტალიაში ცხოვრობს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სისტემატურად ვერ მუშაობს და სურს ბინის გაქირავება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და აღნიშნული გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი ნათესავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუსგ 18.03.2020წ. №ბს-156(კ-20)). ფართის მესაკუთრე არ არის ვალდებული, მუდმივად დაუთმოს მოსარჩელეს საკუთარი უძრავი ქონება, შესაბამისად, მხოლოდ მითითებული მოტივით მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვერ შექმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველს. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს (აპელანტს) დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ სხვა განმცხადებლებს გააჩნდათ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების იმაზე მეტი საჭიროება, ვიდრე მოსარჩელეს, რაც, თავის მხრივ, გასაჩივრებული აქტის დაუსაბუთებლად მიჩნევას განაპირობებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობები, მოიძია ინფორმაცია მონიტორინგის მისამართზე მდებარე ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით, ასევე მოიძია ინფორმაცია მოსარჩელისა და ბინის მესაკუთრის ნათესაური კავშირის შესახებ. მიუხედავად ქულათა საკმარისი ოდენობისა, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ ბინის მესაკუთრე მოსარჩელის დედამთილია, რომელსაც წარმოების ეტაპზე ბინა არ სჭირდებოდა. სასამართლომ შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება დედამთილის ჯანმრთელობისა და ფინანსური პრობლემების შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, უპირატესობა ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამის გადაუდებელი საჭიროება აქვთ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მართლზომიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ქ.ც-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები - გ.ი-ი, ნ.ი-ი და თ.ი-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.05.2023 წლის №30 სხდომის ოქმის თანახმად, სამოთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ქ.ც-ას ოჯახს, რომელიც შედგება ხუთი წევრისაგან. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა დედამთილის საკუთრებაში ცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.07.2023 წლის №IDP 0 23 00001911 ბრძანებით ქ.ც-ას ოჯახს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. 18.04.2022 წლის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ოქმის თანახმად, მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად 2021 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა ...-ში, რომელიც საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად წარმოადგენს ა.ი-ის საკუთრებას (ს.ფ. 74).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. 26.10.2021წ. და 13.12.2021წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმების თანახმად, 5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 1994 წლის პირველ იანვრამდე და 2009 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის გამო, 1,5 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) და 2 ქულა - სამი არასრულწლოვანი შვილის გამო. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება მასზედ, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მეუღლის დედის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ნათესავის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას (შდრ. სუსგ 18.03.2020წ. საქმე №ბს-156(კ-20)). უდავოა, რომ მოსარჩელის მეუღლის დედა არ წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით გათვალისწინებულ პირს. უფრო მეტიც, მოსარჩელის განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახის მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის ბინაში ცხოვრებას. ნათესავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელში დროებით ცხოვრება არ იძლევა ხსენებულ საცხოვრებელში მოსარჩელეთა შეუზღუდავი ცხოვრების ზუსტად დადგენის შესაძლებლობას. ამგვარი დასკვნის გამოტანა განსაკუთრებით რთულია ამ ფართით სამომავლო, გრძელვადიანი სარგებლობის პერსპექტივების შეფასებისას (შდრ. სუსგ 25.03.2021წ. №ბს-1129(კ-20); 22.07.2021წ. №ბს-83(კ-21); 23.12.2021წ. №ბს-900(კ-21); 16.11.2022წ. №ბს-1053(კ-22); 24.09.2025წ. №ბს-878(კ-25)).
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერებას არ ადასტურებს კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იმ საცხოვრებელი ფართის (ბინის) მესაკუთრეს, სადაც ამჟამად მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, ბინა არ სჭირდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე დროს მას უფლება აქვს არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საჭიროების განსაზღვრა სუბიექტურ ხასიათს ატარებს. მოქმედი კანონმდებლობით დაცულია მესაკუთრის ნება და არა მესამე პირის შეხედულება ქონების საჭიროებაზე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის მართლზომიერებას სწორედ იმ გარემოებაზე მითითებით ასაბუთებს, რომ მოსარჩელის მეუღლის დედას (მესაკუთრეს) ბინა არ ესაჭიროება, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ამ საფუძვლით დევნილის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი, ამასთანავე, კასატორი არ უარყოფს გარემოებას მასზედ, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების დასაკმაყოფილებლად დევნილმა ოჯახმა ქულათა საკმარისი ოდენობა დააგროვა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებების კონვენციის“ (საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქ.ც-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მის სამ არასრულწლოვან შვილს. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელის (განცხადებით გათვალისწინებულ პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე