გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 21.09.2005
საქმის ნომერი
ას-277-602-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-277-602-05 21 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: საავტორო უფლების დაცვა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ა-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. კ-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ იგი ქ. თბილისში, ...... ქ. ¹36-ში მდებარე სახლის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორია, რაც დასტურდება „ს-ის“ მიერ 2002წ. 16 იანვარს გაცემული ¹99 სერტიფიკატით. 2004წ. 5 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. თბილისში, ....... ქ. ¹19-ში მდებარე, მოპასუხე თ.კ-ის ბინა შეუღებავთ ქუჩის მხარეს, ფასადზე დარაბა შეღებილა თეთრად, რითაც დაირღვა ფასადის მთლიანობა, ხოლო მდინარე ვერეს ხეობის მხარეს აივანზე დამონტაჟებულია გისოსები. ყოველივე ამით დაირღვა ...... ქუჩაზე მდებარე სახლის პროექტის მთლიანობა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც ავტორის, პირადი არაქონებრივი საავტორო უფლების დარღვევას.

მოსარჩელე გ. ა-ემ სარჩელით მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა მორალური ზიანის _ 2000 ლარისა და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება 1600 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის (ქურდობის) გამო, მოპასუხე იძულებული გახდა, საკუთარი ქონების დაცვის მიზნით, დაემონტაჟებინა გისოსები, რითაც არ დარღვეულა პროექტის ავტორის საავტორო უფლებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე თ. კ-ეს დაევალა მის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ....... ქ. ¹36-ში მდებარე ბინის ქუჩის მხარის ფასადზე არსებული დარაბის თეთრად შეღებვა. მასვე დაევალა ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული ბინის, მდინარე ვერეს მხარეს აივანზე, დამონტაჟებული გისოსების დემონტაჟი და მორალური ზიანის სახით 100 ლარის გადახდა მოსარჩელე გ. ა-ის სასარგებლოდ.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. კ-ის მიერ მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ქუჩის მხარეს, ფასადზე, დარაბა თეთრად არ შეუღებავთ და მდინარე ვერეს ხეობის მხარეს აივანზე ავტორის ნებართვის გარეშე დამონტაჟებულია გისოსები. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედებით შეილახა მოსარჩელის, როგორც დასახელებულ მისამართზე მდებარე სახლის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, პირადი არაქონებრივი უფლებები, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება მოპასუხე თ. კ-ის მიერ განხორციელდა ავტორის ნებართვის გარეშე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე თ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 218-ე მუხლი. მისი მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებით (გისოსების დემონტაჟით) არ ხელყო კანონი, არამედ დაიცვა საკუთარი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია მართლსაწინააღმდეგოდ; სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა სკ-ის 116-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს დამდგარი ზიანი არ ანაზღაურდება.

სამოტივაციო ნაწილი:

კასატორი არ ასაჩივრებს აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას დაევალა თავის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...... ქ. ¹36-ში მდებარე ბინის ქუჩის მხარის ფასადზე არსებული დარაბის თეთრად შეღებვა. კასატორის მიერ გასაჩივრებულია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მას დაევალა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინის, მდინარე ვერეს მხარეს, აივანზე დამონტაჟებული გისოსების დემონტაჟი და მორალური ზიანის სახით 100 ლარის გადახდა მოსარჩელე გ.ა-ის სასარგებლოდ.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნჰქტში მითითებული ფაქტებისა, კერძოდ, “მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება.”

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. კ-ეს თავის საცხოვრებელ ბინაში, ქუჩის მხარეს, ფასადზე, დარაბა თეთრად არ შეუღებავს და მდინარე ვერეს ხეობის მხარეს აივანზე ავტორის ნებართვის გარეშე დამონტაჟებულია გისოსები. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედებით შეილახა მოსარჩელის, როგორც დასახელებულ მისამართზე მდებარე სახლის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება მოპასუხე თ. კ-ის მიერ განხორციელდა ავტორის ნებართვის გარეშე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებაა, ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე, მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე, წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება).

აღნიშნული ნორმის თანახმად, ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებაა, ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები ნაწარმოებში, მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, ასევე, აუკრძალოს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანა. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, თ. კ-ის მიერ შეტანილი იყო თუ არა სადავო ობიექტში ცვლილებები, თუ არა. კერძოდ, თ. კ-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული ბინის აივანზე დამონტაჟებული გისოსები შეიძლება თუ არა მივიჩნიოდ ავტორის არქიტექტურულ პროექტის საფუძველზე შექმნილ შენობაში, ნაგებობასა და ინტერიერში განხორციელებულ ცვლილებად, რამაც გამოიწვია ავტორის პატივის, ღირსებასა და რეპუტაციის შელახვა. სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ავტორის პირადი არაქონებრივი ურთიერთობების ობიექტს წაარმოადგენს სწორედ ავტორის პატივი, ღირსება და რეპუტაცია. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თ. კ-ის მოქმედებით რამდენად დაირღვა ავტორის უფლება.

“არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის სრულყოფილი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ესთეტიკური გარემოს ჩამოყალიბება, არქიტექტურული ხელოვნების განვითარება.

ამავე კანონის მე-2 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურული ობიექტი არის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქმშენებლობითი კომპლექსი, შენობა, ნაგებობა, ინტერიერი, ლანდშაფტული გარემო (საბაღე-საპარკო ან სხვა ტერიტორია) ან ისტორიული განაშენიანება ან შენობა-ნაგებობა, რომელსაც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ორგანოს მოთხოვნათა შესაბამისად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეგენერაცია.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არქიტექტურული ობიექტში და არა პროექტში ცვლილებების არსებობა. ამდენად, სასამართლოს, ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, უნდა შეეფასებინა თ. კ-ის მოქმედება, მოჰყვა თუ არა ამ მოქმედებას არქიტექტურული ობიექტის გარეგანი იერსახის შეცვლა, ე.ი. ბინის აივანზე დამონტაჟებული გისოსები ცვლიან თუ არა არქიტექტურულ ობიექტის გარეგანი იერსახეს, რამაც შელახა ავტორის პატივი, ღირსება და რეპუტაცია.

ამისათვის, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს ორი უფლების ფარგლები, რაც დაცულია ინტელექტუალური და სანივთო სამართლით.

ამრიგად, აღნიშნული ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობით დაცული სამართლებრივი მარეგულირებელი მექანიზმების გათვალისწინება, ასევე, აუცილებელია სანივთო სამართლში მოცემული საკუთრების ინსტიტუტის მხედველობაში მიღება, კერძოდ, სკ-ის 170-ე მუხლი განსაზღვრავს არა მარტო საკუთრების ცნებას, არამედ მის შინაარსს, ფარგლებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმის თანახმად არ უნდა ილახებოდეს სხვა მესამე პირთა უფლებები, კონკრეტულ შემთხვევაში ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები.

ამ ნორმის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, გამოიყენა თუ არა ბინის მესაკუთრემ ინდივიდუალურ საკუთრებაში ან საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილის მისი წილი სკ-ის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ე.ი. ამ ნორმის მიხედვით, კასატორის, როგორც მესაკუთრის, მიერ თავის უფლების განხორციელებით არ უნდა ილახებოდეს ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები, რაც დაკავშირებული ავტორის ღირსებასა და რეპუტაციასთან, ანუ გასარკვევია, ცვლის თუ არა ავტორის ჩანაფიქრს დამონტაჟებული გისოსები. გასარკვევია რამდენად არსებითად შეიცვალა ნაწარმოების ტექნიკური მხარე, სტილი და შინაარსი.

“ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებთა დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-6 “ბის” მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “ავტორის ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და ამ უფლებების დათმობის შემდეგაც კი მას უფლება აქვს, მოითხოვოს ნაწარმოების მიმართ თავისი ავტორობის აღიარება და შეეწინაღმდეგოს ამ ნაწარმოების ყოველგვარ გაუკუღმართებას, დამახინჯებას ან სხვაგვარ შეცვლას, აგრეთვე, ნაწარმოების სხვა ნებისმიერ ხელყოფას, რომელსაც შეუძლია, ავნოს ავტორის ღირსებასა და რეპუტაციას.”

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისათვის სასამართლომ უნდა შეაფასოს თ. კ-ის, როგორც ბინის მესაკუთრის, მოქმედებით ილახება თუ არა მესამე პირის უფლებები; ამასთან ერთად, დასადგენია გისოსების დამონტაჟებით განხორციელდა თუ არა არქიტექტურულ ობიექტში ცვლილება. ამ საკითხის გარკვევა მოითხოვს სპეციალური ცოდნის არსებობას, რისთვისაც სააპელაციო სასამართლომ უნდა დანიშნოს სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცვლილებების არსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ისეთი ცვლილებები არქიტექტურულ ობიექტში, რომელსაც შეუძლია, ავნოს ავტორის ღირსებასა და რეპუტაციას, ე.ი. რამდენად არსებითი ცვლილება მოხდა ტექნიკურად და რამდენად იცვლება მოცემულ ნაწარმოების სტილი და შინაარსი.

მხოლოდ, აღნიშნული საკითხების დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მსჯელობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება გ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა ქ. თბილისში, ...... ქ. ¹36-ში მდებარე ბინის, ვერეს მხარეს აივანზე დამონტაჟებული გისოსების დემონტაჟი და მორალური ზიანის სახით 100 ლარის გადახდა. საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას არსებითად განსახილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.