დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.11.2004
საქმის ნომერი
ას-1112-1301-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1112-1301-04 19 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 14 დეკემბერს მ. გ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ხ.-ს მიმართ ბინის ქირის გადახდისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ, ხ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა გ.-ისათვის 30 000 რუსული რუბლის შესაბამისი ლარის დაკისრება. 2001წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.-ის სარჩელი, ხ.-ა გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი ქირის სახით 3060 ლარის დაკისრების ნაწილში. დაკმაყოფილდა კ. ხ.-ს შეგებებული სარჩელი. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ.-მ. 2001წ. 26 ივნისს მთავარ სხდომაზე, გ.-ის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი. მ. გ.-მ 2001წ. 6 სექტემბერს საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 28 მარტის განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია მ. გ.-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან დარღვეული იყო სსკ-ის 237-ე მუხლის მოთხოვნა გასაჩივრების 10 დღიანი ვადის შესახებ, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მ. გ.-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2001წ. 1 აგვისტოს, მან კი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეიტანა სააპელაციო სასამართლოში 2001წ. 6 სექტემბერს.

ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მას გადასცა მეზობელმა სექტემბერში, თბილისში დაბრუნების შემდეგ და ჩაბარებიდან 6 დღეში შეიტანა კერძო საჩივარი. ამდენად, მას არ გაუშვია სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული ათდღიანი ვადა. სააპელაციო პალატამ 2002წ. 5 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. გ.-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2001წ. 1 აგვისტოს სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის დაცვით. მან კი საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა 2001წ. 6 სექტემბერს, ე.ი. კანონით გათვალისწინებული ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მას ჩაბარდა სექტემბრის დასაწყისში, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული გარემოება მან ვერ დაადასტურა. ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ. გ.-ე გასული იყო ქალაქიდან და დაბრუნდა მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.