დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-402(კ-26) 7 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ხ-ი
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 31 დეკემბერს ნ.ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, გორში, ...ის (...ის) ჩიხში არსებული, ... პირობითი საკადასტრო კოდით მონიშნული, თვითნებურად დაკავებული 1828.01 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ.ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, მისი განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 24 მაისს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, გორში, ...ის (...ის) ჩიხში არსებულ 1828.01 კვ.მ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ნ.ხ-ის, თავდაპირველად, უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ნაკვეთის ახლოს ჩამოედინებოდა მდინარე თორთლა და ნაკვეთი ექცეოდა წყალდაცვით ზოლში, ხოლო მოგვიანებით, სარეგისტრაციო წარმოების განახლების პირობებში, მდინარესთან ნაკვეთის სიახლოვე არ დადგინდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სადავო მიწა სრულად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა, მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მასზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით ნ.ხ-ის სარჩელი, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა გორში, ...ის (...ის) ჩიხში არსებული, ... პირობითი საკადასტრო კოდით მონიშნული, თვითნებურად დაკავებული 1828.01 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ.ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - სახნავის ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთის კატეგორიისაა, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტები სადავო მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებადად მიჩნევის თაობაზე ვერ გახდება კონკრეტული მიწის ნაკვეთის დანიშნულების განმსაზღვრელი უტყუარი მტკიცებულებები.
გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებული სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნ.ხ-ის განაცხადით იდენტიფიცირებული მიწის არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწად მიჩნევის ბუნდოვანებაზე, რამეთუ სახელმწიფოს სახელზე არსებული რეგისტრაცია უკვე მიუთითებდა სასოფლო-სამეურნეო კატეგორიაზე და სარეგისტრაციო მიწა სრულად ექცეოდა ამ კატეგორიის ქვეშ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქალაქ გორში მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმიც ადასტურებს სადავო ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 10 დეკემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება. გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არის, ასევე, მასზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა და არც ნ.ხ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 22 მაისს ნ.ხ-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ 1828.01 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია მოითხოვა (ნაკვეთის პირობითი ს/კ ...).
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიციას, კერძოდ, თვითნებურად დაკავებულია ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 378 მუხლის 1-ელი პუნქტი ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების გამორიცხვის წინაპირობებს. დასახელებული ნორმის „ე.ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, თუ სააგენტოში დაცული ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულების დადგენის პირობებშია შესაძლებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების რომელი მოწესრიგება იქნება გამოყენებული; კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიისაა, მოქმედებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ის იმპერატიული დანაწესი, რომელიც უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობას აუცილებლად მიიჩნევს. ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო კატეგორიისაა, იმოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 375 მუხლის მე-4 პუნქტის ის ჩანაწერი, რომელიც თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე შენობა-ნაგებობის არსებობას სავალდებულოდ არ მოითხოვს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, მიუთითოს მიწის ნაკვეთების კანონმდებლობით განსაზღვრულ დეფინიციებზე მათი კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) კატეგორიის მიწის ნაკვეთი ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არის მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. ამასთან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწა, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარეგისტრაციო ტერიტორია სრულად ექცევა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრებში, ხოლო თავად სახელმწიფოს სახელზე არსებული რეგისტრაცია (ს/კ...) განხორციელებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ამდენად, გაუგებარია, რატომ იქნა მიჩნეული ნ.ხ-ის განაცხადით იდენტიფიცირებული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიის მიწის ნაკვეთად მაშინ, როდესაც სახელმწიფოს სახელზე არსებული რეგისტრაცია უკვე უთითებდა სასოფლო-სამეურნეო კატეგორიაზე და ამასთან, სარეგისტრაციო მიწა სრულად ექცეოდა ამ კატეგორიის ქვეშ. ასევე საგულისხმოა, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგების მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა მიწის ნაკვეთზე სამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახის სახით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ნოემბრის №... სადავო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მიწა არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სახელმწიფოს საკუთრების უფლებით უკვე განხორციელებული რეგისტრაცია, რომლითაც ნაკვეთი იდენტიფიცირებულია როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, არ იძლევა აღნიშნული ჩანაწერის თვითნებური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და სათანადო ადმინისტრაციული წარმოების გარეშე საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის მოქმედება გამორიცხავს კატეგორიის შეცვლის მიზნებისათვის არსებული სამართლებრივი მოცემულობის განსხვავებულ განმარტებას, რაც მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მიმართვის პერიოდში მიწის ნაკვეთის კატეგორია უკვე განსაზღვრული იყო და არ არსებობდა ამ საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ასევე საყურადღებოა, რომ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დაუდგენლობა არ გამხდარა ნ.ხ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მეტიც, წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს 1970-იანი წლებიდან დღემდე მიწის ნაკვეთის ნ.ხ-ის მიერ ფლობის ფაქტი.
ამრიგად, განმცხადებლის მიერ უძრავი ნივთის ფლობის ფაქტის არასადავოობისა და უძრავ ქონებაზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსის განსაზღვრის მართებულობის გამორიცხვის პირობებში, სწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისათვის გორში, ...ის (...ის) ჩიხში არსებული, ... პირობითი საკადასტრო კოდით მონიშნული, თვითნებურად დაკავებული 1828.01 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ.ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე