გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.04.2006
საქმის ნომერი
ას-1018-1293-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1018-1293-05 27 აპრილი, 2006 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: საცხოვრებელ ფართზე მფლობელობის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ძის მიმართ საცხოვრებელ ფართზე მფლობელობის აღდგენისა და ბინაში შესახლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: 1992 წლიდან ი. ს-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხის შვილთან _ დ. ს-ძესთან. დაქორწინების შემდეგ მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ.ქუთაისში, ... მდებარე, გ. ს-ძის კუთვნილ სახლში. 2002წ. აგვისტოში დ.ს-ძე გარდაიცვალა, რის შემდეგ მოპასუხემ ი. ს-ძე მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბინიდან იძულებით გამოასახლა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: დ. და ი. ს-ძეები ჯერ კიდევ დ.ს-ძის ცხოვრებაშივე განქორწინდნენ. მოსარჩელე მათი ოჯახის წევრად აღარ ითვლებოდა. მას გ.ს-ძის ოჯახის შექმნაში და სადავო ბინის შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია, მხარეთა შორის კონფლიქტის გამო მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. ს-ძეს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად აღუდგა ქ.ქუთაისში, ... არსებულ ფართზე მფლობელობა, რაც გ. ს-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ი.ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა გ. ს-ძე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ამყარებდა რა თავის მოთხოვნას მის მიერ სადავო ფართზე მფლობელობის მოპოვების ფაქტზე, სკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთზე სათანადო უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ვერ წარადგინა, ხოლო სადავო უფლების დადგენა სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მხოლოდ ზემოხსენებული სახის მტკიცებულებით შეიძლებოდა. სასამართლომ ი.ს-ძის მფლობელობის დამადასტურებლად არ ჩათვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 მარტის განაჩენი გ. ს-ძის მიმართ ი. ს-ძისა და მისი მცირეწლოვანი შვილებისათვის თვითნებურად ფართით სარგებლობის უფლების აღკვეთისა და მათი ნივთების გატანის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული განაჩენი რაიმე სამოქალაქო-სამართლებრივ უფლებას ი. ს-ძის მიმართ არ ადგენს. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 170-ე მუხლით და ი.ს-ძის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ი. ს-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, პალატამ არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ ის, რომ ი.ს-ძე წარმოადგენდა სადავო ბინის კეთილსინდისიერ მფლობელს, მისი მფლობელობა რეგისტრირებული იყო საბინაო წიგნში ჩანაწერით, თუმცა რეესტრში ოჯახის დამოუკიდებელ წევრად რეგისტრირებული არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 155-ე და 159-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლოს სკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრის მიერ მფლობელისათვის დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენის თაობაზე არ უმსჯელია. პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ.ს-ძემ კასატორი სახლიდან უკანონოდ გამოაგდო, რის გამოც მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სასამართლომ იხელმძღვანელა რა სკ-ის 170-ე მუხლით, არ გაითვალისწინა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მესაკუთრის უფლებები გარკვეულწილად შეზღუდულია და იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ფართი ესაჭიროება საკუთარი ინტერესებისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამასთან, სადავო ფართის მესაკუთრე გ.ს-ძეს კასატორის ბინიდან გამოსახლება არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, მფლობელობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის გამო, ი.ს-ძე ფართის მფლობელად ვერ ჩაითვლებოდა და არ გაითვალისწინა, რომ მფლობელობა წარმოიშვება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, ვინაიდან საქმის გარემოებები კანონის მოთხოვნათა დაცვით არ არის დადგენილი და გამორკვეული, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს გ. ს-ძის საკუთრებას. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე მფლობელობის აღდგენას ი. ს-ძე ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც გ.ს-ძის აწ გარდაცვლილ შვილთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, საცხოვრებელ სახლზე მფლობელობის უფლება მოპოვებული ჰქონდა.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოსმიერფაქტობრივგარემოებათაარასრულად გამოკვლევის თაობაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაშიმიუთითაქუთაისისსაქალაქოსასამართლოს 2004წლის22მარტისგანაჩენზე, რომლითაც გ. ს-ძეს მსჯავრი დაედო თვითნებობისათვის, რაც გამოიხატა იმაში, რომ ი.ს-ძისა და მისი მცირეწლოვანი შვილების ნივთები ოჯახიდან გაიტანა თვითნებურად და მათ უკანონოდ აღუკვეთა საცხოვრებელი ფართითა და ქონებით სარგებლობის უფლება. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული განაჩენი რაიმე სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობას ი.ს-ძის მიმართ არ ადგენს.

სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამიწ. განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი მფლობელობის მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. ამდენად, აღნიშნული ნორმა იცავს რა მფლობელს მფლობელობის ძალადობის გზით ჩამორთმევისაგან, მფლობელობის უფლება ნივთზე შესაძლოა ნებისმიერ დროს შეწყდეს, მაგრამ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, ხოლო ამავე კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, ძალადობის გზით საკუთარი უფლების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. დასახელებულ ნორმათა დანაწესები უნდა გავრცელდეს მესაკუთრისა და მფლობელის ურთიერთობებზე და პირს, რომელიც თუნდაც დავის წარმოშობის დროს წარმოადგენს არაუფლებამოსილ მფლობელს, არ შეიძლება მფლობელობა ჩამოერთვას თვითნებურად ძალადობის გამოყენებით.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, იყო თუ არა ი. ს-ძე სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელი, წარუდგინა თუ არა მესაკუთრემ ი.ს-ძეს დასაბუთებული პრეტენზია ფართის გამონთავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი წესით და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ს-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.