არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 20.05.2026
საქმის ნომერი
ბს-224(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-224(კს-26) 20 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - დ.კ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ში მდებარე 2550 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაარეგისტრიროს მოსარჩელის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტო ჩაება საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებების მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. სასამართლოში მესამე პირების მარტივი მოწვევის წინაპირობაა ის, რომ სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება შესაძლებელია შეეხოს მოწვეული მესამე პირის სამართლებრივ ინტერესებს. საკმარისია, მესამე პირის მოწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ან/და ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

საქმეში მონაწილე მესამე პირის საპროცესო-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა სწორედ ჩაბმის ფორმას უკავშირდება, გამომდინარე იქიდან, რომ მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირს თავად არ აქვს ბერკეტი, გაასაჩივროს განჩინება მისი მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ, სწორედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, ასეთი მესამე პირის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ მისი სტატუსი საქმეში, არამედ ასევე შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მესამე პირის მარტივი ფორმით ჩაბმის საფუძვლიანობაც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის სტატუსის შეცვლისათვის შესაბამისი საფუძვლების დადგენის შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი და, ამასთანავე, ვალდებულიცაა, თავადვე განუსაზღვროს მას სავალდებულო ფორმით ჩასაბმელი მესამე პირის სტატუსი და შესაბამისად, მიანიჭოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ ქონების მართვის სააგენტო საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩასაბმელ მესამე პირს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით. დავის საგნის გათვალისწინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც არ შეუძლია გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტო ჩართულ იქნა მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, თუმცა მას არ ჰქონდა განჩინების გასაჩივრების უფლება. განსახილველ საქმეზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა/დგინდება, რომ დ.კ-ის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 აგვისტოს №... და 2023 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები შეეხება უძრავ ქონების რეგისტრაციაზე უარს, რომელიც ზედდებაშია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ს/კ...). ერთ შემთხვევაში სახეზეა №... გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სოფელ ... ში 2550 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში - №... გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 2550 კვ.მ-ის მის საკუთრებად რეგისტრაციას (აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის მიზანს) და ქვედა ინსტანციების სასამართლოების განმარტებით, მუნიციპალიტეტი (მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენელი სსიპ ქონების მართვის სააგენტო) დავაში უნდა მონაწილებდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული სრულად შეუსაბამოა საპროცესო კანონმდებლობასთან, რადგანაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაცია უბრალოდ შემხებლობას კი არ გამოიწვევს მუნიციპალიტეტის ინტერესებთან (16.1), არამედ გამოიწვევს 2550 კვ.მ მიწის ნაკვეთის მისი საკუთრების უფლებიდან ამორიცხვას და ზიანის მიყენებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი/სააგენტო წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილეს და უნდა შეეძლოს კანონიერი ინტერესების დაცვა საქმეში, რათა უკანონოდ და დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს მისი უფლება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება შუსაბამოა უზენაესი სასამართლოს განმარტებებთან, ასევე დაუსაბუთებლად ზღუდავს მუნიციპალიტეტის უფლებებს/ინტერესებს, რადგანაც, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (... ) 2550 კვ.მ მიწის საკუთრებად რეგისტრაციას და მუნიციპალიტეტს არ ეძლევა საქმეზე სათანადო წარმომადგენლობის/გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს მესამე პირის სტატუსი და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთა მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას, ხოლო ამგვარ დათქმას მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირებთან მიმართებით (სასკ-ის 16.1 მუხლი) საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. ზემოხსენებული დანაწესი ცხადყოფს, რომ მარტივი ფორმით საქმეში ჩაბმული მესამე პირი მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ მისი სტატუსის განსაზღვრის კანონიერება და გასაჩივრების გზით მოითხოვოს სტატუსის შეცვლა სავალდებულო (აუცილებელი) ფორმით ჩასაბმელ მესამე პირად. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში მონაწილე მესამე პირის საპროცესო-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა სწორედ ჩაბმის ფორმას უკავშირდება, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მარტივი ფორმით ჩაბმულ მესამე პირს თავად არ აქვს ბერკეტი, გაასაჩივროს განჩინება მისი მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ, სწორედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, ასეთი მესამე პირის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ მისი სტატუსი საქმეში, არამედ ასევე შეამოწმოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული მესამე პირის მარტივი ფორმით ჩაბმის მართლზომიერებაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის სტატუსის შეცვლისათვის შესაბამისი საფუძვლების დადგენის შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი და, ამასთანავე, ვალდებულიცაა, თავადვე განუსაზღვროს მას სავალდებულო ფორმით ჩასაბმელი მესამე პირის სტატუსი და, შესაბამისად, მიანიჭოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ.კ-იმა მიმართა №... განცხადებით სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ... ში მდებარე 2550 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №... განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, მითითებული განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი ქმნიდა ზედდებას №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთთან, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით. 2022 წლის 22 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ.კ-მა №... განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარუდგინა №69 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, 1992 წლის 6 ოქტომბერს მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარე ნ.ლ-იმა და ამავე კომისიის წევრებმა - ლ.ჯ-იმა, ვ.მ-იმა და დ.ჩ-იმა ა.კ-ის გადასცეს ...ის უბანში მდებარე 0.10 და 0.035 ჰა მიწის ნაკვეთები, ასევე, ...ში მდებარე 0.255 ჰა მიწის ნაკვეთი და ...ში მდებარე 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემებისა და მასზე დატანილი გეგმის მიხედვით კი, ...ში მდებარე 0.255 ჰა მიწის ნაკვეთს დასავლეთით და სამხრეთი ესაზღვრებოდა გზა, ხოლო აღმოსავლეთით - ლ-ის მიწის ნაკვეთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილების თანახმად, განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად დასადგენი იყო დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა და შესაბამისი ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 28 თებერვლის №... წერილით ...ს რაიონის გამგეობიდან გამოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის №... გადაწყვეტილების თანახმად კი, სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 „ა“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 2023 წლის 10 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 „ზ“ პუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოსგან არ იქნა წარდგენილი დოკუმენტი/ინფორმაცია სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის წინაპირობები, რაც განაპირობებდა საქმეზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის აუცილებლობას, კერძოდ, იგი არ არის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი საპროცესო სტატუსის შეცვლის წინაპირობა. ამდენად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საპროცესო სტატუსი დავის არსიდან გამომდინარე, სწორად იქნა დადგენილი.

იმ პირობებში, როდესაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საპროცესო სტატუსი სწორად არის დადგენილი და ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირს ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და იგი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა