დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-975(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მესამე პირები ნ.დ-ა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ქ-ამ 2023 წლის 20 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულების ბათილად ცნობა ა.ქ-ას ნაწილში, 2009 წლის 18 თებერვლის პრივატიზაციის-ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ა.ქ-ას ნაწილში (ხელშეკრულების 2.2. და 2.4. პუნქტები).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ნ.დ-ა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ქ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა.ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.დ-ა და მისი შვილი ა.ქ-ა, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოებული აღრიცხვით, N... საოჯახო ნომრით დარეგისტრირდნენ მისამართზე - თბილისი, ..., ...ას გამზირი, კორპუსი N... 2013 წელს შევსებული დევნილის ანკეტების მიხედვით, ნ.დ-ას და ა.ქ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია - თბილისი, ..., ...ას გამზირი, კორპუსი N.... პალატის მითითებით, აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების დადების დროისთვის ნ.დ-ა და ა.ქ-ა ერთ ოჯახს წარმოადგენდნენ, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფომ განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზების საშუალებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ მოცემულობას ამყარებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ფართის გადაცემის დროისთვის იყო არასრულწლოვანი, რომლის საცხოვრებელ ადგილს სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა დედის ნ.დ-ას საცხოვრებელი, რომელსაც მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან გადაეცა უძრავი ქონება და ჩაითვალა საცხოვრებლით უზრუნველყოფილად. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელე არ უარყოფდა ფართის გადაცემის ფაქტის თაობაზე ინფორმირებულობას. მართალია, იმ დროისთვის მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო, თუმცა მას ჰყავდა კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე შეეძლო წარმოედგინა არასრულწლოვანის ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე მესამე პირებთან ურთიერთობაში. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტის და ხელშეკრულების ადრესატს სწორედ მოსარჩელის მშობელი წარმოადგენდა, რომლისთვისც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ განკარგულების დანართში მითითებული იყო ა.ქ-ა და ხელშეკრულება, რომელზეც ხელი მოაწერა შეიცავდა მავალდებულებელ პუნქტებს მის არასრულწლოვან შვილთან მიმართებაში, რაც მომავალში ართმევდა დღევანდელ მოსარჩელეს უფლებას სახელმწიფოსგან მოეთხოვა უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ ა.ქ-ას დედას კანონით მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება მისი შვილის კანონიერი ინტერესების დასაცავად ედავა სასამართლოში, თუმცა მასე ეს არ განუხორციელებია, რაც უთანაბრდება იმ მოცემულობას, რომ უშუალოდ უფლებადარღვეულ პირს არ მოუხდენია უფლების რეალიზება კანონით დადგენილ ვადებში.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა - 3 წელი. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ეხება უძრავ ქონებას, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე საკუთრებაში გადაეცა ა.ქ-ას ოჯახს. პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია როგორც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ისე სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადაც, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.
მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის დადასტურებისა, სააპელაციო პალატამ დამატებით იმსჯელა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხების მხრიდან ადგილი ჰქონდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოსარჩელის ოჯახის წევრისთვის გადაცემას, რასაც არ იზიარებს მოსარჩელე და თვლის, რომ არ მომხდარა მისი ინფორმირება, რითაც დაირღვა მისი ადმინისტრაციული უფლებები და ყურადღებას ამახვილებს ზოგადი კოდექსის 67-ე მუხლზე, რომლის თამახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში მითითებულ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება. ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ როდესაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას მესამე პირთა მიმართ აქვს შემზღუდველი ხასიათი, მისი ძალაში შესვლა და ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის ინფორმირებასა და მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე წერილობითი თანხმობის წარდგენაზე, თუმცა აღნიშნული თანხმობა და ინფორმირებულობა მაშინ არის აუცილებელი, როდესაც პირს მისი ნების გამოხატვა შეუძლია შეუზღუდავად, რაც წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამ დრომდე, შეზღუდულქმედუნარიან პირს წარმოადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც განსახილველი საქმის შემთხვევაში არის მოსარჩელის დედა, რომელთანაც დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და ის, როგორც მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესების წარმომდგენი საქმის კურსში იყო იმ შეზღუდვების თაობაზე, რაზედაც მიუთითებს მოსარჩელე. ამდენად, სახეზეა იმგვარი გარემოება, რომ მოსარჩელე მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით ინფორმირებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თაობაზე, რაც ქმნის როგორც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის წინაპირობას, ისე სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების კანონიერების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხეთა მხრიდან კანონით დადგენილი მოთხოვნათა დაუცველობა, რაც განაპირობებდა სადავო აქტების ბათილად ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ქ-ას მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან ხელმოწერით დაადასტურა დევნილად ხელახლა რეგისტრაციის ფაქტი და არა სახელმწიფოს მიერ მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა. კასატორის მითითებით, ბუნდოვანია და არ დგინდება კონკრეტული ქონების მახასიათებლები ანკეტის მე-13 პუნქტის დაუსრულებელ ჩანაწერში - „სახელმწიფომ გადმოგცათ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში“. კასატორი ა.ქ-ა თვლის, რომ სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს ხანდაზმულობის ვადის დაწყების პერიოდი, რადგან 2013 წლის დევნილ პირთა რეგისტრაცია მიზნად ისახავდა დევნილი პირის იდენტიფიცირებას, დევნილად ყოფნის ფაქტის გადამოწმებას, რა დროსაც რეგისტრაციის გასავლელად დევნილს მოეთხოვებოდა დევნილის და პირადობის მოწმობის წარდგენა. ამასთანავე, რეგისტრაცია ტარდებოდა არა დევნილთა განსახლების ობიექტებში, არამედ რეგისტრაციისთვის გამოყოფილ საჯარო დაწესებულებებში. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი რეგისტრირებული იყო დედის მისამართზე, რომლის საკუთრებაში გადაცემა არასოდეს მოუთხოვია. ამასთან, ვინაიდან კომისიას არ გააჩნდა პრივატიზაციის ხელშეკრულება და პრეზიდენტის განკარგულება, კასატორის მითითებით, იგი მოკლებული იყო ზემოაღნიშნულის გაცნობის შესაძლებლობას. კასატორი აგრეთვე არ იზიარებს იმ დადგენილ გარემოებას, რომ ა.ქ-ა ცხოვრობდა დედასთან ერთად და აღნიშნავს, რომ იგი ცხოვრობდა ბებია-ბაბუასთან ...ში, რადგან თბილისის მისამართზე არსებული არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო, არასრულწლოვნის ცხოვრება შეუძლებელი იყო. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა აგრეთვე არასრულწლოვნის უპირატეს ინტერესებზე, მაშინ, როდესაც, ერთი ოთახი გადაეცა ა.ქ-ას დედას ნ.დ-ას. საკასაციო საჩივარში ხაზგასმულია, რომ კასატორის დედა არ იყო ინფორმირებული იმ პირობების შესახებ, რომ მისი შვილი მომავალში ვერ მოითხოვდა საცხოვრებელ ფართს. აღნიშნულის შესახებ მან მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც დევნილთა სააგენტომ უარი განაცხადა ა.ქ-ას აპლიკაციის შევსებაზე მისი საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილების გამო. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმეები: N3ბ/1054-19, N3ბ/559-14), სადაც ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის და პრივატიზების ხელშეკრულებები, პრეზიდენტის განკარგულება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საქმეებზე სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ განმარტებებზე, რომ შეფასება უნდა მიეცეს, გადაცემული ფართი რამდენად აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრებლის მინიმალურ სტანდარტებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება 1 ეგზემპლარად იყო დაბეჭდილი, მეორე მხარეს არ გადასცემია, ასევე, ამ ხელშეკრულებას არ ერთვის ა.ქ-ას თანხმობა, ხოლო ნ.დ-ას ხელმოწერა არ წარმოადგენს ა.ქ-ას ნების გამოხატვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ქ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა.ქ-ა, დედასთან ნ.დ-ასთან ერთად არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულებით, 2009 წლის 18 თებერვლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ.დ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, თბილისში, ...ის გამზირი N...-ში მდებარე ...-ს მე-... სართულზე არსებული 12 კვ.მ. ფართი ერთ ოთახად გადაეცათ ა.ქ-ას და ნ.დ-ას. დასახელებული ხელშეკრულების 2.2 და 2.5 პუნქტებით ნ.დ-ას მისთვის გადაცემული ქონებით ა.ქ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა, ხოლო 2.4 პუნქტში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
დადგენილია აგრეთვე, რომ დედა-შვილი რეგისტრირებულია N... საოჯახო ნომრით მისამართზე - თბილისი, ..., ...ას გამზირი, კორპუსი N.... 2013 წელს შევსებული დევნილის ანკეტების მიხედვით, ნ.დ-ას და ა.ქ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია სწორედ ზემოაღნიშნული მისამართი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 29 ოქტომბრის წერილით ა.ქ-ას იმავე წლის N56065 განცხადების პასუხად განემარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის განკარგულების საფუძველზე იგი დაკმაყოფილებულია თბილისში, ...ის გამზირი N...-ში მდებარე ...-ს მე-... სართულზე არსებული საცხოვრებელი ფართით, რის გამოც, აღარ არსებობდა სხვა საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 24 თებერვლის წერილით ა.ქ-ას იმავე წლის N160073 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის განკარგულების საფუძველზე იგი დაკმაყოფილებულია თბილისში, ...ის გამზირი N...-ში მდებარე ...-ს მე-... სართულზე არსებული საცხოვრებელი ფართით, რის გამოც, მის მიერ შევსებული განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა 0 ქულით.
მოცემულ საქმეზე, პირველ რიგში, შესაფასებელია სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით (სუსგ 25.03.2021 წ. №ბს-1322(კ-19)). ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის მიზანია, უმთავრესად, სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობა და პირის უფლებების დროულად განხორციელების უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი და დაადგინეს, რომ კასატორის მიერ გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება არა მხოლოდ იმ მომენტს, როდესაც პირმა რეალურად „შეიტყო“, არამედ იმ დროსაც, როდესაც მას ობიექტურად „უნდა შეეტყო“ თავისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული იყო დედასთან ერთად პრივატიზაციის საფუძველზე გადაცემულ ფართში და წლების განმავლობაში სარგებლობდა დევნილის სტატუსით ამავე საოჯახო ნომრის ფარგლებში, ადა...რებს, რომ მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა დაინტერესებულიყო საკუთარი საცხოვრებელი პირობებითა და სამართლებრივი სტატუსით, მით უფრო, მაშინ, როდესაც 2013 წლის 15 ნოემბრის დევნილის ანკეტაში იგი ხელმოწერით ადასტურებს სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემულ ფართში ცხოვრების ფაქტს. დევნილის ანკეტის მე-13 პუნქტში მითითებული ჩანაწერი - „13. ამჟამად ცხოვრობთ თქვენს საკუთრებაში არსებულ სახლში/ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გადმოგცათ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში“ - ადასტურებს, რომ სრულწლოვანების მიღწევის პერიოდში მოსარჩელისთვის უკვე ცნობილი იყო (ან უნდა ყოფილიყო) ფაქტი იმის შესახებ, რომ იგი საცხოვრებლით უზრუნველყოფილად მიიჩნეოდა. რაც შეეხება უფრო ადრეულ პერიოდს, სადავო ხელშეკრულების დადებისას მის ინტერესებს, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, გამოხატავდა დედა ნ.დ-ა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი პირის ინტერესებს მესამე პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი). ნებისმიერი უფლება ან შეზღუდვა, რომელიც ხელშეკრულებით არასრულწლოვან შვილს დაეკისრა, კანონიერი წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადებისთანავე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებულობა სამართლებრივად უთანაბრდება თავად მოთხოვნის უფლების მქონე პირის ინფორმირებულობას, ვინაიდან სწორედ მშობლის მოვალეობაა ბავშვის ინტერესების დროული დაცვა და სასამართლოსათვის მიმართვა. ამდენად, 2023 წლამდე (სარჩელის შეტანამდე) გასული პერიოდი მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერ კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადას.
ამდენად, კასატორის მიერ მითითებული არგუმენტაცია არ ქმნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრეტენზიის გაზიარების საფუძველს და საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოთხოვნის წარმოშობის მომენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებს და თვლის, რომ ა.ქ-ას მოთხოვნა ხანდაზმულია.
მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის ხანდაზმულობა დამოუკიდებლად წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, არსებითად შეაფასოს კასატორის პრეტენზია მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილების რაიმე დამატებითი ვალდებულების არსებობასთან, ასევე მისი, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მესამე პირის ინფორმირებულობისა და ნების გამოვლენის სამართლებრივ მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის N62 განკარგულებით, 2009 წლის 18 თებერვლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ.დ-ას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, ა.ქ-ამ დედასთან ერთად საკუთრებაში მიიღო საცხოვრებელი ფართი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილთა განსახლების მიზნებისთვის „დევნილი ოჯახი“ განიხილება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ. „ლ“ ქვ.პ.). ამდენად, დადგენილია, რომ ქონების გადაცემის მომენტში კასატორი იყო არასრულწლოვანი და მისი საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული იყო მშობლის საცხოვრებელი ადგილით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. მითითებული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი შემთხვევების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ ა.ქ-ა, მისი არასრულწლოვანებიდან გამომდინარე, ფორმალურად წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ „მესამე პირს“, არ ქმნის მისი დედისგან ნ.დ-ასგან დამოუკიდებელ სუბიექტად მიჩნევის საფუძველს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მესამე პირთა მიმართ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შემზღუდველი ხასიათის არსებობის პირობებში, ამ პირის თანხმობა და ინფორმირებულობა მაშინ არის აუცილებელი, როდესაც პირს მისი ნების გამოხატვა შეუძლია შეუზღუდავად - სრულწლოვანების მიღწევისთანავე. მანამდე, შეზღუდულქმედუნარიან პირს წარმოადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი - განსახილველ შემთხვევაში - მოსარჩელის დედა. კანონიერი წარმომადგენელი კი აღჭურვილია უფლებამოსილებით, გამოხატოს არასრულწლოვნის ნება და დაიცვას მისი ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამდენად, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე კანონიერი წარმომადგენლის (ა.ქ-ას დედის) ინფორმირებულობა ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, სამომავლოდ საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის შეზღუდვის თაობაზე და ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ავტომატურად გულისხმობს მესამე პირის (შვილის - ა.ქ-ას) ინფორმირებულობასა და ხელშეკრულების პირობებზე თანხმობასაც. მოცემულ საქმეზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) მიღება თავის მხრივ ადასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ოჯახმა (მათ შორის, ა.ქ-ამ) დაადასტურა, რომ აღნიშნული ფართით მათი საცხოვრებლის საჭიროება დაკმაყოფილდა, ხოლო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, განმეორებით უზრუნველყოს საცხოვრებლით ის პირი, რომელმაც ერთხელ უკვე ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით და მიიღო უძრავი ქონება საკუთრებაში. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ქ-ა წარმოადგენს საცხოვრებლით უზრუნველყოფილ პირს, რის გამოც სახელმწიფოს მის მიმართ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე რაიმე სახის დამატებითი ვალდებულება აღარ გააჩნია. აღნიშნული გარემოება კი, ხანდაზმულობის ფაქტთან ერთობლიობაში, ადარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნების მართებულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე