დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.11.2005
საქმის ნომერი
ას-1132-1378-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1132-1378-05 17 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2005წ. 19 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „პ-ოს“ სარჩელი და სს „ს-ას“ მის სასარგებლოდ დააკისრა 1300 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 101,80 ლარის გადახდა, ხოლო საურავის სახით 2771,60 ლარის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. სააპელაციო პალატის განჩინებით აპელანტებს დაევალათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორება, სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

აპელანტ შპს „პ-ომ“ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რის შედეგადაც 2005წ. 8 ივლისს მიღებული განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მათი სააპელაციო საჩივარი, ხოლო სს „ს-ამ“ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შეავსო, რის გამოც, სააპელაციო პალატის 2005წ. 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ს-ის“ გენერალურმა დირექტორმა დ. უ-მა, საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ითხოვა სააპელაციო პალატის 01.07.05 წელის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. მოთხოვნის მოტივად მიუთითა ხარვეზის შევსების თაობაზე სააპელაციო პალატის განჩინების ასლის ენერგოკომპანიმჩვთღმჩ ქვცბვრკბლობვ.

პალატამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ დ. უ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილვევად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 13 ივნისის განჩინებით სს “ს-ას” ხარვეზის შესავსებად დაენიშნა 7 დღის ვადა. ფოსტიდან შემოსული შეტყობინების თანახმად, აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2005წ. 20 ივნისს. აპელანტმა დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ ჩაბარებიათ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს, მან კი აღნიშნული ვერ დაადასტურა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინების ასლი გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2005 წელს 20 ივნისს. საკასაციო სასამართლო თვლის, ვინაიდან აპელანტმა დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს-ის“ დირექტორ დ. უ-ის მიერ შემოტანილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება „ს-ის“ გენერალური დირექტორის დ. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;