დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-632-1011-06 ¹ ას-632-1011-06 24 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
მოსამართლე მ. ცისკაძე
დავის საგანი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ჭ-მის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ერთდროულად გადასახდელი თანხის და ყოველთვიური თანხის დაკისრება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს «ჭ-მს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი დახმარების სახით 2005წ. 28 თებერვლიდან 2006წ. 28 თებერვლამდე ყოველთვიურად გვირაბგამყვანის ბოლო სამი თვის ფაქტობრივად მიღებული ხელფასის გადახდა იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს ს.გ-შვილს შრომის უნარის ხარისხი; სხვა ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «ჭ-მმა».
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 ივლისის განჩინებით სს «ჭ-მის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს «ჭ-მის» წარმომადგენელმა ლ.ს-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 13 ოქტომბრის განჩინებით სს «ჭ-მის» წარმომადგენელს ლ. ს-შვილს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 6 ნოემბრის განჩინებით სს «ჭ-მის» წარმომადგენელს ლ. ს-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს «ჭ-მის» წარმომადგენლის ლ. ს-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 13 ოქტომბრის განჩინებით სს «ჭ-მის» წარმომადგენელს ლ. ს-შვილს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის ქვითრის წარმოდგენა
სს «ჭ-მის» წარმომადგენელმა ლ. ს-შვილმა 2006წ. 1 ნოემბერს განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს დავის საგნის ფასის განსაზღვრის მოთხოვნით, ვინაიდან თვითონ ვერ ახერხებენ დადგენას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 6 ნოემბრის განჩინებით სს «ჭ-მის» წარმომადგენელს ლ. ს-შვილს განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და დაეკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა, რისთვისაც გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს, რაც 2006წ. 8 ნოემბერს ჩაბარდა.
სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწონებინა 2006წ. 13 ნოემბრის ჩათვლით. მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს «ჭ-მის» წარმომადგენლის ლ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს «ჭ-მის» წარმომადგენლის ლ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.