დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-889-1118-04 28 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ 2001 წლის 17 დეკემბერს აღსრულებულ იქნა 2001 წლის 9 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის შესახებ და გაუფორმეს ექვსთვიანი შრომითი ხელშეკრულება. 2003 წლის 16 ივნისს კვლავ გაუგრძელეს შრომითი კონტრაქტი 6 თვით 2004 წლის 15 იანვრამდე, ხოლო 2004 წლის 16 იანვრიდან დაითხოვეს სამუშაოდან ისე, რომ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებასა და 2001 წლის ივლისიდან 2002 წლის დეკემბრამდე იძულებითი განაცდურის სახით 3200 ლარის გადახდას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი: სს „ს. ბ.“ დააკისრა 2001 წლის ივლისიდან 2002 წლის დეკემბრამდე იძულებითი განაცდურის სახით 3200 ლარის გადახდა, ხოლო სამუშაოზე აღდგენისა და შემდგომ იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მ. ჭ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამუშაოზე აღდგენისა და შემდგომი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. აპელანტი მიუთითებდა, რომ მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, ცალმხრივად შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ არის მარტოხელა დედა და ჰყავს 8 წლის შვილი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2004 წლის ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 14 წლამდე ასაკის ბავშვების მარტოხელა დედებისათვის განსაკუთრებულ შეღავათს სამუშაოდან დათხოვნისას, მაგრამ აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი კანონით დადგენილი ფორმის წერილობითი მტკიცებულება, რომ იგი მარტოხელა დედაა (მოწინააღმდეგე მხარემ კი განმარტა, რომ მას ჰყავს მეუღლე).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შრომითი კონტრაქტი იყო ფორმალური ხასიათის და იძულებით დადებული. პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ორჯერ დაიდო შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი), მაგრამ არც ერთხელ მ. ჭ-ეს ეს ხელშეკრულებები სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 82-ე მუხლი კი მას ამის უფლებას აძლევდა.
პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადის გასვლა. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საწარმოს წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას, კონტრაქტის ვადის გასვლის გამ, კანონი წინასწარ გაფრთხილებას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ჭ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ მასთან დადებული ვადიანი შრომის ხელშეკრულება უკანონო იყო, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, იგი სამუშაოზე უვადოდ უნდა აღდგენილიყო. ამასთანავე მ. ჭ-ე მიიჩნევს, რომ სს ,,ს. ბ.” ადმინისტრაცია არღვევს შრომის კანონთა კოდექსის მე-17 მუხლს, რომლის თანახმადაც, დაუსაბუთებელი უარი სამუშაოზე მიღებაზე აკრძალულია. იგი ასევე თვლის, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 380-382-ე მუხლების მოთხოვნები, არ მიიღო რა მისგან მარტოხელობის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი. ამის გათვალისწინებით კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ შეიძლება კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებული შრომის კონტრაქტი ჩაითვალოს იძულებით დადებულად და, შესაბამისად, უკანონოდ. მხარეთა შორის ორჯერ დაიდო შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ არც ერთხელ მ. ჭ-ეს ეს ხელშეკრულებები სადავოდ არ გაუხდია. წარმოდგენილ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ვადიან შრომით ურთიერთობაზე.
საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლა. ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საწარმოს წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, კანონი წინასწარ გაფრთხილებას არ ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის მარტოხელობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 380-382-ე მუხლების მოთხოვნები, არ მიიღო რა მისგან მარტოხელობის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს ახალი მტკიცებულებები.
პალატა ასევე განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საბუთებით არ დასტურდება, რომ იგი მარტოხელა დედაა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 4 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.