დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 02.10.2006
საქმის ნომერი
ას-100-541-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-100-541-06 ას-100-541-06 2 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჟ. გ-შვილმა 2004წ. თებერვალში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ე. გ-ვისა და კ. გ-ვის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უკანონო მფლობეობიდან ნივთის გამოთხოვა.

მან თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მარნეულის რაიონის სოფ. ... მდებარე საბაღე ნაკვეთი და ოროთახიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მის საკუთრებას. იგი ამ ქონების ნასყიდობის თაობაზე შეუთანხმდა ე. გ-ვს. მოსარჩელის განმარტებით იგი ე.გ-ვის თხოვნით მივიდა ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად და ნოტარიუსთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ე.გ-ვთან. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველად მითითებული იყო არა ე.გ-ვი, არამედ _ კ.გ-ვი, ამიტომ მოსარჩელემ კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის თაობაზე 2002წ. 12 სექტემბერს კ.გ-ვთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნია და სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. გ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 12 სექტემბერს 1-7182 ნომრით რეგისტრირებული ჟ. გ-შვილსა და კ. გ-ვს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. გამოთხოვილ იქნა კ. გ-ვის უკანონო მფლობელობიდან მარნეულის რაიონში, სოფელ ... ჟ. გ-შვილის სახელზე რიცხული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით; ე. გ-ოვს ჟ. გ-შვილის სასარგებლოდ გადახდა სარგებლის სახით მიღებული 2500 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარებში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-ვმა და კ. გ-ვმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით აპელანტების - კ. გ-ვისა და ე. გ-ვის სააპელაციო საჩივარი მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმის გამო, რომ მათ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი.

ე. გ-ვმა და კ. გ-ვმა 2005წ. 15 ნოემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაცო სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. მათ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითეს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ გადასცეს მათ წარმომადგენელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელ თანხასთან ერთად; წარმომადგენელი კი დაპირდა, რომ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, მაგრამ ისინი მოტყუებული აღმოჩნდნენ. შემდეგ კი გაირკვა, რომ მათი წარმომადგენელი გარდაიცვალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 13 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლებს _ ე. გ-ვსა და კ. გ-ვს ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ ხარვეზის გამოსწორება, კერძოდ, მათ სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად უნდა მიეთითებინათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, გარემოებებზე, რომლითაც დამტკიცდებოდა, დაცული იყო თუ არა მხარის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

ე. გ-ვმა და კ. გ-ვმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს და 2005წ. 28 დეკემბერს სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც მიუთითეს, რომ ისინი ასწორებდნენ 2005წ. 13 დეკემბრის განჩინებაში მითითებულ ხარვეზს; მათ ზემოაღნიშნული განცხადებაში მიუთითეს იმის შესახებ, რომ მათმა ადვოკატმა, აწ გარდაცვლილმა ა.ო-ძემ მოატყუა, არ იცოდნენ განცხადების შეტანის ვადების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 იანვრის განჩინებით ე.გუსეინოვისა და კ.გ-ვის განცხადება დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე.გუსეინოვმა და კ.გ-ვმა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2006წ. 3 იანვრის განჩინების გაუქმება და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განჩინებების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე, მათ შეტანილი აქვთ განსჯადობის წესებისა და სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთთვიანი ვადის დაცვით, რის გამოც მიაჩნიათ, რომ მათი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. მათ მიუთითეს, რომ ქართული ენის არცოდნის გამო შეცდომაში იყვნენ შეყვანილი ადვოკატის მიერ, 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს 2005წ. 1 ნოემბერს, როდესაც აღმასრულებელმა შეატყობინა გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. მათ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2006წ. 3 თებერვალს გაცემული ¹18 ცნობა, რომლის თანახმად, მარნეულის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონება _ სახლი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად რეგისტრირებული კ. გოჯაევზე. ეს წერილობითი მტკიცებულება სასამართლოს არ გააჩნდა საქმის განხილვის დროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 თებერვლის განჩინებით ე. გუსეინოვისა და კ. გ-ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი ე.წ. სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადების შემომტანმა პირებმა არ შეავსეს ხარვეზი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა მათი განცხადება განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის ავტორების მითითება, რომ მათ არ იცოდნენ ქართული ენა და არ ჰქონდათ იურიდიული განათლება, ხოლო მათმა ადვოკატებმა დაარღვიეს საპროცესო ნორმები, ვერ გახდება მათი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ჰ-ვისა და კ. გ-ვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით აპელანტების - კ. გ-ვისა და ე. ჰ-ვის სააპელაციო საჩივარი მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმის გამო, რომ მათ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო პალატის ამ განჩინებაზე მათ კერძო საჩივარი შეიტანეს 2005წ. 28 თებერვალს; კერძო საჩივარში მიუთითებენ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო პალატის 2004წ. 17 სექტემბრის განჩინება არ მიუღიათ. ე.ჰ-ვისა და კ.გ-ვის ზემოაღნიშნული კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 7 ივლისის განჩინებით.

ე. გ-ვმა და კ. გ-ვმა 2005წ. 15 ნოემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაცო სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ ასეთი განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

იმის გამო, რომ მათ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში არ მიუთითეს იმის შესახებ, რომ მათ მიერ დაცული იყო ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ვადა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 13 დეკემბრის განჩინებით ე. გ-ვსა და კ. გ-ვს მიეცათ ათდღიანი ვადა, კერძოდ, დაევალათ სსკ-ის 427-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება; მათ ასევე უნდა დაედასტურებინათ, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა ჰქონდათ დაცული. სააპელაციო პალატამ ამავე განჩინებით მათ განუმარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მათი განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

განმცხადებლებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2005წ. 28 დეკემბერს ე.წ. მოკლე სააპელაციო საჩივრით მიმართეს სააპელაციო პალატას, რომელშიც არ არის აღნიშნული იმ გარემოებების შესახებ, რომელთა მითითებაც დაევალათ სააპელაციო პალატის 2005წ. 13 დეკემბრის განჩინებით. სამოქალაქო საროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ ე.ჰუსეინოვის და კ.გ-ვის 2005წ. 15 ნოემბრის განცხადება სწორად იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში კანონი არ დაურღვევია და ე. გ-ვსა და კ. გ-ვის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ჰ-ვისა და კ. გ-ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 იანვრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.