დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 15.05.2026
საქმის ნომერი
ბს-460(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-460(კს-26) 15 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

შეამოწმა კავშირი „ი...ს“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მესამე პირი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).

კავშირი „ი...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 მაისის №05/11193, 2019 წლის 18 მარტის №04/1884 და 2019 წლის 7 ივნისის №04/4008 წერილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩაერთო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 8 ივლისს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და თავმჯდომარემ შ. ჯ-ამ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 მაისის №05/11193 აქტის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით კავშირი „ი...ს“ თავმჯდომარე შ. ჯ-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კავშირი „ი...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 21 იანვარს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც საქმეში მესამე პირად საქართველოს კოლტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩაბმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა კავშირი „ი...ს“ მიერ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კავშირი ,,ი...ს“ საქმეზე (3/4654-19) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 მაისის №05/11193, 2019 წლის 18 მარტის №04/1884 და 2019 წლის 7 ივნისის №04/4008 წერილების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით კავშირი „ი...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2026 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით კავშირი „ი...ს“ წარმომადგენლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელიც განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილი გააწყვეტილება ემყარება არასწორ ინფორმაციას, რადგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 მაისის №05/11193 წერილთან მიმართებაში, გასაჩივრების ერთ თვიანი ვადა დარღვეული არ ყოფილა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შესაბამისი საჩივრები წარდგენილი იქნა, როგორც კი, ავლაბრის სტამბა-მუზეუმის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის გადაცემის შესახებ გახდა ცნობილი. წინა ინსტანციის სასამართლოების მიერ უკანონო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გვერდის ავლით კი, სისხლის სამართლის დანაშაულის შესაბამისი ქმედება არის ჩადენილი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კავშირი „ი...ს“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ კავშირი „ი...ს“ წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც, კავშირი ,,ი...ს’’ საქმეზე (3/4654-19) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 მაისის №05/11193, 2019 წლის 18 მარტის №04/1884 და 2019 წლის 7 ივნისის №04/4008 წერილების ბათილად ცნობის თაობაზე - შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით კავშირი „ი...ს“ წარმომადგენლის განცხადება 2025 წლის 9 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებას, რომლის გასაჩივრებაც დაუშვებელია, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებული მსჯელობის შედეგია და გამომდინარეობს კერძო საჩივარზე მიღებული განჩინებიდან.

ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინება მიღებულია კერძო საჩივრის ფარგლებში, რომელიც საბოლოოა და სსსკ-ის 419.3 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ საჩივრდება, აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინებაც არ ექვემდებარება გასაჩივრებას, რის გამოც აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2026 წლის 16 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 414-ე, 419, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს კავშირი „ი...ს“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო;

2. კავშირი „ი...ს“ დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 27.04.2026წ. №173329869 საგადახდო დავალებით ვ. ტ-ას (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა