დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 17.10.2005
საქმის ნომერი
ას-993-1244-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-993-1244-05 17 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების ო. და დ. ნაკაიძის მიმართ სესხის დაბრუნების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივლისის განჩინებით კასატორს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა ვადა 14 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მაგრამ ნ. ქ-ისათვის გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ გზავნილში მითითებულია, რომ ბინა დაკეტილია. აღნიშნულის გამო მოსამართლის თანაშემწე პირადად დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ მ. ნ-ეს, რომელიც გამოცხადდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და 2005წ. 16 სექტემბერს ხელზე ჩაიბარა აღნიშნული განჩინების ასლი, მაგრამ ხარვეზი მათ მიერ მაინც არ იქნა შევსებული.

საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას გზავნილი გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში განჩინების ასლი ნ. ქ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ უკანასკნელ მისამართზე _ თბილისი, ......... , მე-2 მ/რ, კორპ. 15, ბინა 73. გარდა ამისა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 ივლისის განჩინების ასლი ჩაიბარა მისმა წარმომადგენელმა, რომელმაც გაუშვა სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების, გადადების, განაწილვადებისა და შემცირების საფუძველი არ არსებობს.

პალატა თვლის, რომ სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.