დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-692-02 5 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს სახელმწიფო კომპანია “ს-ისათვის” შენობის რეალიზაციის შეჩერება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ეს განჩინება, შპს “ა-ს” დირექტორის კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ამავე სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით.
სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინება გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კერძო საჩივრით, რაც სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაენიშნა ხარვეზის შესავსებად 10 დღის ვადა განჩინების ჩაბარებიდან. ეს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2002წ. 4 თებერვალს.
იმის გამო, რომ განჩინებით დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული 2002წ. 5 მარტის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა განჩინების გაუქმება. განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა, რომ მათ მიერ დათქმულ ვადაში გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან სახელმწიფო ბაჟი იყო გადახდილი არა კერძო საჩივრის ავტორის მიერ, არამედ ვინმე გ-ის მიერ. ამასთან სახელმწიფო ბაჟის ქვითარი არ იყო წარდგენილი სასამართლოში.
აღნიშნული საფუძვლით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაენიშნა ათდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ეს განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2002წ. 4 თებერვალს. საჩივრის ავტორს ხარვეზი უნდა შეევსო მიმდინარე წლის 14 თებერვლამდე.
დადგენილია ასევე, რომ ხარვეზი დანიშნულ ვადაში არ იქნა შევსებული, რის გამოც კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მის მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა დათქმულ ვადაში, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მას შემდეგ, როდესაც გასული იყო უკვე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა და გამოტანილი იყო კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ე.ი. 2002წ. 5 მარტის შემდეგ. მაშინ როდესაც კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი უნდა წარმოედგინა 14 თებერვლამდე.
ამასთან უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი საბუთით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია არა კერძო საჩივრის ავტორის მიერ არამედ ვინმე გ-ის მიერ.
სსკ-ს 93-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
სსკ-ს 93-ე (2) მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში, რომელიც უნდა დამოწმდეს ორგანიზაციის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-ი არ წარმოადგენს იმ თანამდებობის პირს, რომელსაც უფლება აქვს წარმოადგინოს ორგანიზაცია, ასევე არ არის წარმოდგენილი მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა გ-ის უფლებამოსილებას წარმოადგინოს ორგანიზაცია სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.