დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 04.06.2026
საქმის ნომერი
ბს-502(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-502(კს-26) 4 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ. ჭ-ეის წარმომადგენელი შ. ძ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 21 ნოემბერს მ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 7 ივნისის №001044 დადგენილება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 22 აგვისტოს №729 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მ. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ვინაიდან პალატის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აპელანტის მხრიდან დარჩვეულ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ.

წარმოდგენილ კერძო საჩივარში მ. ჭ-ეის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება არ ჩაბარებია; მისი ვარაუდით, ზემოაღნიშნული დოკუმენტები ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე ნაქირავებ ფართში მყოფ პირს, რომელსაც პირადად მისთვის არაფერი არ გადაუცია.

ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა პალატისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ეის წარმომადგენლის შ. ძ-ეის (მინდობილობა გაცემულია ვადით 10.06.2030წ. სფ. 148) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა მ. ჭ-ეის წარმომადგენელს - შ. ძ-ეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ს ...-ში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი 2026 წლის 28 იანვარს ზემოაღნიშნულ მისამართზე ჩაიბარა ადვოკატმა გ. კ-ემ (ს.ფ. 207). შესაბამისად, კერძო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 2026 წლის 29 იანვარს დაიწყო და 2026 წლის 9 თებერვალს (ორშაბათი) ამოიწურა, მ. ჭ-ეის წარმომადგენელმა შ. ძ-ემ კი კერძო საჩივარი წარადგინა 2026 წლის 18 მაისს (ს.ფ. 213) ანუ განჩინების გასაჩივრებისთვის იმპერატიულად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. ჭ-ეის წარმომადგენლის შ. ძ-ეის განმარტება, რომ გზავნილი არასათანადო პირმა ჩიაბარა მტკიცებულებით ვერ იქნა გამყარებული. დადგენილია, რომ გზავნილი ჩაბარდა ადვოკატს, რომელიც სხვა ადვოკატებთან ერთად იკავებდა აღნიშნულ ფართს. დადგენილია, ასევე, რომ გზავნილი ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის მ. ჭ-ეის წარმომადგენლის, ადვოკატ შ. ძ-ეის, მიერ მითითებულ მისამართზე. ამასთან, საგულისხმოა, რომ ადვოკატმა გ. კ-ემ ჩაიბარა გზავნილი ადვოკატ შ. ძ-ეისათვის გადასაცემად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ეის წარმომადგენლის შ. ძ-ეის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით, საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ჭ-ეის წარმომადგენლის შ. ძ-ეის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა