დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ას-1116-1362-05 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით, გ. მ-ის სარჩელს მოპასუხეების _ ზ. პ-ისა და გ. ღ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გ. მ-ს, გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2005წ. 4 მარტს, ხოლო მასზე საჩივარი გ.მ-მა შეიტანა 2005წ. 15 აპრილს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინებით რ.მ-ის საჩივარი 2005წ. 14 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმ საფუძვლით, რომ გასული იყო გასაჩივრების ათდღიანი ვადა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 02 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელს მოპასუხეების _ ზ.პ-ისა და გ.ღ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი. სააპელაციო პალატის 2005წ. 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა გამოუცხადებელ მხარე გ.მ-ს და ჩაბარდა 2005წ. 4 მარტს, ხოლო საჩივარი გ. მ-მა შემოიტანა 2005წ. 15 აპრილს ანუ მეთერთმეტე დღეს.
სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. ვინაიდან გ.მ-მა ეს ვადა გაუშვა და დაგვიანებით შეიტანა საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 237-ე მუხლით და გ.მ-ის კერძო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.