გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2006
საქმის ნომერი
ას-1296-1531-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1296-1531-05 11 აპრილი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ი-ის» მიმართ ზიანის _ 15000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2004წ. 30 აგვისტოს სს «ი-ი» ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილის სავალ ნაწილზე აწარმოებდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც ამავეწ. 31 აგვისტოს დროებით შეჩერდა. იმავე დღეს 3.45 საათზე მოსარჩელე მოძრაობდა რა თავისი «ვოლვო-960» მარკის ავტომანქანით დაახლოებით 70კმ სიჩქარით თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, გზის მესამე რიგში, დაეჯახა სარემონტო სამუშაოებისათვის იქვე დაყრილ ქვა-ღორღს, რის შედეგად მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ავტომანქანა იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. მოპასუხემ დაარღვია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მეთხუთმეტე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები სამუშაოთა წარმოების ადგილზე შესაბამისი საგზაო ნიშნების, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყებილობების, ღამით და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში დამატებითი წითელ-ყვითელი სასინათლო ნათურების დამონტაჟების შესახებ. მოპასუხემ საგზაო ნიშნები მხოლოდ ავარიის შემდეგ დაამონტაჟა და ფოტოსურათებიც მანვე გადაიღო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო მშენებლობისას დაცული იყო სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები, თხრილთან დაყენებული იყო ხის შეღებილი ორი ორმაგი ღობე და სხვა ამკრძალავი ნიშნები, გზა კი გადაკეტილი იყო ლენტით, ასევე დაყენებული იყო მიმართულების მაჩვენებელი ნიშნები, თუ როგორ უნდა ემოძრავათ ავტომანქანებს აეროპორტისაკენ. აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალი მიუძღოდა არა მოპასუხეს, არამედ თავად მოსარჩელეს, რომელიც, ნაცვლად 60 კმ სიჩქარისა, მოძრაობდა 70 კმ სიჩქარით, ახლო ნათების შუქებით, რის გამოც ავარიის შედეგად ავტომანქანა ორი მეტრი სიმაღლის ქვა-ღორღზე იყო ასული. სადავო საგზაო ნიშნების არარსებობის შემთხვევაში გზის მითითებულ მონაკვეთზე შესაძლოა იყო სხვა შემთხვევებიც დაფიქსირებულიყო.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს თ.ნ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, რაც სს «ი-მა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით თ.ნ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს «ი-ს» დაეკისრა 7777 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004წ. 30 აგვისტოდან ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. „აეროპორტის ტრასაზე“, გზის სავალი ნაწილის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა სს „ი-ი“. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მომენტისათვის სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. თ. ნ-შვილი 2004წ. 31 აგვისტოს, დაახლოებით 3.45 საათზე, მის კუთვნილ „ვოლვო-960“ მარკის ავტომანქანას, ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გზის მესამე რიგში დაახლოებით 60 კვ.მ სიჩქარით მოძრაობისას თბილისის აეროპორტის მიმართულებით, ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული ხიდიდან 200 მეტრის გავლის შემდეგ გზის მარცხენა მხარეს შეეჯახა სარემონტო სამუშაოებისათვის დაყრილ 2 მეტრი სიმაღლის ქვა-ღორღს. აღნიშნულის შედეგად თ.ნ-შვილმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ი-მა“ დაარღვია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტი, „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად მიღებული საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების 1.23 პუნქტი და მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების – ნ. ჯ-ძის, ი. მ-შვილის, ე. ბ-შვილისა და მ. ს-შვილის ჩვენებებით დასტურდება, რომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის კახეთის გზატკეცილზე მესამე რიგში სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრის მანძილზე არ იყო დაყენებული მოძრაობის ზემოაღნიშნული ამკრძალავი ნიშნები, რომელიც მძღოლებს აუწყებენ გზის სახიფათო მონაკვეთთან მოახლოებას, რაც თ.ნ-შვილს შესაძლებლობას მისცემდა, წინასწარ მიეღო შესაბამისი ზომები, შეენელებინა ან გაეჩერებინა მანქანის მოძრაობა და სხვა. სააპელაციო პალატამ შპს „ც-ის“ ცნობისა და მოწმეების – ვ.ჯ-ძის, მ.ს-შვილისა და სხვათა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ ავტოავარიის დროს წვიმდა და გადაიღო 5.28 საათზე. ამასთან, დღე-ღამის ბნელ დროს არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წვიმიანი ამინდი რომ არა ყოფილიყო, შემთხვევის ადგილზე არ იდგა გამაფრთხილებელი წითელი და ყვითელი ფერის სასიგნალო სინათლეები, რამაც ხელი შეუწყო ავტოავარიასა და ზიანის დადგომას. პალატამ სადავო გზაზე მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების არარსებობის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითა 2004წ. 21 სექტემბრის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებაზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების 2004წ. 31 აგვისტოს ოქმსა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმის დანართ სქემაზე, რომლებიც ძალაშია და მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა. მითითებული სქემის თანახმად, გზის იმ მონაკვეთში, სადაც სამუშაო მიმდინარეობდა, იდგა მხოლოდ დაზიანების გამაფრთხილებელი ორი დაფა, ხოლო გზის მარცხენა მხარეს, სავალ ნაწილზე ეყარა ორი მეტრი სიმაღლის ქვა-ღორღი, რომელსაც თ.ნ-შვილი ავტომანქანით შეეჯახა. აღნიშნულ ადგილზე მოძრაობის ამკრძალავი ხის ღობეც არ იდგა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ავტოავარია მოხდა, ერთი მხრივ, გზაზე სამუშაოების მწარმოებელი სს „ი-ის“ მიერ «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის დარღვევით, ხოლო მეორე მხრივ, სკ-ის 415-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, დაზარალებული თ.ნ-შვილის მოქმედებით, რომელმაც დაარღვია ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი. თ.ნ-შვილს უნდა გაეთვალისწინებინა მეტეოროლოგიური პირობები, მოძრაობის მიმართულებით ხილვადობის არეალი, მიეღო ზომები და მუდმივად ეკონტროლებინა თავისი ავტომანქანის მოძრაობა, რათა საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში შესძლებოდა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რაც მან ვერ უზრუნველყო, ვინაიდან 60 კმ სიჩქარის ნაცვლად, მოძრაობდა 70 კმ საათის სიჩქარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს მხარეთა ბრალეულობის ხარისხით, რაც ამ შემთხვევაში მოსარჩელის მხარეს უფრო ნაკლებია, ვიდრე მოპასუხის მხარეს. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თ.ნ-შვილმა პასუხი უნდა აგოს მისი ბრალიდან გამომდინარე, ავტოავარიის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის 1/3-ზე, ხოლო სს „ი-მა“ მისი ბრალეული მოქმედებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ოდენობის 2/3-ზე. იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005წ. 27 იანვრის დასკვნის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სს „ი-ის“ მიერ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესში დღე-ღამის ბნელ დროს არ იყო მიღებული უსაფრთხოების ზომები. ამავე დასკვნით ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენდა 18 198 ლარს, ხოლო ანალოგიური მარკისა და მონაცემების მქონე ავტომობილის ღირებულება საბაზრო ფასით იყო დაახლოებით 17 000 ლარი. პალატამ მიუთითა, რომ სს «ი-ს» არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ექსპერტიზისაგან განსხვავებულ ოდენობას დაადგენდა. ვინაიდან თ.ნ-შვილმა ავტოავარიის შემდეგ ავტომობილი, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი, გაასხვისა 3000 აშშ დოლარად, რაც 5 400 ლარის ტოლფასია, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ავტოავარიის შედეგად მიიღო ზიანი 11 600 ლარის ოდენობით, რომელიც მხარეთა შორის მათი ბრალის ოდენობის პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწმეების _ სს «ი-ის» თანამშრომლების _ ა.დ-ძის, ნ.მ-შვილისა და გ.ა-შვილის ჩვენებები, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სს „ი-ის“ მიერ გზის სადავო ნაწილი გადაღობილი იყო მთლიანი ღობით და მათ შორის, გზის მარცხენა მხარესაც, დადგმული იყო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნები და ფერადი მანათებლები, რადგანმათ, როგორც ამ ორგანიზაციის მუშაკებს, ევალებოდათ ამ წესების დაცვა და წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს «ი-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, თ.ნ-შვილს სკ-ის 415-ე მუხლის შესაბამისად, შეეძლო მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილება, მაგრამ იგი «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 38-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევით, მოძრაობდა დიდი სიჩქარით ცუდი ხილვადობის პირობებში საავარიო და შორი შუქების გარეშე, ნაცვლად იმისა, რომ დაემუხრუჭებინა, სიჩქარე შეენელებინა და გაჩერებულიყო, რაც დასტურდება თ.ნ-შვილისვე განმარტებით, სადაც იგი უთითებს, რომ მან ქვა-ღორღის დაბრკოლება შენიშნა 1,5-2 მეტრის დაშორებიდან, თუმცა ვეღარ დაამუხრუჭა და დაბრკოლებაზე ავიდა. ამდენად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დამდგარი ზიანი გამოიწვია არა რომელიმე საგზაო ნიშნის არარსებობამ, არამედ თავად მძღოლის უყურადღებობამ და ბრალეულმა უმოქმედობამ, რითაც საფრთხე შეუქმნა სხვა პირთა სიცოცხლეს. სამუშაოების ჩატარების ადგილას ამკრძალავი ნიშნების, გამაფრთხილებელი წითელი და ყვითელი ფერის სასიგნალო სინათლეების არარსებობის დამადასტურებლად სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა 2004წ. 21 სექტემბრის დადგენილებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების 2004წ. 31 აგვისტოს ოქმითა და დანართი სქემით, რომლებიც მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა. აღნიშნული დოკუმენტები შედგენილ იქნა ზემოხსენებული კანონის მე-20 მუხლის მეშვიდე და მერვე ნაწილების უხეში დარღვევით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი უნდა შედგენილიყო მოწმეთა თანდასწრებით, ადგილზე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, დამოწმებულიყო ორივე მხარის ხელმოწერით და მხოლოდ შემდეგ გაფორმებულიყო პოლიციაში, მოცემულ შემთხვევაში კი დოკუმენტები შედგა ავტოსაგზაო შემთხვევიდან მეორე დღეს მოწმეთა გარეშე. მოკვლევის მასალების შესახებ სს «ი-ისათვის» ცნობილი არ ყოფილა, რის გამოც მხარემ იგი ვერ გაასაჩივრა. საგამოძიებო მასალები შეკრებილ იქნა ცალმხრივად, მხოლოდ თ.ნ-შვილის სასარგებლოდ. სასამართლომ ცალსახად შეაფასა მოწმეების _ ნ. ჯ-ძის, ი.მ-შვილისა და მ.ს-შვილის ჩვენებები. ამ განმარტებებით სადავო შემთხვევისას გზაზე ღობის არსებობის ფაქტის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ავარიის შემდეგ. ფაქტობრივად, სადავო გზა დაბრკოლებამდე არა 15-20 მ-ით, არამედ 200მ-ით ადრე გადაკეტილი იყო ორი ღობით, დაყენებული იყო ამკრძალავი ნიშნები «შესვლა აკრძალულია» და «დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან». სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევით, არასწორად გაიზიარა მითითებულ მოწმეთა ჩვენება, თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევის ღამეს წვიმდა და დაუსაბუთებლად უარყო «ს-ის»და შპს «ც-ის» წერილები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ავტოავარიის დროს არ წვიმდა. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა «თბილგანათების» წერილი, რომლითაც 31 აგვისტოს მთელი ღამე აეროპორტის ტრასა განათებული იყო მაღალი რანგის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის დასკვნა, თითქოს 2005წ. 27 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რადგან სს «ი-ი», არ დაეთანხმა რა ხსენებულ დასკვნას, რაიონულ სასამართლოში მოითხოვა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზა ჩატარდა დარღვევებით, კერძოდ, ორი განსხვავებული სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზები ჩაატარა და ერთიანი დასკვნა გასცა ერთმა და იმავე სტაჟიორმა ნ.კ-ძემ. სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით 2005წ. 27 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, მითითებას ავტომანქანის დაზიანებულ ნაწილებსა და მათი დაზიანების ხარისხზე. ასევე ვერ დგინდება, თუ რა მანძილზე შეეძლო მძღოლს დაბრკოლების შემჩნევა. სადავო ექსპერტიზაში მითითებული ზიანის ოდენობა ავტომანქანის ღირებულებას აღემატება. ექსპერტმა ვერ დაადგინა ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევით. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამოყენებით სასამართლომ ხელი შეუწყო მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. სააპელაციო სასამართლოში განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდებოდა, ვინაიდან ამ დროისათვის თ.ნ-შვილმა ავტომანქანა გაასხვისა. სადავო 2005წ. 27 იანვრის ექსპერტიზის დასკვნით მიყენებული ზიანი შეადგენდა 18000 ლარს და აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა ავარიიდან 5 თვის შემდეგ, ხოლო 2004წ. 5 ნოემბერს ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნით, იმავე ზარალმა შეადგინა 9075 ლარი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ავტო-ტექნიკური გამოკვლევის შედეგები, რომლითაც დადგინდა, რომ თ.ნ-შვილმა «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები დაარღვია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შეეძლო ავარიის თავიდან აცილება. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელეს ჩაბარდა, მის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული ზომები, თუმცა თ.ნ-შვილს იგი არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა ბრალის საკითხზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ზიანის ოდენობის 2/3, ხოლო მოსარჩელეს _ 1/3, რითაც სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზიანის ოდენობა მხარეთა შორის თანაბრად განაწილდა. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ცალმხრივად, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ პალატამ იხელმძღვანელა მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან დაინტერესებულ მოწმეთა ახსნა-განმარტებებით და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოწმეთა მოპასუხის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები, კერძოდ, მოწმე ა.დ-ძის, გ. ა-შვილისა და ლ.გ-შვილის განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ი-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით თ. ნ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, სს «ი-ს» თ. ნ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5800 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო შემდეგი: 2004წ. 30 აგვისტოდან ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გზის სავალი ნაწილის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა სს „ი-ი“. ამავე წლის 31 აგვისტოს დაახლოებით 3.45 საათზე თ. ნ-შვილი მართავდა მის კუთვნილ „ვოლვო-960“ მარკის ავტომანქანას და მოძრაობდა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გზის მესამე რიგში თბილისის აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე არსებული ხიდიდან 200 მეტრის გავლის შემდეგ, გზის მარცხენა მხარეს შეეჯახა სარემონტო სამუშაოებისათვის დაყრილ 2 მეტრი სიმაღლის ქვა-ღორღს. აღნიშნულის შედეგად თ.ნ-შვილმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მომენტისათვის გზის სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო.

სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რა დადგენილ გარემოებებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში უნდა გაუქმდეს, კერძოდ:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა განისაზღვრა რა 18198 ლარით, სკ-ის 415-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის ბრალეულობის ხარისხის შესაბამისად მას დაეკისრა ზიანის ½-ის _ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება ზიანის ზემოხსენებული ოდენობით დაკისრების ნაწილში. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივარი, აპელანტის პასუხისმგებლობა, მისი ბრალიდან გამომდინარე, განსაზღვრა მიყენებული ზიანის ოდენობის 2/3-ით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საუარესოდ შებრუნების თაობაზე. სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმით სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რაც ზღუდავს მის კომპეტენციას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასოს გადაწყვეტილების გაუსაჩივრებელი ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ იმსჯელა რა სააპელაციო საჩივარზე, კანონის დარღვევით გააუარესა აპელანტის მდგომარეობა, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას დაადგინა, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მოპასუხესთან ერთად თანაბრად მიუძღოდა მოსარჩელესაც. სააპელაციო სასამართლომ კი სადავო ზიანში მხარეთა ბრალის ხარისხის განსაზღვრისას აპელანტ სს «ი-ის» ბრალეულობა იმაზე მეტად მიიჩნია, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდა დადგენილი. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სს «ი-ს» თ. ნ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ½- ის _ 5800 ლარის გადახდა.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მძღოლის ბრალეულობა ზიანის დადგომაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლო ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით ეყრდნობა სკ-ის 415-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში _ თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ხელი შეუწყო დაზარალებულ თ.ნ-შვილის მოქმედებამაც, რომელმაც დაარღვია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და არ გაითვალისწინა მეტეოროლოგიური პირობები, არ გაუწია მუდმივი კონტროლი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მოძრაობას და ნაცვლად 60 კმ.სთ სიჩქარისა, მოძრაობდა 70 კმ.სთ სიჩქარით. ამდენად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობას იურიდიულად დასაბუთებულად მიიჩნევს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ავტოსაგზაო შემთხვევების ფაქტზე ქ.თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მიერ მოკვლეული მასალები იმ მოტივით, რომ ისინი მოსარჩელის სასარგებლოდ ცალმხრივად არის ნაწარმოები. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ არგუმენტს ვერ გაიზაირებს, ვინაიდან ამავე მოკვლევის მასალებით დადგენილია თ. ნ-შვილის მიერ «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. ამასთან, კასატორის ეს მოსაზრება წინააღმდეგობრივიცაა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ერთ-ერთ არგუმენტად და მტკიცებულებად იგი მიუთითებს ამავე მასალებში არსებულ პატრულ ლ.გ-შვილის განმარტებაზე. საგულისხმოა, რომ ამავე პატრულის განმარტებით, «ღამე იყო წვიმიანი. განათება იყო არასაკმარისი ხილვადობის და სარემონტო სამუშაოების აღმნიშვნელი ნიშნები «შესვლა აკრძალულია» და «დაბრკოლების შემოვლა მარჯვენა მხრიდან» იყო გაუნათებელი».

ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის არგუმენტი სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების არასწორად შეფასების თაობაზე, ვინაიდან მოწმეები ნ.ჯ-ძე, ი.მ-შვილი და მ.ს-შვილი მხოლოდ ავტოავარიის შემდეგ არიან მისული შემთხვევის ადგილას, ამიტომ მათი ჩვენებით გზის გადამკეტი ღობის არსებობა ვერ იქნებოდა დადგენილი. აღნიშნული გარემოებასააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, როგორც ზემოხსენებული მოწმეების, ასევე საქმეზე დართული მოკვლევის მასალებით. ამ მტკიცებულებათა საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე კასატორი ვერ უთითებს. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმეები ნ. ჯ-ძე და ი.ბ-შვილი, რომელთა განმარტებები ემთხვევა მოწმე მ.ს-შვილისა და ი.მ-შვილის ჩვენებებს, წარმოადგენენ ამ ფაქტთან დაკავშირებით აშკარად მიუკერძოებელ პირებს, ვინაიდან მათ მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გაიცნეს თ.ნ-შვილი.

მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა კასატორის დაწესებულებაშივე მომუშავე პირების ა.დ-ძის, ნ.მ-შვილისა და გ.ა-შვილის ჩვენებები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას დასახელებულ მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირები მუშაობდნენ რა სს «ი-ში», მათ ვალდებულებაშიც შედიოდა იმ წესების დაცვა, რომელთა დარღვევამაც გარკვეულწილად გამოიწვია ზიანის დადგომა.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო საქმეში წარმოდგენილი «ს-ისა» და შპს «ც-ის» წერილები, საიდანაც დგინდება, რომ ავტოავარიის დროს არ წვიმდა. აღსანიშნავია, რომ «ს-ის» 2004წ. 8 ოქტომბრის წერილით 2004წ. 30 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ქ.თბილისში არ წვიმდა, თუმცა ამავე წერილში არ არის ზუსტი მითითება, აღინიშნებოდა თუ არა ნალექი ავტოავარიის ადგილას _ კახეთის გზატკეცილზე. რაც შეეხება შპს «ც-ის» წერილს, აღნიშნულით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ღამეს აეროპორტის ტერიტორიაზე წვიმდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს შეფასების გარეშე არ უნდა დაეტოვებინა საქმეში წარმოდგენილი შპს «თბილქალაქგანათების» წერილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აეროპორტის განათების თაობაზე, თუმცა ეს გარემოება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის დაკისრებისა და კასატორის ბრალეულობის განსაზღვრის თაობაზე არ ეყრდნობა ავტოსაგზაო შემთხვევისას ტერიტორიის განათების არარსებობას და იგი დასაბუთებულია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის რიგ მოთხოვნათა დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ექსპერტიზის დასკვნებთან მიმართებაში. სასამართლოს მიერ დანიშნულ 2005წ. 31 იანვრის ექსპერტიზას დასკვნები გამოსაკვლევ საკითხებთან დაკავშირებით გამოაქვს საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით. რაც შეეხება განსხვავებას მოკვლევის მასალებში არსებულ 2004წ. 15 სექტემბრის ექსპერტის ცნობასა და 2005წ. 31 იანვრის ექსპერტის დასკვნას შორის, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ექსპერტის დასკვნა ეყრდნობა გამოსაკვლევი მანქანის ნაწილებზე საქართველოში ოფიციალურად დადგენილ პრეისკურანტებს და არა მხოლოდ საბაზრო ღირებულებას, როგორც ეს ექსპერტის ცნობაშია მითითებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით თ. ნ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღწერილობითი ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

სს «ი-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ. ნ-შვილის სარჩელი, სს «ი-ს» თ. ნ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს 5800 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.