დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.06.2026
საქმის ნომერი
ბს-380(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-380(კ-26) 30 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ზ.გ-ი, დ.გ-ი, თ.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დავის საგანი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება

დავის საგანი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2025 წლის 11 აგვისტოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე - ...ის გზის კმ 0+000- კმ 5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილზე - 162 კვ.მეტრზე.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-...ის საავტომობილო გზის 0+000 კმ 5+537 კმ მონაკვეთის (ლოტი1) სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში - პროექტი). პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „...“ შორის 2022 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N106-22 ხელშეკრულების ფარგლებში (...). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. საჩხერე - ...ის მონაკვეთი იწყება ს/გზა 22-ზე (გომი-საჩხერე- ჭიათურა-ზესტაფონი), საჩხერიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 1.5 კმ-ზე. დაახლოებით 0+600 კმ-მდე საპროექტო გზა ჰორიზონტალური მიმართულებით მიყვება არსებულ გზას, რომელიც 9% ქანობით აღმა მიუყვება. არსებული გზა 3-5 მ სიგანის მოხრეშილი გზაა. აღნიშნული წერტილიდან მარშრუტი იყოფა ორად, არსებული გზის მიმართულებით და მარცხნივ, სახლებსა და სოფელ ...ზე შემოვლითი გზით, აღმოსავლეთის მხრიდან. ამ ნაწილში გამოყენებული ჰორიზონტალური მრუდების რადიუსებია 75 მ-დან 270 მ-მდე. კმ 2+000, მარშრუტი გადის სასაფლაოზე ჩრდილოეთის მხრიდან და კვეთს არსებულ გზას 2+210 კმ-ზე 4 მალიანი ვიადუკით, რომლის საერთო სიგრძე 99 59 მ - ია. შემდეგი 700 მ-იანი მონაკვეთი გადის სახლებს შორის და უერთდება არსებულ გზას დაახლოებით 2+950 კმ-ზე. ამ წერტილიდან მოცემული მონაკვეთის ბოლომდე ახალი გზა უმეტესწილად არსებულ გზას მიყვება. მიწის სამუშაოებისა და საყრდენი ნაგებობების (გაბიონის კედლები) მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, კონკრეტულ ადგილებში გამოყენებულია 45 მ რადიუსის ჰორიზონტალური მრუდები. 3+265,65 კმ-ზე გზა აღწევს მოცემული მონაკვეთისთვის ყველაზე მაღალ წერტილს - 569,11 მ ზღვის დონიდან. დიდ მონაკვეთი სრულდება მდ. ჯრუჭულას ხიდამდე 5+537,252 მ-ზე მონაკვეთის საერთო სიძე 5.537მ-ის საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია. ზემო იმერეთი რაჭის ახალი საავტომობილო გზით (სიგრძე 5 კმ) საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. განმცხადებლის განმარტებით, სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდება ხმაურის დონე და ასევე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების ხარისხი. გზის მონაკვეთის პროექტირების საფუძველს წარმოადგენს ქართული და ევროპული საპროექტო სტანდარტების საუკეთესო საინჟინრო გამოცდილების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მთლიან საპროექტო სასიცოცხლო ციკლს ოპტიმალური სამშენებლო და მოვლა-შენახვის ხარჯებით, გზის და რელიეფის მდგომარეობის მნიშვნელობის გათვალისწინებით. ფუნქციონალური კლასიფიკაციის ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს საპროექტო სიჩქარე, რომლითაც ავტომობილი უსაფრთხოდ მოძრაობს. აღნიშნული სიჩქარე განისაზღვრება გზის კლასის, სატრანსპორტო მოძრაობის სიხშირის და რელიეფის მიხედვით. საპროექტო მარშრუტი აკავშირებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. მარშრუტი გადის რაჭის ქედზე, რაც მდინარეების კრიხულასა და ჯრუჭულას აუზების წყალგამყოფია. მდინარე კრიხულა მდინარე რიონის შენაკადია, ხოლო მდინარე ჯრუჭულა მდინარე ყვირილას შენაკადია. მარშრუტი ხასიათდება რთული ბუნებრივი პირობებით, როგორიც არის გაზაფხულიდან ზაფხულის პერიოდში გამოწვეული წვიმების გამო მდინარე რიონის აუზის დატბორვა, თოვლის და მყინვარის დნობა. გამომდინარე რთული მთიანი ტოპოგრაფიიდან ფერდობების დაქანებით, რომელიც ბევრ ადგილზე 10-12 გრადუსს აღემატება, ეროზია, მეწყრები და ღვარცოფები ხშირი შემთხვევაა ინტენსიური წვიმების შემდგომ პერიოდშიც. ერთი მხრივ, ჰიდროლოგიური თვალსაზრისით და მეორე მხრივ ის ფაქტორები, რომლებსაც გადამწყვეტი გავლენა აქვთ წყალმოვარდნების შემთხვევებზე - წვიმების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გარდა - არის ტოპოგრაფია, ნიადაგის მდგომარეობა და რელიეფის საფარი. დღეის მდგომარეობით, საპროექტო მონაკვეთიდან (კმ 0+000 - კმ 5+537) დარჩენილია 3.52 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველ 5 კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და გაზრდის სოციალურ და ეკონომიკურ აქტივობას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, მოქალაქეების: ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის საკუთრებაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების, 586 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის - 162 კვ.მ-ის გამოსყიდვაზე.

განმცხადებლის განმარტებით, დეპარტამენტმა არაერთი მოლაპარაკება აწარმოა მოქალაქეებთან, საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. მიუხედავად დეპარტამენტის წარმომადგენლების არაერთი ვერბალური მოლაპარაკების მცდელობისა, მოქალაქეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. შეთანხმება ძირითადად ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო. აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მესაკუთრეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, განუმარტა განსახლების გეგმის შესაბამისად მიწის ნაკვეთი გამოსყიდვის პრინციპები, თუმცა თანხმობა ვერ მიიღო. დეპარტამენტმა ამოწურა მედიაციის ყველა რესურსი და დაიწყო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ,,აუცილებელი, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები. განმცხადებელმა აგრეთვე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე - ...ის გზის კმ 0+000- კმ 5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ზ.გ-ის (პ/ნ...), დ.გ-ის (პ/ნ...) და თ.გ-ის (პ/ნ...) (შემდეგში მესაკუთრეები/მოქალაქეები) თანასაკუთრებაში არსებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილზე-162 კვ.მ. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ.გ-იმა, დ.გ-იმა და თ.გ-იმა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე ზ.გ-იმა, დ.გ-იმა და თ.გ-იმა, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევაზე აურის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებით ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის სააპელაციო და კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და ,,აუცილებელი, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ სადავო არ არის, რომ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის

სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-...ის საავტომობილო გზის კმ 0+000 კმ 5+537 მონაკვეთის (ლოტი1) სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში - პროექტი). პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „...“ შორის 2022 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N106-22 ხელშეკრულების ფარგლებში (...). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, მოქალაქეების: ზ.გ-ის, დ.გ-ის და თ.გ-ის (შემდგომში მესაკუთრეები/მოქალაქეები) საკუთრებაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის-162 კვ.მ ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას. დეპარტამენტმა მოქალაქეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, ასევე განემარტათ განსახლების გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები, მიუხედავად ამისა, თანხმობის მიღება ვერ მოხერხდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, პროექტთან დაკავშირებულ ხარვეზებთან მიმართებით და განმარტა, რომ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საჩხერის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია სრული ინფორმაცია (მათ შორის პროექტის განმარტებითი ბარათი, განსახლების გეგმა, პროექტი) და სწორედ აღნიშნულის გამოკვლევის საფუძველზე დააკმაყოფილა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ. რაც შეეხება საექსპროპრიაციო ქონების შეფასებას და საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე ვერ შეთანხმებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ.გ-იმა, დ.გ-იმა და თ.გ-იმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით,სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სპეციალურ კანონს და დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, 17-ე და 19-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულებანი, კერძოდ კი, განსხვავებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებისა, სადაც მთლიანად პროცესი დამოკიდებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოების დროს, სასამართლოსაც შეუძლია გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს დამატებითი სახის მტკიცებულებები, დანიშნოს სასამართლო ექსპერტიზა, თუ საქმე აუცილებელ ცოდნას მოითხოვს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელეს, ანუ განმცხადებელს, მტკიცების მეტი ტვირთი აკისრია, რომელმაც განცხადებას არ დაურთო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი, ისეთ დროს როდესაც საკითხი ეხება პირისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას, სასამართლოს მეტად სათუთად უნდა განეხილა და შეესწავლა საქმის მასალები, რაც გამოიხატება შემდეგში: სარჩელზე დართული სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს რეგიონული განვითარების ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელზე 2025 წლის 13 მარტს გაგზავნილი №2384-2-15 წერილით დგინდება, რომ სადავოდ ქცეული უძრავი ნივთი, ჰიდროლოგიური და რელიეფური თვალსაზრისით განეკუთვნება რთული კატეგორიის ტერიტორიას, რა დროსაც სასამართლოს აუცილებლად თავისი ინიციატივით, საქმეზე უნდა დაენიშნა საინჟინრო-ტექნიკური ხასიათის ექსპერტიზა.

მითითებულ დავაში გარდა, საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხისა, მნიშვნელოვანია ასევე ადამიანთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც შეუფასებელია. როდესაც სახელმწიფო იწყებს გრანდიოზულ პროექტს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ უნდა აწარმოებინოს გეგმა-ნახაზების, პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის საკითხები, უნდა მიმართოს სასამართლო ექსპერტიზას. ამასთან, კასატორის განმარტებით, მათ შესთავაზეს არაგონივრულად მცირე თანხა საკუთრების უფლების დათმობის სანაცვლოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 2 ივლისის №1-1/245 ბრძანებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის საკუთრებაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილზე-162 კვ.მ-ზე.

2024 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ №2-08/15724 წერილით მიმართა ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის, რომლითაც ეცნობათ, რომ დაგეგმილია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-...ის საავტომობილო გზის კმ 0+000 კმ 5+537 მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებული მშენებლობა- რეკონსტრუქციის სამუშაოების განხორციელება. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა მათ თანასაკუთრებაში არსებული 586 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ/...) ნაწილზე 162 კვ.მ-ზე. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით აუცილებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცედურების დასრულება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მესაკუთრეებს: ზ.გ-ის, დ.გ-ის და თ.გ-ის შესთავაზა მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის - 162 კვ.მ-ის სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურება: მიწის ღირებულება - 2170.80 ლარი; საკომპენსაციო თანხა ჯამში შეადგენს - 2 170.80 ლარს. ამავე წერილით მოპასუხეებს ეთხოვათ 5 კალენდარული დღის ვადაში წერილობით ეცნობებინათ გზების დეპარტამენტისათვის მათი პოზიცია შეთავაზებული თანხის მიღების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ასევე, ეცნობათ, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

2025 წლის 28 თებერვლის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ვასილ ბაზაძის მიერ სატელეფონო შეტყობინებით (ოქმით) დადგენილია, რომ ესაუბრა მოქალაქე თ.გ-ის დ.გ-ის და ზ.გ-ის მასზედ, რომ მათ თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილი -162 კვ.მ მოექცა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-...ის საავტომობილო გზის კმ 0+000 კმ 5+537 მონაკვეთზე, დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტის ზემოქმედების ქვეშ. სატელეფონო შეტყობინებით თ.გ-ის კიდევ ერთხელ ეცნობა N2- 08/15724 წერილით შეთავაზებული თანხა. მასვე განემარტა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განსახლებას ახორციელებს შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით და დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მნიშვნელობის და ვადების შესახებ. თ.გ-იმა პირადად თანამესაკუთრეების სახელით საუბრის დროს განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია და განაცხადა, რომ უარს აცხადებს მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გაყიდვაზე და განმარტა, რომ შეთავაზებული თანხა მიუღებელია. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია და უარი განაცხადეს ნაკვეთის ნებაყოფლობით გაყიდვასთან დაკავშირებით. ასევე, ეცნობათ, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს 2025 წლის 5 მარტის N 1963-2 მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე დეპარტამენტის გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, სადაც მიუთითა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში -„დეპარტამენტი“) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-...ის საავტომობილო გზის კმ 0+000 – კმ 5+537 მონაკვეთის (ლოტი 1) რეაბილიტაციის პროექტს (შემდგომში - „პროექტი“). აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით 2018 წლის მარტში მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების (მოქალაქეების) ნაწილთან მიღწეულ იქნა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რაზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. პროექტის განხორციელების პროცესში (საპროექტო გზის ღერძის ცვლილების გამო) საჭირო გახდა დამატებით მცირე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. 2024 წლის 16 აგვისტოს დეპარტამენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში მყოფ საკონსულტაციო კომპანია შპს „...ს“ N2-08/12395 წერილით დაევალა პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული აქტივების აღწერა ინვენტარიზაცია - შეფასების განხორციელება და მონაცემების დეპარტამენტში წარდგენა. პროექტის ზემოქმედების ქვეშ, მიწის ნაკვეთების სხვა მესაკუთრეებთან ერთად მოექცა ზ.გ-ის, დ.გ-ის და თ.გ-ის (შემდგომში მესაკუთრე მოქალაქე) თანასაკუთრებაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 586.21 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილი - 162 კვ.მ, რომლის ნებაყოფლობით გამოსყიდვის თაობაზე, მიუხედავად მრავალჯერადი მოლაპარაკებისა (როგორც წერილობითი ასევე ვერბალური), შეთანხმება ვერ შედგა. მოქალაქეები უარს აცხადებენ დეპარტამენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, ძირითადად, თანხაზე შეუთანხმებლობის გამო. აღნიშნულ მოქალაქეებს 2024 წლის 17 ოქტომბრის N2–18/15724 გაფრთხილების წერილით, ეცნობათ, რომ შეთავაზებული თანხების სანაცვლოდ ნებაყოფლობით ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლების მიზნით, ხოლო 2024 წლის 18 ოქტომბერს დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში განხორციელდა თანამესაკუთრეებთან შეხვედრა, რა დროსაც, მათ დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ასევე, 2025 წლის 28 თებერვალს შედგა მოქალაქე თ.გ-ისთან სატელეფონო საუბარი, სადაც მოქალაქემ პირადად და თანამესაკუთრის სახელით აღნიშნა, რომ მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია და ისინი უარს აცხადებენ ქონების ნებაყოფლობით გაყიდვაზე. ვინაიდან, მესაკუთრეებთან ამოწურულია მედიაციის ყველანაირი საშუალება და შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების დაწყება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე და ითხოვს დაევალოს დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურების განხორციელება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შპზ „...-მა“ დაიანგარიშა ქონების ღირებულება, რომლითაც, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საჩხერე - ...ის საავტომობილო გზის კმ 0.0 -კმ 5,537 (ლოტი1) მონაკვეთის ფარგლებში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის-162 კვ.მ საკომპენსაციო ღირებულება შეადგენს 2170.80 ლარს.

2025 წლის 13 მარტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ №2384-2-15 წერილით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-...ის საავტომობილო გზის კმ 0+000 კმ 5+537 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში პროექტი). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, მოქალაქეების: ზ.გ-ის, დ.გ-ის და თ.გ-ის (შემდგომში მესაკუთრეები/მოქალაქეები) საკუთრებაში არსებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის-162 კვ.მ-ის ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას. დეპარტამენტმა არაერთი მოლაპარაკება აწარმოა მოქალაქეებთან, საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. მიუხედავად დეპარტამენტის წარმომადგენლების არაერთი ვერბალური მოლაპარაკების მცდელობისა, მოქალაქეებთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. შეთანხმება ძირითადად ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო. აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მოქალაქეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, ასევე განემარტათ განსახლების გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები, მიუხედავად ამისა, თანხმობის მიღება ვერ მოხერხდა.

2025 წლის 29 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ №MOI-RD N 2-05/9831 წერილით მიმართა ზ.გ-ის, დ.გ-ის და თ.გ-ის, რომლითაც აცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 02 ივლისის №1-1/245 ბრძანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მათ საკუთრებაში არსებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 586 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილის-162 კვ.მ -ზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის მე-19 მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონით.

საკუთრების უფლება აღიარებულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს უფლება, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით. არ შეიძლება, ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. თუმცა, ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ისეთი კანონები, რომელთაც იგი საჭიროდ თვლის, რათა გააკონტროლოს საკუთრების გამოყენება საერთო ინტერესების შესაბამისად ან უზრუნველყოს გადასახადების, შენატანების ან ჯარიმების გადახდის მოკრება.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა რომ კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს, უნდა არსებობდეს ჩარევისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი, თუმცა შეზღუდვა ამ ორი კრიტერიუმის არსებობის შემთხვევაშიც ვერ ჩაითვლება კონსტიტუციურ-სამართლებრივად, თუ იგი დაარღვევს საკუთრების უფლების არსს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც ამართლებს საკუთრების უფლებაში ჩარევას - როგორც შეზღუდვის, ისე ექსპროპრიაციის ფორმით. საკუთრების უფლების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება. კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით. საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს (იხ. საქმე №ბს-979 (2კ-21), 16/03/2023).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც სახეზეა ჩარევა ქონების შეუფერხებელ გამოყენებაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა ჩარევა კანონიერების პრინციპს. მას შემდეგ, რაც ჩარევის კანონიერება დადგინდება, დგება საკითხი მიღწეული იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის. კომპენსაციის გადახდა, სწორი ბალანსის მიღწევის ელემენტს წარმოადგენს იმ შემთხვევებშიც, როდესაც ადგილი არ აქვს პირდაპირ ჩამორთმევას. სწორედ სამართლიანი ბალანსი მოითხოვს საკუთრების შეუფერხებელი გამოყენების უფლებაში ჩარევის გამო კომპენსაციის გადახდას.

ამრიგად, საკუთრების შეზღუდვა მართლზომიერად რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი. ამავდროულად, უნდა შეფასდეს, უფლებაში ჩარევით ხომ არ მოხდა საკუთრების უფლების არსის დარღვევა. უფლებაში ჩარევის დადგენის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, მიღწეულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი უფლებაში ჩარევასა და ამავე უფლების დაცვას შორის.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან დაცული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს დეტალურ დეფინიციას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობის, სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტის, ჩამოსართმევი ობიექტისა და იმ მესაკუთრის უფლებების თაობაზე, რომელსაც ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

მოცემულ სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობასთან დაკავშირებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-...ის საავტომობილო გზის 0+000 კმ 5+537 კმ მონაკვეთის (ლოტი1) სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის, ვინაიდან ავტომაგისტრალი წარმოადგენს არსებით სოციალურ-ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც, ასევე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი აგებულია ზოგად მსჯელობებზე, ხოლო მხარეს, ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, რაც ასკ-ის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც საექსპროპრიაციო ქონების შეფასებას და საკომპენსაციო თანხის ოდენობას ეხება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.გ-ის, დ.გ-ისა და თ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე