დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-335(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-335(კ-26) 10 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ.ბ-ი; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2025 წლის 23 აპრილს პ.ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2025 წლის 24 თებერვლის №67721 გადაწყვეტილების (2025 წლის 26 თებერვლის №SSA 0 25 00216443 მიმართვის), ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2025 წლის 03 აპრილის № SSA 6 25 00377388 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ მოპასუხისთვის 2025 წლის 23 იანვრიდან პ.ბ-ისთვის პენსიის დანიშვნის დავალება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2025 წლის 24 თებერვლის №67721 გადაწყვეტილება (2025 წლის 26 თებერვლის №SSA 0 25 00216443 მიმართვა); ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2025 წლის 03 აპრილის №SSA 6 25 00377388 გადაწყვეტილება; სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალურ სერვის ცენტრს დაევალა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2025 წლის 23 იანვრის განცხადების საფუძველზე, პ.ბ-ისათვის პენსიის დანიშვნის შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალურმა სერვის ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ.ბ-ი დასაქმებული იყო სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში, ...ის პოზიციაზე.

პ.ბ-ს პენსიის გაცემა შეუწყდა 2023 წლის 1 მაისიდან იმის გამო, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ მიწოდებული ინფორმაციით იგი დასაქმებული იყო სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“.

2025 წლის 23 იანვარს პ.ბ-მა განცხადებით მიმართა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალურ სერვისცენტრს, რომლითაც სახელმწიფო გასაცემელის - პენსიის ხელახლა დანიშვნა (განახლება) მოითხოვა.

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2025 წლის 24 თებერვლის №67721 გადაწყვეტილებით პ.ბ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2025 წლის 03 აპრილის №SSA 6 25 00377388 გადაწყვეტილებით პ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილი იყო მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენდა ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, სააგენტო შედგებოდა მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. სააგენტოს დებულებით პირდაპირ განსაზღვრული და გამიჯნული იყო როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია და მიიჩნია, რომ ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენდა, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე.

ამრიგად, სააპელაციო პალატის შეფასებით ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი ექცეოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში, შესაბამისად, მოსარჩელე მუზეუმში დასაქმებული იყო, რის გამოც იგი არ მიიჩნეოდა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირების სპეციალურ კანონს და ეს კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც (გარდა გამონაკლისებისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, სსიპ-ში ეწევა ანაზღაურებად შრომით საქმიანობას. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სუბიექტს; ის დაფუძნებულია სხვადასხვა სსიპ-ების (მათ შორის - ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის) ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. ამდენად, ,,მუზეუმი“ მითითებული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, არ არსებობს დამოუკიდებლად და მისი გამიჯვნა ვერ მოხდება სააგენტოსგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმეზე დადგენილია, რომ პ.ბ-ი დასაქმებული იყო სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში, ...ის პოზიციაზე.

პ.ბ-ის პენსიის გაცემა შეუწყდა 2023 წლის 1 მაისიდან იმის გამო, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ მიწოდებული ინფორმაციით იგი დასაქმებულია სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“.

2025 წლის 23 იანვარს პ.ბ-მა განცხადებით მიმართა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალურ სერვისცენტრს, რომლითაც სახელმწიფო გასაცემელის - პენსიის ხელახლა დანიშვნა (განახლება) მოითხოვა.

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვისცენტრის 2025 წლის 24 თებერვლის №67721 გადაწყვეტილებით პ.ბ-ის უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2025 წლის 03 აპრილის №SSA 6 25 00377388 გადაწყვეტილებით პ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მოცემული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პენსიის მიღებაზე კანონისმიერ შეზღუდვას პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოცემული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საჯარო საქმიანობის ცნებას. მოცემული მუხლის თანახმად, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონმდებელმა დაადგინა საგამონაკლისო დაწესებულებები, რომელში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა. ასეთ ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს მუზეუმში მუშაობა („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4.გ).

საკასაციო სასამართლო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის ფორმის, პროფილის, ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის № 05/05 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. ამდენად, მართალია, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს მხოლოდ მუზეუმს, თუმცა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, რომლის საქმიანობის მიმართულებით, მიზნებით, ფუნქციებითა და ამოცანებით, უდავოდ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს მუზეუმს და მასზე ვრცელდება კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს და იქ დასაქმებული პირი არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ...ის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას. სადავო აქტების უკანონობის პირობებში კი, მოპასუხეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართებულად დაევალა პ.ბ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა განცხადების წარდგენიდან - 2025 წლის 23 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ №ბს-973(კ-24) 15.01.2025 წ. №ბს-15(კ-25) 09.06.2025 წ.).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების რეგიონალური სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

გ. უბილავა