გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 12.03.2003
საქმის ნომერი
3კ/383-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹3კ-383-03 12 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. გ-ას კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებაზე

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ. გ-ას მიერ 2001წ. 7 ნოემბერს გაცემული ¹..... სანოტარო აქტები ქონების იპოთეკითა და გირაოთი გადაცემის შესახებ.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ამ იმ მოტვით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 81-84-ე მუხლები და დაარღვია სსკ-ს 248-249-ე, მე-4, 83-ე, 180-ე მუხლები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად იქნა მიჩნეული. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო ვადა ამოიწურა 2002წ. 24 აგვისტოს, რადგან სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

აღნიშნულ განჩინებზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, რადგან 2002წ. 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ გაეგზავნა 2002წ. 23 აგვისტოს. მან საჩივარი შეიტანა 2002წ. 6 სექტემბერს, ე.ი საპროცესო ვადის დაცვით.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია გასაჩივრების წესსა და ვადაზე. აპელანტი სადავოს ხდიდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას, რადგან იგი ადასტურებს, რომ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სხდომის ოქმი.

სსკ-ს 288-ე მუხლი ადგენს სხდომის ოქმის შინაარსს. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს. კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ. ე.ი სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, სხდომის ოქმით არ ირკვევა, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოაცხადა თუ მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი. აგრეთვე, არ არის კონკრეტული მითითება გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ. ამდენად, სხდომის ოქმით არ დასტურდება ის ფაქტობრივი საფუძველი, რითაც დადასტურებული უნდა იყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული გარემოება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საპროცესო ვადის დაცვით შეტანილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილსის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.