გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.03.2006
საქმის ნომერი
ას-1118-1364-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1118-1364-05 20 მარტი, 2006 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. და კ. ბ-იებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს «ს. ე-ის» მიმართ თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1969-71 წლებიდან მოსარჩელეები მუშაობდნენ ე-აში. თ. ბ-იას ეკავა სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო კ. ბ-იას _ თბილისის ფილიალის მთავარი ინჟინრის თანამდებობები. 2004 წლის აპრილში შეტყობინებით ისინი გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. 2004 წლის 11 აპრილს შპს «ს. ე-ის“ კადრების აღმასრულებელი დირექტორის _ ი.დ-ეს ხელმოწერილი შეტყობინებით მათ ეცნობათ, რომ განთავისუფლების შესახებ გაფრთხილება იყო შეცდომა. იმავე წლის 18 აპრილს მოსარჩელეებს კვლავ შეატყობინეს ფილიალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შესაძლო განთავისუფლების თაობაზე, ხოლო მაისში მათ ეცნობათ, რომ 2004 წლის 23 აპრილს ¹33 ბრძანების შესაბამისად მიღებული ¹11 ცირკულარის მიხედვით, ფილიალების ლიკვიდაციის გამო, ისინი თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან. 2004 წლის 4 მაისის ¹12 ცირკულარით დადგინდა 1 ივლისიდან ფილიალების სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ძველი თანამშრომლების სამუშაოზე უვადო კონტრაქტებით სამსახურში მიღება. მოსარჩელეები კი შპს „ს. ე-ის“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 30 ივნისის ¹101\კ და ¹131\კ ბრძანებებით დათხოვნილ იქნენ სამუშაოდან, რითაც ადმინისტრაციამ უხეშად დაარღვია შპს „ს. ე-ასა“ და საქართველოს დარგობრივ პროფკავშირებს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულების მოთხოვნები. მოსარჩელეებმა მიუთითეს, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად მუშა-მოსამსახურის განთავისუფლება ხდება ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის დროს, სადავო შემთხვევაში კი შპს „ს. ე-აში“ მოხდა სტრუქტურული ცვლილებები და არა ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, მათ ჰქონდათ სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. მხარის განმარტებით, მათ ორჯერ შეიტანეს განაცხადი 2004 წლის მარტსა და აპრილში ე-აში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ისინი არავის გამოუძახია. თ. და კ. ბ-იებმა მოითხოვეს შპს „ს. ე-ის“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 30 ივნისის ¹131\კ და ¹101\კ ბრძანებების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: შპს „ს. ე-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობისა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების მმართველი დირექტორის 2004 წლის 23 აპრილს ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა ე-ის თბილისის ფილიალი, სადაც მოსარჩელეები მუშაობდნენ, ამიტომ მოსარჩელეები გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციას შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა არ დაურღვევია, დაცულ იქნა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნა სადავო შრომითი ხელშეკრულების მოშლაზე პროფკავშირისაგან თანხმობის მიღების შესახებ. მოსარჩელეთა განთავისუფლებისას შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები არ დარღვეულა, ვინაიდან სასამართლომ მოახდინა თბილისის ფილიალის ლიკვიდაცია და ამორიცხა იგი სამეწარმეო რეესტრიდან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაცულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები. შპს-ში განხორციელდა რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია მისი ფილიალების ლიკვიდაცია, რაც საფუძვლად დაედო მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. და კ. ბ-იების სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. ე-ის“ გენერალური დირექტორის სადავო ბრძანებები გაუქმდა, თ.ბ-ია აღდგენილ იქნა შპს „ს. ე-ის“ თბილისის ფილიალის სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო კ. ბ-ია _ შპს „ს. ე-ის“ თბილისის ფილიალის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეთათვის მათი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს. ე-ამ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს „ს. ე-ის“ გენერალური დირექტორის 2004 წლის 30 ივნისის ¹131\კ და ¹101\კ ბრძანებები, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა თ. და კ. ბ-იების სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღურების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. და კ. ბ-იები მუშაობდნენ შპს „ს. ე-ის“ თბილისის ფილიალში; თ. ბ-ია _ სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო კ. ბ-ია _ მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. თავდაპირველად _ 2004 წლის 29 აპრილს, ხოლო განმეორებით 18 მაისს თ. ბ-ია გაფრთხილებულ იქნა თბილისის ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 2004 წლის 1 ივლისიდან სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ანალოგიურად 2004 წლის 27 აპრილს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კ. ბ-იაც გააფრთხილეს. ე-ის ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 2004 წლის 30 ივლისის ¹101\კ ბრძანებით თ. ბ-ია, ხოლო ¹131\კ ბრძანებით კ. ბ-ია დათხოვნილ იქნენ თანამდებობიდან. პალატამ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ფილიალის ლიკვიდაციის მოტივით მუშაკთა სამსახურიდან უპირობო დათხოვნა მოქმედ შრომის კანონთა კოდექსის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ა“ პუნქტში საუბარია მთლიანი საწარმოს და არა მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის _ ფილიალის ლიკვიდაციაზე, ხოლო საწარმოს ფილიალების ლიკვიდაციის შემთხვევაში, მით უფრო, როდესაც ამ ფილიალების ფუნქციების განხორციელება გააგრძელეს ე.წ. რეგიონებმა, საწარმოში ჩატარდა რეორგანიზაცია სტრუქტურული ცვლილებების სახით, რასაც, მხარეთა განცხადებით, მოჰყვა მუშაკთა რიცხვის შემცირებაც. პალატამ მიიჩნია, რომ თავისთავად რეორგანიზაცია, შტატების ან რიცხოვნობის შემცირების გარეშე, არ წარმოადგენს მუშაკების გათავისუფლების პირობას, ხოლო შემცირებისას მუშაკთა გათავისუფლება უნდა მოხდეს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილი წესების დაცვით, რას მოცემულ შემთხვევებში არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ახლად შექმნილ თბილისის რეგიონში დარჩა სადისპეტჩერო, სადაც 8 მუშაკის ნაცვლად ამჟამად მუშაობს 7. აღნიშნული სასამართლო სხდომაზე აპელანტმაც დაადასტურა. მითითებულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ იმ სტრუქტურაში, რომელშიც თ. ბ-ია მუშაობდა, შემცირდა მუშაკთა რიცხვი, ყველა მუშაკის დაკავებული თანამდებობებიდან უპირობოდ გათავისუფლდა და შემდგომ ხელახლა დაინიშნენ, რაც დაუშვებელი იყო. იგივე დაასკვნა სასამართლომ კ. ბ-იას სამსახურიდან განთავისუფლებაზეც. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის „ა“ პუნქტი, როდესაც მოსარჩელეთა თანამდებობიდან განთავისუფლებისას არ უზრუნველყო იმავე საწარმოში მათთვის სხვა სამუშაოს მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. და კ. ბ-იების სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ბრძანებები სამსახურიდან მათი დათხოვნის შესახებ უკანონოა და უნდა გაუქმდეს. შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურში აღდგენის შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან ის თანამდებობები, რომლებიც თ. და კ.ბ-იებს ეკავათ აღარ არსებობს. შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. ე-ამ» შემდეგი მოტივებით: ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტიელბით თ. და კ. ბ-იების სარჩელის დაკმაყოფილებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არ უნდა გაზიარებულიყო შპს «ს. ე-ის» მოსაზრება თბილისის ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან კანონის შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა რა მხოლოდ შპს «ს. ე-ამ», სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა ფილიალის ლიკვიდაციაზე და თან დაურთო სამეწამრეო რეესტრის მონაცემები ლიკვიდაციის თაობაზე. ვინაიდან აპელაციის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ ფილიალის ლიკვიდაციის საკითხი, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილი და გასცდა საჩივრის ფარგლებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან პალატამ არ დააკმაყოფილა რა სასარჩელო მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის თაობაზე, პრაქტიკულად ძალაში დატოვა ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე, თუმცა ამავე გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტით ეს ბრძანებები გაუქმდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. და კ. ბ-იებმაც გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ საწარმოს ფილიალის ლიკვიდაცია რეალურად წარმოადგენდა რეორგანიზაციას და შემცირდა მხოლოდ შტატების რიცხვი. შტატების შემცირებისას თ. და კ. ბ-იებს, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, უნდა მინიჭებოდათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება და მათ მიმართ დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტია სხვა თანამდებობის შეთავაზების თაობაზე. კასატორებმა გაიზიარეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორთა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმების შესახებ, თუმცა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლი, ვინაიდან არ გაითვალისწინა სამოტივაციო ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომ შპს „ს. ე-აში“ მოხდა სტრუქტურული ცვლილება და შტატების შემცირება, თუმცა ცვლილების შემდეგ შექმნილი ერთეული იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც მანამდე ფილიალები, ამდენად, სასამართლოს ჰქონდა საშუალება წარმოდგენილი საშტატო განრიგის მიხედვით მოეძებნა შესაბამისი თანამდებობები და ისინი სამსახურში აღედგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იძულებით განაცდურის ანაზღაურებისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ. და კ. ბ-იები მუშაობდნენ შპს «ს. ე-ის» თბილისის ფილიალში, კერძოდ, თ. ბ-ია – სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო კ. ბ-ია – მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2004 წლის 30 ივლისს ¹101/კ და ¹131/კ ბრძანებებით თ. და კ. ბ-იები გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ამავე ბრძანებებით ორივე მოსარჩელის დათხოვნის საფუძველს წარმოადგენს შპს «ს. ე-ის» თბილისის ფილიალის ლიკვიდაცია, ხოლო შესაბამისად, სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია «შრომის კანონთა კოდექსის» 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი. ამასთან, სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ფილიალის ლიკვიდაციის ნაცვლად საწარმოში მოხდა რეორგანიზაცია სტრუქტურული ცვლილებების სახით.

საკასაციო პალატა იზიარებს რა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ფილიალის ლიკვიდაციის ნაცვლად საწარმოში მოხდა მისი რეორგანიზაცია, განმარტავს, რომ ფილიალი არ არის დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე საწარმო. სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლისა და «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საწარმოს განცალკევებულ ქვედანაყოფს, საწარმოს შემადგენელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თავად საწარმოს შპს «ს. ე-ის» ლიკვიდაცია. აღნიშნული საწარმოს ერთ-ერთი ფილიალის ლიკვიდაციით, ფაქტობრივად, განხორციელდა საწარმოს შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია, ხოლო ლიკვიდირებული ფილიალის შტატების გაუქმებით _ საწარმოს შტატების შემცირება.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში ფაქტობრივი გარემოებები საკმარისად არ არის გამოკვლეული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია, კერძოდ:

შრომის კანონთა კოდექსის 421 მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, გამონთავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან წინანდელი პროფესიის მიხედვით სამუშაოს მიცემით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ხოლო ასეთის უქონლობისას _ სხვა სამუშაოს მიცემით პირადი სურვილისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება განისაზღვრება ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამქირავებელი ვალდებულია’ მუშაკის განთავისუფლებისას იზრუნოს იმავე საწარმოში მის დასაქმებაზე, ხოლო საშტატო ერთეულის სიმცირის შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაციამ მუშა-მოსამსახურეთა დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს კანონით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების გამორკვევის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან მუშაკის განთავისუფლება შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო, არ გულისხმობს საწარმოს ფილიალის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მუშაკის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლებას. საწარმოდან მუშაკის დათხოვნა დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუკი მუშაკი თანახმაა, დაინიშნოს საწარმოში სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია კი ვალდებულია, შეძლებისამებრ, შესთავაზოს მუშაკს შესაბამისი თანამდებობა აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაკთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არა აქვს შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მუშაკის განთავისუფლება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა საწარმოს რეორგანიზაციის ფაქტი, მიუთითა, რომ თანამდებობები, რომლებიც მოსარჩელეებს ეკავათ აღარ არსებობს. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახლად შექმნილ თბილისის რეგიონში დარჩა სადისპეტჩერო, სადაც 8 მუშაკის ნაცვლად ამჟამად მუშაობს 7, რაც სასამართლო სხდომაზე შპს «ს. ე-ამაც» დაადასტურა. პალატამ დაასკვნა, რომ იმ სტრუქტურაში, რომელშიც თ. ბ-ია მუშაობდა, მუშაკთა რიცხვი შემცირდა, ყველა მუშაკი დაკავებული თანამდებობებიდან უპირობოდ გათავისუფლდა და შემდგომ სამსახურში ხელახლა მიიღეს, რაც დაუშვებელი იყო. სასამართლოს არ გამოურკვევია’ იყო თუ არა რეორგანიზებულ ახლად შექმნილ საწარმოში მოსარჩელეთა სპეციალიზაციის შესაბამისი საშტატო ერთეული და მუშაკთა დანიშვნა მოხდა თუ არა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული უპირატესი უფლების გამორკვევის გზით.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს რამდენი ახალი საშტატო ერთეული შეიქმნა რეორგანიზებულ საწარმოში, მათ შორის, არის თუ არა მოსარჩელეთა სპეციალიზაციის შესაბამისი საშტატო ერთეული, მოხდა თუ არა ამ საშტატო ერთეულებზე რეორგანიზებული საწარმოს მუშაკების დანიშვნა და გამორკვეულ იქნა თუ არა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. და კ. ბ-იებისა და შპს «ს. ე-ის» საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 ივნისის განჩინება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.