დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.06.2026
საქმის ნომერი
ბს-276(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-276(კ-26) 23 ივნისი, 2026 წელი ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - მ. ღ-ა, ს. ღ-ა, გ. ღ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 23 თებერვალს მ. ღ-ამ, ს. ღ-ამ და გ. ღ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეების განმარტებით, ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 2002 წლიდან დღემდე ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, ... ქ. №14-ში, ...ის შენობაში. განცხადებით მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, რაზედაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 3 თებერვლის №IDP 6 25 00000141 ბრძანებით უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, განაცხადში მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №IDP 4 23 00000097 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების - მ. ღ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ას, ს. ღ-ასა და გ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №IDP 4 23 00000097 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ღ-ას ოჯახის - ს. ღ-ასა და გ. ღ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხის არგუმენტის გაზიარების საფუძველი ვერ გახდება მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ აღწერის დროს, ერთ-ერთი ვიზიტისას მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე არ დახვდა მოსარჩელე გ. ღ-ა და მიუთითა, საქმეში არსებულ ზ. ჯ-ას, ჯ. მ-ასა და მ. მ-ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, აღნიშნული პირების განცხადებით, გ. ღ-ა, ს. ღ-ა და მ. ღ-ა ფაქტობრივად ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, ... ქ. №14-ში (...ა). ამასთან, ადასტურებენ, რომ მოსარჩელეები აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 2002 წლიდან და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ასევე, ნ. კ-ას, რ. ბ-ას და გ. კ-ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ მ. ღ-ა, გ. ღ-ა და ს. ღ-ა 1998 წლიდან 2002 წლამდე ცხოვრობდნენ მისამართზე: წალენჯიხა, სოფელი ..., ... ქუჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომპაქტურად განსახლების მისამართია ასევე რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის აბონენტის ბარათზე, რაც ცალსახად საცხოვრებელი სახლით სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაირღვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც კანონშესაბამისად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №IDP 4 23 00000097 ბრძანება და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ღ-ას ოჯახის - ს. ღ-ასა და გ. ღ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მოსარჩელის ოჯახს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები სადავო მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობენ, სადავო მისამართზე მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ მოსარჩელეები და არა პერიოდულად დადიოდნენ დაკავებულ ფართში. ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ პირველად ჩატარებული აღწერის დროს მოსარჩელეთა არც ერთი წევრი არ დახვდა სადავო მისამართზე, ხოლო მათი განცხადების საფუძველზე მოითხოვეს ხელმეორედ მონიტორინგის განხორციელება, რაც დამატებით ეჭვს ბადებს, რომ ისინი მითითებულ მისამართზე ნამდვილად არ ცხოვრობენ.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც პრიორიტეტულობაზეა საუბარი, თუმცა სასამართლო აღნიშნულ ნორმას არასწორად განმარტავს და არასწორ სამართლებრივ შეფასებას აძლევს, როდესაც მხოლოდ ქულათა სისტემით დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს. თავის მხრივ, სააგენტომ არა ერთ საქმეში განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ქულათა ოდენობა არ არის გადამწყვეტი და ყურადღება ექცევა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორის მითითებით, სასამართლო იზიარებს მხოლოდ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებს ზეპირ ახსნა-განმარტებებს და მხოლოდ მათ მიიჩნევს პრიორიტეტულად. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული საჯარო ინტერესის საზიანოდ და კერძო ინტერესის სასარგებლოდ. შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №IDP 4 23 00000097 ბრძანების კანონიერება და მოპასუხის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ღ-ას ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ზემოხსენებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები, მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში ცხოვრების შემთხვევაში კი, დევნილთა განსახლება ხორციელდება პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები: მ. ღ-ა, ს. ღ-ა და გ. ღ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. იძულებით გადაადგილებული პირების-დევნილების ანკეტების თანახმად, №... სარეგისტრაციო ნომრით, ერთ ოჯახად რეგისტრირებულია მ. ღ-ას, ს. ღ-ას და გ. ღ-ას ოჯახი. ანკეტებში მითითებულია ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - აფხაზეთი, გალი, ს. ...ა; ოჯახის დროებითი საცხოვრებელი (რეგისტრაციის ადგილი) - სამეგრელო-ზემო სვანეთი, წალენჯიხა, ს. ...ი. მ. ღ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია - ქ. ზუგდიდი, ... ქ. №18, ხოლო ს. და გ. ღ-ას ფაქტობრივ მისამართად მითითებულია - აფხაზეთი, გალი, ს. ...ა.

გ. ღ-ამ 2014 წლის 1 მაისს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. განცხადებაში მიუთითა ოჯახის წევრები - ს. ღ-ა (მეუღლე) და შვილები - მო. ღ-ა და მ. ღ-ა. განაცხადის მიხედვით, გ. ღ-ას ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენდა - ქ. ზუგდიდი, ... ქუჩა №1. ამასთან, განმცხადებლის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, სადაც აღინიშნა, რომ გ. ღ-ა ოჯახთან - ს. ღ-ასთან და მო. ღ-ასთან ერთად ცხოვრობს ზუგდიდში, მისამართზე: ... ქუჩა №1. ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. საცხოვრებელი არის დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რომელიც ნგრევადია, თუმცა არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი. კითხვარში მიეთითა, რომ გ. ღ-ას ოჯახი ჩართულია სიღარიბის დაძლევის პროგრამაში 57001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით.

2017 წლის 18 დეკემბრის მონაცემებით, გ. ღ-ას ოჯახს საცხოვრებლის მიღებასთან დაკავშირებით, საცხოვრებელის კრიტერიუმით მინიჭებული ჰქონდა - 2 ქულა; სოციალური კრიტერიუმით – 3 ქულა. ჯამში გ. ღ-ას ოჯახს ჰქონდა - 5 ქულა. შენიშვნის სახით დოკუმენტში მიეთითა, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მეუღლე, ოთხი შვილი და ორი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებდა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. გადასამოწმებელი იყო საცხოვრებელი პირობები. განაცხადში დაფიქსირებულია გ. ღ-ას ფაქტობრივი მისამართი: ქ. ზუგდიდი, ... ქ. №1.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე 2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ასახული ინფორმაციის თანახმად, გ. ღ-ა რეგისტრირებულია საარსებო შემწეობის მიმღებ პირად მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ... ქუჩა ...ის უკან (...) სართული 3. ოჯახის წევრები - ღ-ა~ მ., ღ-ა ს. .

გ. ღ-ა 2014 და 2019 წლებში რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იმ დროისათვის წარმოადგენდა - ქ. ზუგდიდი, ... ქუჩა ...ის უკან (...) სართული 3. ოჯახის წევრები - ღ-ა მ., ღ-ა ს. .

2019 წლის 13 ივნისს გ. ღ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიუთითა, რომ შევსებული ჰქონდა საცხოვრებლის მიღების თაობაზე განაცხადი და განაცხადში მოითხოვა შვილიშვილების, ჰ. ა-ისა და ლ. ა-ის დამატება. განცხადებაში გ. ღ-ამ მიუთითა მისამართი: ქ. ზუგდიდი, (...ი) ... ქ. №16.

2019 წლის 15 ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, გ. ღ-ას ოჯახს 18 წლამდე ასაკის წევრების კრიტერიუმით (2 არასრულწლოვანი) მინიჭებული ჰქონდა - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმით (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) – 3 ქულა. ჯამში - 4 ქულა. განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში ასახული შენიშვნის მიხედვით, გ. ღ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მეუღლე, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებდა მეუღლესთან, ორ შვილსა და ორ შვილიშვილთან ერთად. განმცხადებლის შვილიშვილები ლ. და ჰ. ა-ები დაემატნენ განცხადების საფუძველზე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით დადგენილია, რომ მ. ღ-ას ოჯახი (გ. და ს. ღ-ები) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია - ქ. ზუგდიდი, ... ...ის უკან (...) სართული 3. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა - 22350.

2021 წლის 26 თებერვლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, გ. ღ-ას ოჯახს საცხოვრებლის კრიტერიუმით მინიჭებული ჰქონდა - 2 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრების კრიტერიუმით (2 არასრულწლოვანი) მინიჭებული ჰქონდა - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმით (30001- ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) – 3 ქულა. ჯამში - 6 ქულა. განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმაში ასახული შენიშვნის მიხედვით, სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა მეუღლე, ოთხი შვილი და სამი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებდა მეუღლესთან, ორ შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად. განმცხადებლის შვილიშვილები ლ. და ჰ. ა-ები დაემატნენ განცხადების საფუძველზე.

2021 წლის 5 ივლისის მონაცემებით, წინასწარი შეფასების მიხედვით მინიჭებული ქულები - სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები -1 ქულა და მძიმე საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა - უცვლელი დარჩა მონიტორინგის შედეგად. გ. ღ-ას ოჯახს მინიჭებული ჰქონდა - 6 ქულა. მიეთითა, რომ მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ... ქ. №14.

2021 წლის 1 ივნისს, გ. ღ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. მიუთითა, რომ შევსებული ჰქონდა ზუგდიდში ... ქუჩაზე საცხოვრებლის მიღების თაობაზე განაცხადი. განცხადების თანახმად, აპლიკაციაში არასწორად ეწერა ფაქტობრივი მისამართი, ცხოვრობს მისამართზე: ზუგდიდი, ...ი, ... №14, ...ა. გ. ღ-ამ წარდგენილი განცხადებით, მოითხოვა ტელეფონის ნომრისა და მისამართის გასწორება.

2021 წლის 2 ივნისის გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ზუგდიდში, ... №14-ში (ყოფილი ... ქ. №1, ...ა) გ. ღ-ას მოკვლევის მიზნით. ოქმის მიხედვით, მეზობლები არ იცნობენ. დაუკავშირდნენ აპლიკაციაში მითითებულ ტელეფონზე და ქალმა განუცხადა, რომ გ. ღ-ას არ იცნობს.

2021 წლის 1 ნოემბრის გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი მივიდა ქალაქ ზუგდიდში, ... №14-ში, ...ა, მარცხენა მხარეს კორპუსი 2, მესამე სართული, გ. ღ-ას მონიტორინგის მიზნით. ჯგუფს ადგილზე დახვდა გ. ღ-ა, რომელმაც განუცხადა, რომ მისი მეუღლე თბილისში იმყოფებოდა შვილებთან სტუმრად. შვილი მო. გათხოვილია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთდ ცხოვრობს თბილისში, ... 3/14-ში.

2022 წლის 12 იანვარს მ. ღ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ მ. ღ-ა ცხოვრობს მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ... ქ. №14-ში (... შენობა). იგი აღწერის კომისიას აღნიშნულ მისამართზე არ დახვდა რაღაც მიზეზების გამო და მოითხოვა აღწერის კომისიის განმეორებით გამოყოფა.

მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2023 წლის 13 იანვარს განხორციელდა მ. ღ-ას ოჯახის ადგილზე გადამოწმება და შეივსო აღწერის ფორმა. ფორმაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ზუგდიდში, ... 14-ში (...ა, მარცხენა კორპუსი 2 (კორპუსი 3)) მისულ ჯგუფს ადგილზე დახვდა გ. ღ-ა. ს. ღ-ა იმყოფებოდა ნათესავთან, მ. ღ-ა მითითებულია აღწერის ფორმაში, თუმცა არ იყო მითითებული ადგილზე იმყოფებოდა იგი თუ არა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №IDP 4 23 00000097 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი 3) მ. ღ-ას ოჯახს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (ქალაქი ზუგდიდი, ... ქ.№14) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ (ქალაქი ზუგდიდი, ... ქ.№14-ში) ერთ-ერთი მონიტორინგის განხორციელებისას, მოსარჩელე მისამართზე არ იმყოფებოდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2021 წლის 2 ივნისის გასაუბრების ოქმი არ შეიცავს მონაცემებს, სახელებს და გვარებს იმ მეზობლებისა, რომელთა განცხადებითაც მოსარჩელეები ობიექტში არ ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, 2021 წლის 29 სექტემბრის გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ მონიტორინგის ჯგუფი მივიდა დევნილ გ. ღ-ას დამატებითი მოკვლევის მიზნით. გ. ღ-ა ასევე ნახსენებია 2021 წლის 2 ივნისის გასაუბრების ოქმში. თუმცა აღნიშნული სახელით და გვარით მ. ღ-ას ოჯახის წევრი განაცხადში მითითებული არ ყოფილა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, არ ადასტურებს აღნიშნულ შენობაში მისი არ ცხოვრების ფაქტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილი ზ. ჯ-ას, ჯ. მ-ას და მ. მ-ას ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ გ. ღ-ა, ს. ღ-ა და მ. ღ-ა 2002 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში, ... ქ.№14-ში (...ა) და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. ასევე ნ. კ-ას, რ. ბ-ას და გ. კ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებითაც დასტურდება, რომ მ. ღ-ა, გ. ღ-ა და ს. ღ-ა 1998 წლიდან 2002 წლამდე ცხოვრობდნენ მისამართზე: წალენჯიხა, სოფელი ..., ... ქუჩა (...ა). მნიშვნელოვანია, ის გარემოებაც რომ, 2021 წლის 2 ივნისს და 2021 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგის დროს ჯგუფს ქ. ზუგდიდში, ... ქ. №14-ში, ადგილზე დახვდათ გ. ღ-ა, ხოლო 2021 წლის 2 ივნისს ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე, მ. ღ-ა და ს. ღ-ა. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ მოსარჩელეები ფლობენ ან სარგებლობენ სხვა საცხოვრებელი სახლით, ან რეგისტრირებული არიან სხვა მისამართზე. ამასთან, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის აბონენტის ბარათითაც დასტურდება, რომ, ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე, (...ის შენობა 3-ში) აბონენტად რეგისტრირებულია მო. ღ-ა. აბონენტის ბარათით დასტურდება ასევე 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდაც. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების საფუძველზე, ცალსახად დგინდება გ. ღ-ას ოჯახის სადავო მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში მოცემულ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად: „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად, სხვა მტკიცებულებათა შეგროვების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა“ (სუსგ №879(კ-23), 19.12.2023წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში, და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე