დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.06.2026
საქმის ნომერი
ბს-290(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-290(კ-26) 4 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 22 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა გ. ბ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის - 10 235.3 ლარი, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან უძრავი ნივთის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 165 ლარი.

წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ ქ. ქუთაისში, ... №12-ის მიმდებარედ, ს/კ: ... (წინა საკადასტრო კოდები: ...,..., ...) არსებული უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრების უფლებით აღრიცხულია 2015 წლის 16 ნოემბრიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული პერიოდიდან არამართლზომიერად ფლობს დასახელებული ქონების ნაწილს გ. ბ-ე, რომელსაც ეცნობა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართს (..., შენობა №5) და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით გადაეხადა ქონების არამართლზომიერად სარგებლობისთვის დაკისრებული საფასური და სააგენტოში წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე გ. ბ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის - 10 235.3 ლარი, 2022 წლის 1 იანვრიდან უძრავი ნივთის გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად 165 ლარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე გ. ბ-ეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 22 მაისიდან უძრავი ნივთის გათავისუფლებამდე ყოველთვიურად 165 ლარის გადახდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივლისის სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ... №12-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება ს/კ:... (წინა საკადასტრო კოდები: ..., ..., ...) სახელმწიფო საკუთრების უფლებით აღრიცხულია 2015 წლის 16 ნოემბრიდან. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 3 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო და არამართლზომიერად მოსარგებლეები განთავსდნენ შემდეგ საკადასტრო ერთეულებზე: ი.მ. გ. ბ-ე ს/კ: ..., შენობა №03/1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ 2022 წლის 3 აგვისტოს №90276 სამსახურებრივ ბარათებზე დამატებით გახდა ცნობილი, რომ არამართლზომიერად მოსარგებლეები განთავსებული არიან შემდეგ საკადასტრო ერთეულებზე: ი.მ. გ. ბ-ე ს/კ: ..., შენობა №03/1 (წინა კოდი №5).

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 აგვისტოს №005876121 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ... №12-ის მიმდებარედ საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების №1, №2 და №5-ის წლიური საჯარო ქირის ღირებულება წლების მიხედვით შეადგენდა №5 შენობისათვის (ფართობი 172.44 კვ.მ): 2015 წლისთვის - 1370 ლარს, 2016 წლისთვის - 1430 ლარს, 2017 წლისთვის - 1510 ლარს, 2018 წლისთვის - 1530 ლარს, 2019 წლისთვის - 1700 ლარს, 2020 წლისთვის - 1870 ლარს, 2021 წლისთვის - 1980 ლარს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის, 2021წლის 27 აგვისტოს და 2022 წლის 23 მაისის წერილებით გ. ბ-ეს ეცნობა, რომ ქ. ქუთაისში, ... №12-ის მიმდებარედ (ს/კ:...) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც იგი სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ფიზიკურპირს მოსთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. თუმცა, გ. ბ-ის მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ შესრულებულა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცების ტვირთი განსახილველ დავაში აკისრია მოსარჩელეს, რომელმაც უტყუარად ვერ შეძლო დაედასტურებინა მოპასუხე მხარის მიერ სადავო ქონების მფლობელობის ფაქტი სადავო მთელ პერიოდზე. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც თანხის დაკისრება განისაზღვრა 2021 წლის 22 მაისიდან, ეფუძნება საქმის მასალების სწორ შეფასებას და კანონის მართებულ გამოყენებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დადგენილად იქნა მიჩნეული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხედველობაში არ მიიღო და შეფასების მიღმა დატოვა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები - ადგილზე დათვალიერების აქტი და ფოტოსურათები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... №12-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება ს/კ:... სახელმწიფო საკუთრების უფლებით აღრიცხულია 2015 წლის 16 ნოემბრიდან. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 3 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო და არამართლზომიერად მოსარგებლენი განთავსდნენ შემდეგ საკადასტრო ერთეულებზე: ი.მ. გ. ბ-ე ს/კ: ..., შენობა №03/1 (წინა კოდი №5). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათით დამატებით გახდა ცნობილი, რომ არამართლზომიერად მოსარგებლე ი.მ. გ. ბ-ე განთავსებულია შემდეგ საკადასტრო ერთეულზე: ს/კ: ..., შენობა №03/1 (წინა კოდი №5).

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 აგვისტოს №005876121 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ... №12-ის მიმდებარედ საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების №1, №2 და №5-ის წლიური საჯარო ქირის ღირებულება შენობა №5-ისათვის წლების მიხედვით შეადგენდა შემდეგ ღირებულებას: 2015 წლისთვის - 1370 ლარს, 2016 წლისთვის - 1430 ლარს, 2017 წლისთვის - 1510 ლარს, 2018 წლისთვის - 1530 ლარს, 2019 წლისთვის - 1700 ლარს, 2020 წლისთვის - 1870 ლარს, 2021 წლისთვის - 1980 ლარს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 12 ივლისის, 2021 წლის 27 აგვისტოს და 2022 წლის 23 მაისის წერილებით გ. ბ-ეს ეცნობა, რომ ქ. ქუთაისში, ...ს №12-ის მიმდებარედ (ს/კ:...) მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც იგი სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსთხოვა ფიზიკურ პირს გადაეხადა საფასური სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის გამო მთელი პერიოდისათვის. თუმცა, გ. ბ-ის მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ შესრულებულა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის 1-ელი მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის 36-ე მუხლის 13 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის (მოსარჩელის) სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია არსებობდეს ორი კუმულატიური გარემოება - პირს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ აღნიშნული პირი სახელმწიფო ქონებით სარგებლობს და იყენებს მას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი უძრავი ქონებით არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნით სარგებლობის ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებას სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს გ. ბ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთით (ს.კ. .... შენობა №5) 2015 წლის ნოემბრიდან სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს.

კერძოდ, კასატორი მიუთითებს: სააგენტოს 2021 წლის 7 ივლისის ადგილზე დათვალიერების აქტზე, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 აგვისტოს №21-12/98828 კორესპონდენციაზე, სააგენტოს 2022 წლის 28 აპრილის ადგილზე დათვალიერების ოქმსა და 2021წლის 20 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №005876121 დასკვნაზე, თუმცა დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით 2015 წლიდან გ. ბ-ის მიერ ქონების ფლობის დადასტურებასთან დაკავშირებით, რამეთუ დასახელებული დოკუმენტაცია არ შეიცავს კასატორის მიერ მითითებული ფაქტის დამადასტურებელ ჩანაწერს. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 აგვისტოს №21-12/98828 წერილი ასახავს მხოლოდ 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობას და ვერ ადასტურებს უკანონო სარგებლობის წინა წლებში. ექსპერტიზის დასკვნა განსაზღვრავს მხოლოდ საიჯარო ღირებულებას, თუმცა არ ადასტურებს სარგებლობის დაწყების თარიღს.

ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში არსებული წერილობითი გაფრთხილებები და კორესპონდენციები წარმოადგენს სააგენტოს პოზიციას, მაგრამ არ ქმნის დამოუკიდებელ მტკიცებულებას ობიექტის ფაქტობრივი ფლობის დასადასტურებლად. რაც შეეხება საჯარო რეესტრიდან ამონაწერს, იგი ადასტურებს სახელმწიფოს საკუთრების უფლებას 2015 წლიდან, თუმცა არ ადასტურებს გ. ბ-ის მიერ ქონების ფაქტობრივ ფლობას ამავე პერიოდიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა