დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.06.2026
საქმის ნომერი
ბს-832(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-832 (კ-25) 18 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,...ი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,...მა” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამედიცინო ცენტრი“) სარჩელი წარადგინა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო") მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 26.11.2020 წლის N10/3210 და 11.02.2021 წლის №10/974 გადაწყვეტილებები, მოპასუხეს დაევალოს პაციენტ - ნ. ძ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, 629 ლარის ანაზღაურება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 09.12.2020 წლის №10/3557 და 24.02.2021 წლის №10/1539 გადაწყვეტილებები, მოპასუხეს დაევალოს პაციენტების: თ. ბ-ისთვის, მ. ჭ-ისთვის, ა. გ-ისთვის, ლ. ხ-ისთვის, მ. თ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, 2596.25 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.2024 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 26.11.2020 წლის N10/3210 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ”, ასევე - სააგენტოს 11.02.2021 წლის №10/974 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მოპასუხეს დაევალა პაციენტ ნ. ძ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, 629 ლარის ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 09.12.2020 წლის №10/3557 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ”, ასევე - სააგენტოს 24.02.2021 წლის №10/1539 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, დაევალა მოპასუხეს პაციენტების - თ. ბ-ისთვის, მ. ჭ-ისთვის, ა. გ-ისთვის, ლ. ხ-ისთვის, მ. თ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, 2596.25 ლარის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტა შემდეგი:

4.1. პაციენტები - ნ. ძ-ა, თ. ბ-ე, მ. ჭ-ე, ა. გ-ი, ლ. ხ-ე და მ. თ-ე წარმოადგენდნენ პროგრამით მოსარგებლე პირებს. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

4.2. სააგენტოს 26.11.2020 წლის №10/3210 გადაწყვეტილების თანახმად, ნ. ძ-ა ჰოსპიტალიზებული იყო ა(ა)იპ „...ში" 29.07.2020-დან 14.08.2020-მდე, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უტარდებოდა I დონის ინტენსიური მკურნალობა დიაგნოზებით: არასტაბილური სტენოკარდია, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა, 03.08.2020-ში ჩატარებული აქვს აგრეთვე კორონარული ანგიოპლასტიკა 1 სტენტით. პაციენტი 14.08.2020 17:00 საათზე გაეწერა ზემოაღნიშნული კლინიკიდან გამოსავლით - სტაბილიზაცია, ხოლო 15.08.2020 01:40-ზე ახლობლების მიერ თვითდინებით მიყვანილ იქნა მოსარჩელე სამედიცინო ცენტრში, სადაც 19.08.2020-მდე უტარდებოდა მკურნალობა თერაპიული კოდით, დიაგნოზით - I50 - გულის უკმარისობა. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ ადგილი ჰქონდა პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე დიაგნოზით და შემთხვევა არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებს. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №3592005795 ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი -„არ ექვემდებარება ანაზღაურებას" საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.3. პაციენტ ნ. ძ-ასთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი დასაბუთებულია რეჰოსპიტალიზაციაზე მითითებით, იმ არგუმენტით, რომ არ არსებობდა პაციენტის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების 24.05.2024 წლის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტის ჩივილიდან, ობიექტური მონაცემებიდან და ანამნეზიდან გამომდინარე, დიაგნოზი დასმულია სწორად; კოდები მინიჭებულია სწორად ICD 10 კლასიფიკატორის მიხედვით; პაციენტისთვის მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციები ჩატარებულია ადექვატურად, თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით; პაციენტის ჩივილის, ანამნეზის, ობიექტური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მონაცემების მიხედვით აუცილებელი იყო გადაუდებელი სტაციონარული დახმარება. დასკვნა ეყრდნობა სამედიცინო ცენტრის მიერ წარდგენილ, პაციენტ ნ. ძ-ას სამედიცინო ბარათში მითითებულ მონაცემებს. სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორე მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაცემულია დასკვნა, რომლის მიხედვითაც პაციენტ ნ. ძ-ას დიაგნოზი დაესვა სწორად და მისი მკურნალობა განხორციელდა სწორად. მოცემული არგუმენტის საპირწონედ მოპასუხეს არ წარმოუდგენია სათანადო დასაბუთებული შედავება, რაც სასამართლოს განხსვავებული დასკვნის გაკეთების საფუძველს მისცემდა. ამრიგად, სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის პაციენტ - ნ. ძ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების საფუძველი.

4.4. საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. №36 დადგენილების დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დროს პაციენტები, ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. საქმეში წარმოდგენილი კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) მიხედვით, გულის მწვავე უკმარისობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და როგორც წესი, სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს (ტ.1, ს.ფ. 85-89). დადგენილია, რომ პაციენტ ნ. ძ-ას აქვს გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის უკმარისობა, ექოსკოპიურად დიაგნოსტირებული აქვს აორტის სარქვლის მძიმე სტენოზი და ზომიერი ტრიკუსპიდული ნაკლოვანება, დაქვეითებული განდევნის ფრაქცია EF-40%, პულმონური ჰიპერტენზია (PAP-51მმჰგ), ორმხრივი ჰიდროთორაქსი (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №11918 ცნობა (ს.ფ. 29-31). ამასთან, შემთხვევა სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდი: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, I50 - გულის უკმარისობა. იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის I დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობის ჩატარება და დიაგნოზი, დაუსაბუთებელია მოპასუხის აპელირება გადაუდებელი რესჰოსპიტალიზაციის საჭიროების არარსებობაზე.

4.5. პაციენტები: მ. ჭ-ე (შ/ნ ...), თ. ბ-ე (შ/ნ ...), მ. თ-ე (შ/ნ ...), 2020 წლის ივლისის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სამედიცინო ცენტრში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევები წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900012, I20.0- არასტაბილური სტენოკარდია, ჩარევა: ZYZA - სტაციონარი. პაციენტები: ა. გ-ი (შ/ნ ...) და ლ. ხ-ე (შ/ნ ...) 2020 წლის ივლისის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სამედიცინო ცენტრში. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევები წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: T900012, I20.0 - არასტაბილური სტენოკარდია, ჩარევა: ZYZA - სტაციონარი. CAR1, I20- I25-/- გულის იშემიური ავადმყოფობა, ჩარევა: FNDC1A -გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია. ინსპექტირების ეტაპზე შესწავლილ იქნა წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია და მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნულ პროგრამულ კოდზე არ იქნა გამოყენებული შესაბამისი მედიკამენტოზური საშუალებები, რაც გამოიწვევდა სტენოკარდიის მოხსნას (პაციენტები მ. ჭ-ე, თ. ბ-ე). ჩატარებული მკურნალობა შეესაბამებოდა გეგმიურ მომსახურებას და პაციენტი გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას არ საჭიროებდა (პაციენტები ა. გ-ი, ლ. ხ-ე). შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს: №..., №..., №..., №... და №... განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.6. სადავო აქტის შინაარსი ცხადყოფს, რომ სამედიცინო შემთხვევათა ანაზღაურებაზე უარი დასაბუთებულია იმ არგუმენტზე მითითებით, რომ არ ჩატარებულა სტენოკარდიის მოხსნის მიზნით სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე გაწეულია გეგმიური მომსახურება და არა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და პირველი დონის ინტენსიური მოვლა გაეწევა ისეთ პაციენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ ჩარევას, შემდგომი ლეტალური გამოსავლის ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით. სადავო აქტში ასახული არგუმენტების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების 24.05.2024 წლის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ: პაციენტის ჩივილიდან, ობიექტური მონაცემებიდან და ანამნეზიდან გამომდინარე დიაგნოზი დასმულია სწორად; კოდები მინიჭებულია სწორად ICD 10 კლასიფიკატორის მიხედვით; პაციენტისთვის მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციები ჩატარებულია ადექვატურად, თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით; პაციენტი კლინიკაში შესულია ტკივილით მკერდის ძვლის უკან და ჰაერის უკმარისობით ანამნეზში - გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული ანგიოპლასტიკა, იშემიური კარდიოპათია, არტერიული ჰიპერტენზია. წინაგულების ფიბრილაციის პერმანენტული ფორმა ტ2 შაქრიანი დიაბეტი. ყოველივე ამის გამო აუცილებელი იყო გადაუდებელი სტაციონარული დახმარება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი ეყრდნობა სამედიცინო ცენტრის მიერ წარდგენილ ა. გ-ის სამედიცინო ბარათში მითითებულ მონაცემებს. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია რაიმე სარწმუნო მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო შემთხვევებში გაწეული მომსახურება არ შეესაბამებოდა არსებულ დიაგნოზსა და ანამნეზს. მოცემულ პაციენტებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მათ მიმართ არ დასტურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნტის საფუძვლით შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობები. სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები და მოპასუხეს სწორად დაეკისრა თ. ბ-ისთვის, მ. ჭ-ისთვის, ა. გ-ისთვის, ლ. ხ-ისთვის, მ. თ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონიერება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

10. ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აწესრიგებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

11. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებით დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“(შემდეგში „სახელმწიფო პროგრამა“). სადავო აქტებში სააგენტომ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე” ქვეპუნქტი (ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) (ტ.1, ს.ფ. 22; 23-25; 38-39; 274-276).

12. პაციენტ ნ. ძ-ას შემთხვევაში უარი სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე დაფუძნებულია მასზე, რომ მოხდა მისი რეჰოსპიტალიზაცია, ასევე, არ დგინდებოდა პაციენტის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება. სადავო აქტებში ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლება რეჰოსპიტალიზაციაზე მითითებით, ამასთან, იგი არათუ არ იკვლევს, არც მიუთითებს იმ გარემოებებზე და შესაბამის მტკიცებულებებზე, რაც სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად სადავო შემთხვევის არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობით განპირობებულ რეჰოსპიტალიზაციად მიჩნევისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სახელმწიფო პროგრამის 22-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის განმეორებითი მიმართვის ფაქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს უკვე გაწეული მომსახურების არაჯეროვნად/არასრულად მიჩნევის, მკურნალობის ორი ეპიზოდის ერთ შემთხვევად ჩათვლისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს (შდრ. სუსგ Nბს-658(კ-23), 20.11.2024წ.). რაც შეეხება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ პაციენტ ნ. ძ-ას აქვს გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის უკმარისობა, ექოსკოპიურად დიაგნოსტირებული აქვს აორტის სარქვლის მძიმე სტენოზი და ზომიერი ტრიკუსპიდული ნაკლოვანება, ორმხრივი ჰიდროთორაქსი (ტ.1, ს.ფ. 29-31). საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების 24.05.2024 წლის დასკვნით, პაციენტის ჩივილიდან, ობიექტური მონაცემებიდან და ანამნეზიდან გამომდინარე დიაგნოზი დასმულია სწორად; კოდები მინიჭებულია სწორად ICD 10 კლასიფიკატორის მიხედვით; პაციენტისთვის მედიკამენტური მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციები ჩატარებულია ადეკვატურად, თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით; პაციენტის ჩივილის, ანამნეზის, ობიექტური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მონაცემების მიხედვით აუცილებელი იყო გადაუდებელი სტაციონარული დახმარება (ტ.1, 218). შემთხვევა სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, პროგრამული კოდი: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, I50 - გულის უკმარისობა (ტ.1, ს.ფ. 26). იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის პირველი დონის ინტენსიური მოვლა/მკურნალობის ჩატარება და დიაგნოზი, მართებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის აპელირება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების არარსებობაზე. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად, ბათილად ცნო სადავო აქტები და მოპასუხეს დაავალა პაციენტ ნ. ძ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

13. დადგენილია, რომ პაციენტები: მ. ჭ-ე (შ/ნ ...), თ. ბ-ე (შ/ნ ...), მ. თ-ე (შ/ნ ...), 2020 წლის ივლისის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სამედიცინო ცენტრში. მიმწოდებლის მიერ პროგრამის ფარგლებში შემთხვევები წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: T900012, I20.0- არასტაბილური სტენოკარდია, ჩარევა: ZYZA - სტაციონარი. პაციენტები: ა. გ-ი (შ/ნ ...) და ლ. ხ-ე (შ/ნ ...) 2020 წლის ივლისის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდნენ სამედიცინო ცენტრში. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევები წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: T900012, I20.0 - არასტაბილური სტენოკარდია, ჩარევა: ZYZA - სტაციონარი. CAR1, I20- I25-/- გულის იშემიური ავადმყოფობა, ჩარევა: FNDC1A -გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია (იხ. სააგენტოს 24.02.2021 წლის გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 274-276). აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში, სააგენტო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს, რომ არ იქნა გამოყენებული შესაბამისი მედიკამენტოზური საშუალებები, რაც გამოიწვევდა სტენოკარდიის მოხსნას, პაციენტები გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას არ საჭიროებდნენ.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროგრამის მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს და სამედიცინო მომსახურების უხარისხობისა და მიზანშეუწონლობის საბაბით უარი უთხრა მოსარჩელეს ხარჯების ანაზღაურებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. რაც გულისხმობს იმას, რომ ექიმი პაციენტის ანამნეზის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პირადად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს (სუსგ Nბს-774(კ-20), 14.04.2022 წ.; სუსგ Nბს-654(კ-20), 03.05.2022წ.).

15. სახელმწიფო პროგრამის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო შემთხვევებში გაწეული მომსახურება არ შეესაბამებოდა არსებულ დიაგნოზსა და ანამნეზს. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ პაციენტების ჩივილიდან, ობიექტური მონაცემებიდან და ანამნეზიდან გამომდინარე უცილებელი იყო გადაუდებელი სტაციონარული დახმარება. დადგენილია, რომ პაციენტების: მ. ჭ-ის, თ. ბ-ის, მ. თ-ის, ა. გ-ისა და ლ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისას საჭიროებდა გადაუდებელი მომსახურების კომპონენტით მკურნალობას, რაც გაეწია კიდეც სამედიცინო ცენტრის მიერ და შემთხვევა დაფიქსირდა შესაბამისი პროგრამული კოდით. სადავო აქტებში დასაბუთებული არ არის, თუ რის საფუძველზე არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად პაციენტისათვის გადაუდებელი მომსახურების გაწევის საჭიროება, მით უფრო იმ პირობებში, რომ სადავო არ არის პაციენტებისთვის დასმული დიაგნოზი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კასატორი ვერ ასაბუთს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას (შდრ. სუსგ Nბს-810(კ-20), 14.04.2022წ.). მართებულია სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.2025 წლის განჩინება.

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ: 200294519) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #20156, გადახდის თარიღი 12.08.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე