დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-348(კ-26) 25 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 31 მაისს შპს ,,...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი) 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდის პაციენტების: დ. ხ-ის, ა. მ-ის, ა. ც-ას, ნ. მ-ის, ნ. კ-ის, ი. გ-ის, ს. ე-ის, ი. დ-ას, მ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. კ-ის, მ. ხ-ის, თ. გ-ის, ე. ხ-ის, ლ. კ-ის, გ. ო-ის, ე. მ-ის, ე. ჩ-ის, 2023 წლის თებერვლის და მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდის პაციენტების: ა. მ-ას, ე. კ-ის, გ. ა-ის, ი. ლ-ის, ე. კ-ას, მ. დ-ის, დ. გ-ის, ნ. ჯ-ის, ვ. ხ-ას, ა. ჯ-ის, გ. ბ-ის, შ. ჯ-ის, დ. კ-ის, ი. ც-ის, ა. გ-ის, გ. კ-ის, დ. ს-ის, მ. ნ-ის, ნ. მ-ის, ნ. ჩ-ის, ს. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის, გ. ბ-ის, 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშგებო პერიოდის პაციენტების: ნ. წ-ას, გ. გ-ის, ნ. მ-ის, მ. ბ-ისა და გ. ჯ-ის მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 1 მაისის №NHA 9 24 00492650 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზემოაღნიშნული პაციენტების მიმართ პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის სურფაქტანტის ღირებულების ანაზღაურება სრულად 64 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი) 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდის პაციენტების: დ. ხ-ის, ა. მ-ის, ა. ც-ას, ნ. მ-ის, ნ. კ-ის, ი. გ-ის, ს. ე-ის, ი. დ-ას, მ. გ-ის, თ. გ-ის, ნ. კ-ის, მ. ხ-ის, თ. გ-ის, ე. ხ-ის, ლ. კ-ის, გ. ო-ის, ე. მ-ის, ე. ჩ-ის, 2023 წლის თებერვლის და მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდის პაციენტების: ა. მ-ას, ე. კ-ის, გ. ა-ის, ი. ლ-ის, ე. კ-ას, მ. დ-ის, დ. გ-ის, ნ. ჯ-ის, ვ. ხ-ას, ა. ჯ-ის, გ. ბ-ის, შ. ჯ-ის, დ. კ-ის, ი. ც-ის, ა. გ-ის, გ. კ-ის, დ. ს-ის, მ. ნ-ის, ნ. მ-ის, ნ. ჩ-ის, ს. გ-ის, ა. გ-ის, გ. გ-ის, გ. ბ-ის, 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშგებო პერიოდის პაციენტების: ნ. წ-ას, გ. გ-ის, ნ. მ-ის, მ. ბ-ისა და გ. ჯ-ის მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 1 მაისის №NHA 9 24 00492650 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზემოაღნიშნული პაციენტების მიმართ პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის სურფაქტანტის ღირებულების ანაზღაურება სრულად 64 000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტზე, მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, ასევე, დადგენილების დანართი N1.3-ის მე-2 მუხლზე, დანართი N1.14-ზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მითითებულ დადგენილებაში (დანართი N1.14) განხორციელებულ ცვლილებამდე (2023 წლის 14 ნოემბრამდე) ნეონატალურ ასაკში ახალშობილებზე გაწეული გადაუდებელი პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის - სურფაქტანტის თანხები, ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც განსახილველი სამედიცინო შემთხვევები ეხებოდა სწორედ ცვლილებამდე არსებულ პერიოდს, დაუსაბუთებელი იყო მოპასუხე მხარის პოზიცია - DRG სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლის გამო, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო პერიოდისთვის არსებული სამართლებრივი მოწესრიგებიდან გამომდინარე, არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის შპს „...ის“ სასარგებლოდ მოთხოვნილი პაციენტებისთვის გაწეული აუცილებელი პროცედურის ფარგლებში გამოყენებული მედიკამენტ სურფაქტანტის ღირებულების - 64 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ DRG მეთოდით დაფინანსებაში პროგრამული სერვისების ინტეგრირება ხორციელდება ეტაპობრივად. 2023 წლის 14 ნოემბრიდან კი, სამეანო-ნეონატალური სერვისის დაფინანსება სრულად დაექვემდებარა DRG მეთოდს (დადგენილება N440, 14.11.23). ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იქნა კანონის სრული დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტები: დ. ხ-ე, ა. მ-ე, ა. ც-ა, ნ. მ-ე, ნ. კ-ე, ი. გ-ი, ს. ე-ი, ი. დ-ა, მ. გ-ი, თ. გ-ე, ნ. კ-ი, მ. ხ-ი, თ. გ-ი, ე. ხ-ე, ლ. კ-ე, გ. ო-ე, ე. მ-ი, ე. ჩ-ი, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ შპს „...ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: REAN1N-/-II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: P22.0-/ ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05- ZXXD05 გადაუდებელი პროცედურა (სურფაქტანტი). აღნიშნულ შემთხვევებში არ ანაზღაურდა დიაგნოზი: P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურა. დაკორექტირდა პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის - სურფაქტანტის თანხები, კერძოდ: 2022 წლის დეკემბრის თვეში დაფინანსების მიზნით წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის საფუძველზე 9 სამედიცინო შემთხვევა დაკორექტირდა 11 000 ლარით და 2023 წლის იანვრის თვის შესრულებული სამუშაოს დასაფინანსებლად წარდგენილი 9 სამედიცინო შემთხვევიდან თანხა დაკორექტირდა 10 000 ლარით, სულ აუნაზღაურებელმა თანხამ შეადგინა - 21 000 ლარი.
პაციენტები: ა. მ-ა, ე. კ-ის, გ. ა-ე, ი. ლ-ე, ე. კ-ა, მ. დ-ი, დ. გ-ი, ნ. ჯ-ი, ვ. ხ-ა, ა. ჯ-ი, გ. ბ-ე, შ. ჯ-ი, დ. კ-ე, ი. ც-ე, ა. გ-ი, გ. კ-ე, დ. ს-ე, მ. ნ-ე, ნ. მ-ი, ნ. ჩ-ე, ს. გ-ი, ა. გ-ი, გ. გ-ე, გ. ბ-ე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, 2023 წლის თებერვლის და მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ შპს „...ში“, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: REAN1N-/-II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: P22.0-/- ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურა (სურფაქტანტი). არ ანაზღაურდა გამოყენებული მედიკამენტის - სურფაქტანტის ღირებულება. შპს „...ის“ მიერ 2023 წლის თებერვლის თვის პერიოდში შესრულებული სამუშაოს დასაფინანსებლად წარდგენილი შემთხვევიდან თანხა დაკორექტირდა 13 სამედიცინო შემთხვევაზე (21 000 ლარი) და 2023 წლის მარტის თვის საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული სამუშაოს დასაფინანსებლად წარდგენილი შემთხვევიდან თანხა დაკორექტირდა 11 სამედიცინო შემთხვევაზე (14 000 ლარი), სულ - 35 000 ლარი.
პაციენტები: ნ. წ-ა, გ. გ-ი, ნ. მ-ი, მ. ბ-ი, გ. ჯ-ე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ შპს „...ში“, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზი: REAN1N-/-II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი: P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXDO5 - გადაუდებელი პროცედურა (სურფაქტანტი). ამ შემთხვევებში არ ანაზღაურდა გამოყენებული მედიკამენტ - სურფაქტანტის ღირებულება. 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშგებო პერიოდში შესრულებული სამუშაოს დასაფინანსებლად წარდგენილი შემთხვევებიდან თანხა დაკორექტირდა 5 სამედიცინო შემთხვევაზე (8 000 ლარი). ამდენად, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, სულ, გამოყენებული მედიკამენტის - სურფაქტანტის აუნაზღაურებელმა ღირებულებამ შეადგინა 64 000 ლარი.
დადგენილია, რომ 2023 წლის 18 სექტემბერს შპს „...მა“ №1209/1 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გასაჩივრებულ სამედიცინო შემთხვევებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 64 000 ლარის ანაზღაურება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 1 მაისის №NHA 9 24 00492650 გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ზემოაღნიშნული პაციენტების მიმართ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2024 წლის 1 მაისის №NHA 9 24 00492650 გადაწყვეტილების კანონიერებას. ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „...ის“ სასარგებლოდ აღნიშნული პაციენტების მიმართ პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის - სურფაქტანტის ღირებულების სრულად - 64 000 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. თავის მხრივ, აღნიშნული დადგენილების დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტში მითითებულია ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების წესი, მათ შორის მითითებულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, რომელიც ნეონატალურ ასაკში მყოფი პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს (გ.ა1.ბ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „...ში“ 2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეებში რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაბადებული ახალშობილები, რომელთა დაფინანსებასაც მოითხოვდა მოსარჩელე, წარმოადგენდნენ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარებს და მათთვის (სულ 47 პაციენტისთვის) ჩატარებული გადაუდებელი პროცედურისას გამოყენებული მედიკამენტის - სურფაქტანტის ღირებულება შეადგენდა 64 000 ლარს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებას სადავო პაციენტების მიმართ გამოყენებული მედიკამენტის - სურფაქტანტის ღირებულების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა DRG დაფინანსების სისტემაზე გადასვლის გამო.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1.14, რომელიც ითვალისწინებდა შესაბამისი საჭიროების (რესპირატორული დისტრეს სინდრომის) მქონე ნეონატალური ასაკის ბენეფიციარების სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფას, დადგენილებიდან ამოღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის №440 დადგენილების საფუძველზე, სამეანო-ნეონატალური სერვისის DRG მეთოდით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დგინდება და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სამეანო-ნეონატალური სერვისის დაფინანსება DRG მეთოდს სრულად დაექვემდებარა 2023 წლის 14 ნოემბრიდან, მანამდე კი სპეციალური მედიკამენტის ღირებულება ანაზღაურდებოდა ზემოაღნიშნული დანართის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ეტაპობრივად ხორციელდებოდა DRG დაფინანსების სისტემის დანერგვა, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე არსებული სამართლებრივი მოწესრიგება, რამეთუ მხარეებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სადავო პერიოდისთვის DRG სისტემაში არ ყოფილა გაწერილი შესაბამისი საჭიროების (რესპირატორული დისტრეს სინდრომის) მქონე ნეონატალური ასაკის ბენეფიციარებისთვის სპეციფიკური მედიკამენტის დაფინანსების მეთოდოლოგია და აღნიშნული საკითხი მოწესრიგდა მხოლოდ ზემოაღნიშნული ცვლილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ განხორციელებულ ცვლილებამდე (2023 წლის 14 ნოემბრამდე) ნეონატალურ ასაკში ახალშობილებზე გაწეული გადაუდებელი პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის - სურფაქტანტის თანხები, ექვემდებარებოდა სრულად ანაზღაურებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც განსახილველი სამედიცინო შემთხვევები ეხებოდა სწორედ ცვლილებამდე არსებულ პერიოდს, დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია DRG სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლის გამო, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებიდან გამომდინარე, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის ხარჯს (გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება) სრულად ფარავდა სახელმწიფო, თანაგადახდის გარეშე და მითითებული პროგრამის უმთავრეს მიზანსაც სწორედ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო პერიოდისთვის არსებული სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი პაციენტების მიმართ გაწეული აუცილებელი პროცედურის ფარგლებში გამოყენებული მედიკამენტ სურფაქტანტის ღირებულების - 64 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 22 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 200 ლარის 70% - 2 240 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2026 წლის 22 აპრილის N10090 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 200 (სამი ათას ორასი) ლარის 70% - 2 240 (ორი ათას ორას ორმოცი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე