დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-27(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.თ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 6 მარტს მ.თ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 იანვრის №SP181224719/536957 ბრძანების ბათილად ცნობა და გამარტივებული წარმოების დაწყებისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების გადახდისგან მ.თ-ის გათავისუფლება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „ ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 იანვრის №SP181224719/536957 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და მ.თ-ე გათავისუფლდა გამარტივებული წარმოების დაწყებისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების გადახდისგან, რაც სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 912, 913, 914, 917 მუხლებზე და აღნიშნა, რომ შპს „...-მა“ 2018 წლის 05 დეკემბერს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტის - მ.თ-ის მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის შპს „...-ს“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 3999.07 ლარს ლარს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურმა 2019 წლის 08 იანვარს გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP181224719/528657 შეტყობინება, რომელიც მ.თ-ეს ჩაბარდა პირადად 2019 წლის 11 იანვარს. ვინაიდან რესპონდენტმა არ განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არც ერთი მოქმედება, 2019 წლის 30 იანვარს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP181224719/536957 ბრძანება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე და მ.თ-ეს აპლიკანტის სასარგებლოდ დააკისრა 3999.07 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ.თ-ემ 2019 წლის 15 იანვარს მიმართა ექიმს, დაესვა მწვავე ვირუსული ინფექციის დიაგნოზი, მიეცა სათანადო დანიშნულება და დაენიშნა მკურნალობა. ამასთან, 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით მას დაენიშნა წოლითი რეჟიმი. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ ვადის აღდგენის საკითხის განხილვისას შესაბამისმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება. უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია. ამდენად, ვადის აღდგენის საპატიო მიზეზად მიიჩნევა იმგვარი განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობა, რაც შეუძლებელს ხდიდა საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენას (სუსგ Nბს-308(კ-21), 30.09.2021წ.). სააპელაციო პალატის მითითებით, მ.თ-ის მიერ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გაშვება მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, მ.თ-ეს მწვავე ვირუსული ინფექციის დიაგნოზით ექიმის მიერ დაენიშნა მკურნალობა და წოლითი რეჟიმი, 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით, აღნიშნული კი წარმოადგენს იმ სახის საპატიო გარემოებას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, რესპონდენტს უფლება აქვს განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას. კასატორის მითითებით, გამარტივებული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ რესპოდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა მას არ წარმოუდგენია პროტესტი კანონმდებლობით დადგენილ 10 დღიან ვადაში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო რესპოდენტის მიერ პროტესტის წარმოუდგენლობის კანონისმიერ დასაშვებობას მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს, რაც ვერ იქნება გაზიარებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ვინაიდან კანონდებელი პროტესტის წარმოდგენის ვადას იმპერატიული სიზუსტით განსაზღვრავს და არ ითვალისწინებს რაიმე განსხვავებულ დათქმას მისი გაგრძელების ან აღდგენის თაობაზე. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინების პირობებშიც კი, ვადის აღდგენის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან არც წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე და არც ბრძანების გამოცემის შემდეგ, რესპონდენტს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ წარუდგენია აღსრულების ეროვნულ ბიუროში და არ მოუთხოვია გაშვებული ვადის აღდგენა.
კასატორის მითითებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს თითოეული პირის უფლების დაცვისა და რეალიზაციის სამართლებრივ საშუალებებს. სამართლებრივ ურთიერთობაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის მიღება, სწორედ პირის უფლების ეფექტური დაცვის გამოხატულებაა. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ რესპოდენტს შეტყობინებით დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია მის მიერ კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში შესაბამისი მოქმედებების განხორციელების და ამ მოქმედებების/უმოქმედობის თანმდევი შედეგების თაობაზე, მოსარჩელე უფლებამოსილი პროტესტის წარმოდგენა უზრუნველყო წარმომადგენლის მეშვეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს შპს „...-სა“ და მ.თ-ეს შორის დაიდო ელექტრონული/ონლაინ სესხის ხელშეკრულება. 2018 წლის 05 დეკემბერს შპს „...-მა“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მ.თ-ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის შპს „...-ს“ მოთხოვნა, რესპონდენტის მიმართ შეადგენდა 3999.07 ლარს.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის 2019 წლის 08 იანვრის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP181224719/528657 შეტყობინებით მ.თ-ეს განემარტა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული ერთ-ერთი მოქმედება - სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა; წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა; წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპონდენტს ასევე განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP181224719/528657 შეტყობინება მ.თ-ეს ჩაბარდა პირადად 2019 წლის 11 იანვარს, შემდეგ მისამართზე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ოზურგეთი, ...ის ქუჩა №..., ბინა №...
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება მ.თ-ეს ჩაჰბარდა პირადად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა საქმის მასალებით ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მ.თ-ემ 2019 წლის 15 იანვარს მიმართა ექიმს, დაესვა მწვავე ვირუსული ინფექციის დიაგნოზი, მიეცა სათანადო დანიშნულება, მათ შორის, 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით დაენიშნა წოლითი რეჟიმი. ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიჩნევს იმ გარემოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის გაშვება მოხდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი, პატივსადები მიზეზების გამო, რის გამოც არსებობდა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 09.12.25წ. №21435 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.12.25წ. №21435 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა