დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 04.06.2026
საქმის ნომერი
ბს-377(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-377(კს-26) 4 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. ბ-ეის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია).

ი. ბ-ეემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ი. ბ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2021 წლის 14 დეკემბრის №დ-12.142134815 დადგენილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ი. ბ-ეის სარჩელი, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ბ-ეის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ი. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. ბ-ეის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებით ი. ბ-ეეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150). კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს - ი. ბ-ეეს გაეგზავნა, რომელიც არ ჩაბარდა. აღნიშნული განჩინების ასლი განმეორებით იქნა მხარისთვის გაგზავნილი, რომელიც 2026 წლის 8 მაისს მოსარჩელის მამას - გ. ბ-ეს ჩაჰბარდა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის მამას 2026 წლის 8 მაისს ჩაჰბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2026 წლის 9 მაისიდან დაიწყო და 2026 წლის 18 მაისს, 24:00 საათზე ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. ბ-ეის კერძო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, მე-60, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი. ბ-ეის კერძო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა