გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1057-1330-04 5 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 3 ოქტომბერს გ. კ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჟ.-ის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 21 აპრილს მოპასუხემ მისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-ის, 250 აშშ დოლარის გადახდის პირობით. სესხის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით, თუმცა, გ. კ.-ის განმარტებით, მასში პროცენტის ოდენობა გათვალისწინებული არ ყოფილა. მოსარჩელემ მიუთითა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც თ. ჟ.-მ აღიარა, რომ ვალის ოდენობა 7000 აშშ დოლარს შეადგენდა. მოსარჩელემ მოითხოვა სესხის დაბრუნება, რომელიც სარჩელის შეტანის დროისათვის 8000 აშშ დოლარს შეადგენდა.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ 2001წ. 21 აპრილს მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო 5000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება, თუმცა 2500 აშშ დოლარი მან მოსარჩელეს უკვე დაუბრუნა. თ. ჟ.-მ აღნიშნა, რომ მას გადასახდელი დარჩა მხოლოდ 2500 აშშ დოლარი, ხოლო, რაც შეეხება მის მიერ 7000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების აღიარებას, აღნიშნული არასწორია, რადგან მითითებული ხელშეკრულებით გ. კ.-ე თ. ჟ.-ის საწარმოში დებდა 7000 აშშ დოლარს, რის სანაცვლოდაც უნდა შესულიყო შპს “მ.-ის” პარტნიორად 55%-იანი წილით, თუმცა საწარმო გაკოტრდა და მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობა არ შედგა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 5 მარტის სხდომაზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენელ ა. კ.-ის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ, რის გამოც ა. კ.-მ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და მხარესთან ერთად სხდომის დარბაზი დატოვა. სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შუმადგომლობა, იხელმძღვანელა სსკ-ის 230-ე, 232-ე მუხლებით და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გრ.კ.-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ზემოხსენებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. კ.-მ და მიუთითა, რომ აღნიშნული სასამართლო სხდომიდან მისი წარმომადგენელი ა. კ.-ე გავიდა, ვინაიდან ცუდად გრძნობდა თავს. მოსამართლემ კი მოსარჩელეს განუმარტა, რომ ასეთ პირობებში გამოტანილ იქნებოდა მისი საზიანო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გ. კ.-მ ითხოვა დრო წარმომადგენლის დასაბრუნებლად და თავადაც დატოვა დარბაზი მხოლოდ ამ მიზნით. კოლეგიამ კი აღნიშნული ფაქტი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმად მიიჩნია. ამდენად, გრ.კ.-ე გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ დაეთანხმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 19 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინება გრ.კ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2004წ. 5 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოტივირებული საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არ დაკმაყოფლდა. ამავე ოქმით დადასტურებულია, რომ მოსამართლის აცილების საკითხის დაუკმაყოფილებლობით განაწყენებულმა მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს საქმის განხილვში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ მათ განუმარტათ, რომ სსკ-ის 232-ე მუხლის თანახმად, მათი ქმედება ჩაითვლებოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობად და საქმეში მონაწილე მეორე მხარეს შეეძლო ეშუამდგომლა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მათ დატოვეს სხდომის დარბაზი. პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში გ. კ.-მ და ა. კ.-მ კვლავ დაადასტურეს პირველი ინსტანციის მიერ დაფიქსირებული ყველა გარემოება, მათ შორის სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვების ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 232-ე მუხლსა და 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 102-ე მუხლით და განმარტა, რომ აპელანტმა გ. კ.-მ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რომლებზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა 2004წ. 19 აპრილის განჩინების გაუქმება.
სააპელაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება გ. კ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა განმარტა, რომ 2004წ. 5 მარტის სასამართლო სხდომაზე მის წარმომადგენელსა და საქმის განმხილველ მოსამართლეს შორის შედგა კამათი ამავე წლის 2 მარტის თ.ჟ.-ის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების, მოსარჩელის აზრით, უკანონოდ გაუქმების თაობაზე, რის გამოც ა. კ.-მ უნდობლობა გამოუცხადა მოსამართლეს და იშუმადგომლა მისი აცილების შესახებ, ხოლო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ განაწყენებულმა დატოვა დარბაზი. კასატორის განმარტებით, მას იურიდიული განათლება არ აქვს, ამდენად, პროცესზე წარმომადგენლის გარეშე თავისი კანონიერი ინტერესების დაცვას ვერ შეძლებდა, რის გამოც კოლეგიას სთხოვა მისი წარმომადგენლის სხდომაზე დაბრუნებისათვის დრო მიეცა და სწორედ ამ მიზნით დატოვა პროცესი. კასატორის აზრით, მოსამართლემ ისარგებლა აღნიშნული გარემოებით და არასწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 232-ე მუხლით, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გრ.კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის მითითებით, სასამართლოს ამავე კოდექსის 216-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა უნდა გადაედო და მოსარჩელისათვის თავისი ინტერესების დაცვის საშუალება უნდა მიეცა. გ. კ.-მ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია ზემოხსენებულ გარემოებათა გაუთვალისწინებლად. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, 19 აპრილის განჩინებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განჩინების გაუქმება, მისი სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამავე მუხლის მესამე ნაწილით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო ნორმები, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ,მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიიღო რა გ. კ.-ის სარჩელი წარმოებაში, მოპასუხემ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების ეტაპზე სსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით წარადგინა წერილობითი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, მოპასუხე თ. ჟ.-მა აღიარა, რომ მოსარჩელე გ. კ.-ისაგან სესხად მიიღო 5000 აშშ დოლარი, დაუბრუნა მას 2500 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 2500 აშშ დოლარი, რის გამოც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 5 მარტის სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა, იხელმძღვანელა სსკ-ის 230-ე, 232-ე მუხლებით და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელი მოპასუხისათვის 8000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 19 აპრილის და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განჩინებით.
სსკ-ის 132-ე მუხლით დადგენილია რა აღიარების, როგორც მტკიცებულების წერილობითი ან ზეპირი ფორმა, ფაქტის აღიარების შესახებ მხარეს შეუძლია ჩამოაყალიბოს თავის შესაგებელში საქმის წინასწარი განხილვისათვის მომზადების დროს. აღიარება ნამდვილია, თუ იგი გამოხატავს ამღიარებლის თავისუფალ ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ დამტკიცდება ნების არარსებობა, აღიარება გაქარწყლდება. ამავე კოდექსის 133-ე მუხლით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. ამდენად, აღიარების გაქარწყლება დასაშვებია, თუ დაცული იქნება მითითებული ნორმით განსაზღვრული პირობები და მისი უარყოფა დადასტურებულ იქნება სასამართლო გადაწყვეტილებით.
ამასთან, საქმის მომზადების ეტაპზე (მოსამზადებელ სხდომაზე ან მანამდე) მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას საპროცესო კანონმდებლობა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს. სსკ-ის 208-ე მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უნდა შეეფასებინა გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებები. იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხე ცნობს სარჩელს მთლიანად თუ ნაწილობრივ, სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს სარჩელი მთლიანად ან იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამოუცხადებელი მოსარჩელის საწინააღმდეგოდ იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ აღიარა სარჩელი, არ შეესაბამება კანონს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გრ.კ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.