გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 11.01.2002
საქმის ნომერი
3კ/1236-01
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.01.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 3კ/1236-01 11 იანვარი, 2002 წ. ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა წყალტუბოს სს “ს.-ს” შეგებებული სარჩელი. გაუქმდა ს.ს. “ს.-სა” და სამეცნიერო კვლევით ფირმა “ბ.-ს” შორის 1994 წლის 4 აპრილის დადებული ხელშეკრულება.

ზ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ახლად აღმოჩენილ გარემოებად ზ. ბ-შვილი მიიჩნევს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად იგი არ წარმოადგენს პირს, რომელსაც “წინათსარგებლობის” უფლება გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ სს “სამგორის ¹2” ჩაის ფაბრიკის სამართალმემკვიდრეა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი. კოლეგიამ განჩინება გამოიტანა შემდეგი მოტივით. მიიჩნია, რომ ზ. ბ-შვილის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც დასაშვებია გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი რომ ყოფილიყო საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, არ გამოიწვევდა ზ. ბ-შვილისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო საამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის პალატის 2001 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლო განსაზღვრავს, განცხადება შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში განმცხადებელმა მიმართა თუ არა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და სხვ.

საოლქო სასამართლომ ფაქტობრივად განიხილა ზ. ბ-შვილის განცხადება, იმსჯელა განცხადებაში მითითებული გარემოება წარმოადგენდა თუ არა ახლად აღმოჩენილს და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ განცხადების განუხილველად დატოვება უსაფუძვლოა, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს, დასაშვებია თუ არა განცხადება და შემდეგ შეაფასოს, არის თუ არა საფუძველი საქმის წარმოების განახლებისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 413-ე, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.