დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 02.06.2005
საქმის ნომერი
ას-711-987-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-711-987-05 2 ივნისი, 2005წ., ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ

შემადგენლობით:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

განიხილა სს “კ-ის” წარმომადგენელ დ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 დეკემბერს სს „ა-მა“ სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე კახეთის რეგიონალური ენერგოკომპანია სს „ს-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 391.912 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999წ. 1 აპრილს სს „ე-თან” დადო ხელშეკრულება ელექტროენერგიის _ 1 კვტწსთ-ის 1,5 თეთრად მიყიდვის შესახებ. 1999წ. მაისიდან 2000წ. მარტამდე სს „ე-მა“ მოსარჩელეს გადაურიცხა ელექტროენერგიის საფასური _ 39027 ლარი. ამჟამად სს “ე-ი” წარმოადგენდა სს “ს-ის” ფილიალს. 2000წ. 1 იანვრის შედარების აქტის თანახმად, სს „ე-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ეს“ ერიცხებოდა დავალიანება 107001 ლარი. 1999წ. 1 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო, მათ ერიცხებოდათ საურავი თვეში 5%-ის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2000წ. 23 მაისს სს „ს-ემ“ გააუქმა „ა-თან“ დადებული ხელშეკრულება, იგი განაგრძობდა „ა-ის“ გამომუშავებელი ელექტროენერგიის გაყიდვას მოსახლეობაში. მოსარჩელის მითითებით, სს „ს-ეს“ 2000წ. 1 იანვრიდან 2000წ. 1 აგვისტომდე მიჰყიდა 3582240 კვტ. სთ ელექტროენერგია, რომლის ღირებულებამ შეადგინა 53 123 ლარი. 2000წ. იანვარ-თებერვალში სს „ს-ემ“ გადაიხადა 10811 ლარი, 2000წ. აგვისტოსათვის მას გადასახდელი დარჩა 42922 ლარი. 2000წ. აგვისტოდან 2002წ. 10 ნოემბრამდე დარიცხულმა საურავმა შეადგინა 57086 ლარი, ხოლო ელექტროენერგიის უკანონო განაწილების შედეგად მიღებულმა თანხამ შეადგინა 238 566 ლარი.

2003წ. 10 აპრილს სს “ს-ის” წარმომადგენლებმა ა. მ-ემ და გ. ქ-მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სასარჩელო განცხადება წარადგინეს, რომლითაც მოითხოვეს სს “ა-ს” სს “ს-ის” სასარგებლოდ დაკისრებოდა 238.566 ლარის გადახდა, ასევე, ელექტროსადენებისა და მოწყობილობების ამორტიზაციით გამოწვეული ხარჯებისა და მომხმარებლებზე ელექტროენერგიის უკანონო განაწილებით მიღებული შემოსავალი. შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, 2000წ. 23 მაისს სს “ს-ის” გურჯაანის ფილიალმა წერილობით მიმართა სს “ა-ს” 1999წ. 1 აპრილის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და შესთავაზა ახალი ხელშეკრულების დადება სს “ს-ესთან”. მოსარჩელეს სს “ს-ესთან” არ გაუფორმებია ხელშეკრულება და 2002წ. ოქტომბრის ბოლომდე თვითნებურად უკანონოდ განაგრძობდა ელექტროენერგიის განაწილებასა და მომხმარებლებისაგან მისი საფასურის ამოღებას, რისთვისაც იყენებდა სს “ს-ის” საკუთრებაში არსებულ 10/0.4 კ/ვოლტ ელექტროგადამცემ ხაზებსა და მოწყობილობებს. სკ-ის 983-ე მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებდა არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოავალე იყო, მიღებული დაებრუნებინა უფლებამოსილი პირისათვის. ამდენად, “ა-ი” ვალდებული იყო, სს “ს-ისათვის” ელექტროენერგიის განაწილებითა და მომხმარებლისაგან მისი საფასურის ამოღებით მიღებული შემოსავალი (სს “ა-ის” უკანონო მოქმედების პერიოდში მომხმარებლისათვის დადგენილ ტარიფს მინუს წარმოების ტარიფი) დაებრუნებინა, რადგან იგი ამისათვის არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ა-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს „ს-ეს“ დაეკისრა სს “ა-ის” სასარგებლოდ 100 999 ლარის გადახდა; სს „ს-ეს” შეგებებული სარჩელი ელექტროენერგიისა და მოწყობილობების ამორტიზაციით გამოწვეული ხარჯებისა და ელექტროენერგიის მომხმარებელზე უკანონო განაწილებით მიღებული შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სს “ა-ისათვის” 238 568 ლარის დაკისრების ნაწილში შეგებებული სარჩელის განხილვა შეჩერდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგენამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „კ-ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

აპელანტის განმარტებით, სს „ა-მა” აღიარა 1999წ. 1 აპრილის ხელშეკრულების ბათილობის ფაქტი, ხოლო ბათილი ხელშეკრულება ვერ წარმოშობდა ვალდებულებას მხარეთათვის. აპელანტის მოსაზრებით, შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ენერგიტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, მაგრამ არ შეეხო სამოქალაქო კოდექსში მითითებულ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გადაწყვეტილებით შეეჩერებინა საქმის წარმოება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით სს “კ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება სს „ს-ის“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის, კერძოდ, ელექტროენერგიის მომხმარებელზე უკანონო განაწილებით მიღებული შემოსავლების დაკისრებისა და ელექტროსადენებისა და მოწყობილობების ამორტიზაციით გამოწვეული ხარჯების ნაწილში უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში, საქმის წარმოების შეჩერების მიზნით, საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „კ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 5 ოქტომბრის განჩინებით სს “კ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით სს “კ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ელექტროსადენებისა და მოწყობილობების ამორტიზაციით გამოწვეული ხარჯების, ელექტროენერგიის მომხმარებელზე უკანონო განაწილებით მიღებული შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა, გადაწყვეტილება სს “ა-ის” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “კ-ის” წარმომადგენელმა დ. შ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს “კ-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “კ-ის” წარმომადგენლის დ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინება მხარეს _ სს “კ-ას” ჩაბარდა 2005წ. 12 თებერვალს. აღნიშნული განჩინების გამოტანის დროისათვის მოქმედი, საქართველოს სსკ-ის 397-ე მუხლის რედაქციის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აქედან გამომდინარე, სს “კ-ის” მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყებოდა 2005წ. 12 თებერვლიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი სს “კ-ის” წარმომადგენლის მიერ შეტანილია 2005წ. 6 აპრილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გაშვებულია საკასაციო საჩივრის შემოტანის კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რის გამოც, სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “კ-ის” წარმომადგენლის დ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.