დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.06.2006
საქმის ნომერი
ას-1148-1392-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1148-1392-06 ას-1148-1392-06 19 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

გ. კ-ძემ 2000წ. 24 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს‚ მოპასუხე ფ. ს. ნ-რის მიმართ‚ რომლითაც მოითხვოა საწარმოო ტრავმის გამო მიღებული დაზიანების შედეგად 2118 ლარის‚ მკურნალობის ხარჯების სახით – 696 ლარის‚ წამლების შეძენისა და ქ.თბილისში ტრანსპორტირების ხარჯების‚ ინვალიდობისა და შრომის უნარის 60%-ის ფ. ს. ნ-რისათვის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.ფოთის ნავსადგურს გ. კ-ძის სასარგებლოდ დაევალა გადაუხდელი 2118 ლარის‚ მკურნალობის ხარჯების – 845 ლარის ასანაზღაურებელი ზიანის გადახდა‚ ამასთან 2001წ. 1 იანვრიდან ფოთის ნავსადგურს გ.კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ყოველთვიური სარჩოს – 65 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა «ფ. ს. ნ-რის» მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ფოთის საზღვო ნავსადგურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. გ.კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა – ფოთის საზღვაო ნავსადგურს გ.კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯები – 2018 ლარი‚ ერთჯერადი გადასახდელი თანხა – 1445 ლარი და 66 თეთრი‚ ხოლო 2001წ. 1 აპრილიდან ყოველთვიური სარჩო – 71 ლარი და 66 თეთრი.

«ფ. ნ-ურმა» საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებით ფოთის საზღვო ნავსადგურის უფროსის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება.

სსიპ «ფ. ს. ნ-ურის» უფროსმა 2002წ. 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს‚ რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა შემდეგი: ნავსადგურის თანამშრომელი გ. კ-ძე 1999წ. 16 აპრილის ¹116/პ ფოთის ნავსადგურის უფროსის ბრძანებით მიღებულ იქნა ქ.ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის დაცვის მე-2 კლასის გუშაგად‚ რომელსაც 1999წ. 6 აპრილს ნავსადგურის ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორმა ა.კ-ძემ ჩაუტარა ტექნიკური უსაფრთხოების შესავალი ინსტრუქტაჟი‚ გასცა შესაბამისი ცნობა ორმხრივი ხელმოწერით და ხაზგასმით განემარტა‚ რომ ნავსადგურის სამუშაო ტერიტორია განეკუთვნება ამაღლებული საფრთხის ტერიტორიას. 1997წ. 3 იანვარს დამტკიცებული შესავალი ინსტრუქტაჟის მე-2 პუნქტის თანახმად‚ «რკინიგზის ლიანდაგების გადასვლა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ‚ როდესაც დარწმუნდებით‚ რომ ახლომახლოს არ არის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა ან ინერციით მოძრავი ვაგონი. გაჩერებული რკინიგზის შემადგენლობის შემოსვლა დასაშვებია თბომავლიდან ან ბოლო ვაგონიდან არ ნაკლები 10 მ. მანძილით». ამასთან‚ გ.კარანაძემ აღიარა‚ რომ სამუშაოზე მიღებისას ჩაუტარდა შესავალი ინსტრუქტაჟი.

1999წ. 23 ნოემბერს 6.45 საათზე ნავსადგურის‚ მე-2 საწარმოო რაიონში ¹9 საგუშაგოზე მიმავალმა გ.კ-ძემ‚ ნავსადგურში პირველ საწარმოო რაიონში რამპასთან მდგარ რკინიგზის ვაგონთან‚ სადაც წარმოებდა სასუქის დატვირთვა‚ დაინახა სასუქით სავსე ტომარა‚ რის შესახებაც აცნობა იქვე ¹3 საგუშაგოზე მდგარ გუშაგ გ.კ-იას.

განმცხადებელი აღნიშნავს‚ რომ მიუხედავად იმისა‚ რომ გ.კ-ძემ იცოდა იმის შესახებ‚ რომ ვაგონის ქვეშ შესვლა არ შეიძლებოდა‚ მაგრამ აგვიანდებოდა სამუშაო ადგილზე მისვლა. შემადგენლობის მოძრაობის დაწყების წინ მემანქანისა და შემადგენელის ხმოვანი გაფრთხილების მიუხედავად‚ მის ვალდებულებაში არ შედიოდა ისე შევიდა ვაგონის ქვეშ‚ რის შედეგადაც გოგორწყვილმა გადაუარა და მოკვეთა მარჯვენა ფეხი.

გ.კ-ძის მტკიცებით საწარმოო ტრამვის დადგომა გარკვეულწილად ნავსადგურის ადმინისტრაციის ბრალი იყო‚ ხოლო მტკიცებულებად წარადგინა ქ.ფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის 2000წ. 29 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ‚ სადაც აღნიშნული ფაქტის დადგომაში დადგინდა ნავსადგურის თანამშრომლების ბრალი. აღნიშნული დადგენილება ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა და საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას.

განმცხადებელი განმარტავს‚ რომ ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ქ.ფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის გამომძიებლის მიერ ჩატარებულ იქნა მოკვლევა და აღნიშნულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი დადგენილება‚ სადაც აღნიშნულია‚ რომ გ.კ-ძის სხეულის დაზიანების გამომწვევი მიზეზი არის არა ნავსადგურის თანამშრომელთა ქმედება‚ არამედ თვით გ.კ-ძის მიერ ჩადენილი გუშაგის სამსახურებრივი ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა და შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების მოთხოვნების უგულვებელყოფა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე‚ ფოთის საზღვაო ნავსადგურმა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული «შრომის მოვალეობათა შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» მე-5 პუნქტის და სსკ-ის 423-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 დეკემბრის განჩინებით სს «ფოთის ნავსადგურის» განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის განჩინებით ფოთის ნავსადგურის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა‚ გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება გ. კარანაძის სარჩელთან დაკავშირებით და მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ‚ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება‚ გ.კარანაძის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სსიპ «ფ. ნ-რს» დაეკისრა გ. კ-ძის სასარგებლოდ მკურნალობისა და სხვა დამატებითი ხარჯები 2114 ლარის ოდენობით 1999წ. 23 ნოემბრიდან სარჩოს სახით ყოველთვიური 30 ლარისა და 15 თეთრის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. კ-ძის და სსიპ «ფ. ს. ნ-ურის» მიერ. მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ და ბოლოს‚ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 25 მაისის განჩინებით შპს «ფ. ს. ნ-ურის» საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის და 2004წ. 5 ოქტომბრის განჩინებები; შპს «ფ. ს. ნ-ურის» განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინებით შპს «ფ. ს.ნ-ურის» განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიიჩნია‚ რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილია 2002წ. 5 სექტემბერს. სააპელაციო სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე‚ რომ შპს «ფ. ს. ნ-ურის» წარმომადგენელმა ზ.ტ-ვამ მორალური ზიანის სარჩელის განხილვისას 2002წ. 31 ივლისის სასამართლო სხდომაზე მიუთითა‚ რომ 2002წ. 31 ივნისს ქ.ფოთის ტრანსპორტის პროკურატურის უფროსი გამომძიებლის მიერ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული‚ ვინაიდან ეს დადგენილება არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ. აღნიშნული განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა‚ რომ განმცხადებლისათვის იმ გარემოების შესახებ‚ რომელზედაც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს საქმის წარმოების განახლების შესახებ‚ ცნობილი იყო 2002წ. 31 ივლისს‚ განცხადება კი შეტანილია 2002წ. 5 სექტემბერს‚ სსკ-ის 426-ე მუხლის გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ფ. ს. ნ-ურის» გენერალურმა დირექტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაებ განცხადების დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით‚ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 426-ე მუხლი‚ კერძოდ‚ ამ მუხლის მეორე ნაწილი. მისი მოსაზრებით‚ მართალია‚ აღნიშნული ნორმის თანახმად‚ ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან‚ როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა‚ მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ასეთი გარემოების არსებობის მხარისათვის ცნობის ქვეშ იგულისხმება მის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების არა ზოგადად ცნობის ფაქტი‚ არამედ თავად ამ დადგენილების მხარისათვის ჩაბარების ფაქტი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით‚ 2002წ. 31 ივლისის სასამართლო სხდომაზე შპს «ფ. ს. ნ-ურის» წარმომადგენელმა განაცხადა 2002წ. 11 ივნისის დადგენილების არსებობის მისთვის ცნობის შესახებ‚ ხოლო ეს დადგენილება სისხლის სამართლის საპრცოესო კოდექსის 268-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად მას ჩაბარდა 2002წ. 7 აგვისტოს. ამ მომენტიდან გახდა ცნობილი შპს «ფ. ს. ნ-ურისათვის» ამ დადგენილების შინაარსი. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარემ შეიტანა 2002წ. 5 სექტემბერს‚ ანუ სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში‚ რის გამოც‚ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არ არსებობს აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებით შპს «ფ.ს. ნ-ურის»კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია‚ რომ 2002წ. 31 ივლისის სასამართლო სხდომაზე შპს «ფ. ს.ნ-ურის» წარმომადგენლის – ზ.ტ-ვას განმარტებით გ.კ-ძის სხეულის დაზიანების ფაქტზე 2002წ. 21 ივნისს ქ.ფოთის ტრანსპორტის პროკურატურის უფროსის გამომძიებლის მიერ გამოტანილია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ‚ რომელიც შესულია კანონიერ ძალაში‚ რადგან არ არის გასაჩივრებული არც გ.კარანაძისა და არც შპს «ფ. ს. ნ-ურის» მიერ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით‚ შპს «ფ. ს. ნ-ურის» წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა‚ რომ 2002წ. 31 ივლისს მოპასუხე ორგანიზაციისათვის ცნობილი იყო არა მარტო დადგენილების არსებობის‚ არამედ ამ დადგენილების შინაარსის შესახებ და ჰქონდა საშუალება შეეფასებინა დადგენილება სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულიდან გამომდინარე‚ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა‚ რომ შპს «ფ. ს. ნ-ურს» დარღვეული აქვს სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის‚ კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის‚ რომ შპს «ფ. ს. ნ-ურის» გენერალური დირექტორის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს‚ მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა‚ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2001წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხე ორგანიზაციამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა იმ საფუძვლით‚ რომ ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ქწფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის გამომძიებლის მიერ ჩატარებულ იქნა მოკვლევა და აღნიშნულ საქმეზე 2002წ. 21 ივნისს მიღებულ იქნა ახალი დადგენილება‚ სადაც აღნიშნულია‚ რომ გ.კარანაძის სხეულის დაზიანების გამომწვევი მიზეზი არის არა ნავსადგურის თანამშრომელთა ქმედება‚ არამედ თვით გ.კ-ძის მიერ ჩადენილი გუშაგის სამსახურებრივი ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა და შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების მოთხოვნების უგულვებელყოფა.

2002წ. 5 სექტემბერს შპს «ფ. ნ-ურის» უფროსმა განცხადება შეიტანა სასამართლოში საქმის წარმოების განახლების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის‚ რომ სააპელაციო სასამართლომ შპს «ფ. ნ-ურის» უფროსის განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას სწორად გამოიყენა სსკ-ის 426-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმალ კი ვადის დენა იწყება იმ დღიდან‚ როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა‚ გ. კ-ძემ 2003წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს «ფოთის ნავსადგურის» მიმართ და მოითხოვა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის მორალური კომპენსაციის დაკისრება. მოცემული სასარჩელო განცხადების განხილვისას სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის სხდომაზე შპს «ფ. ს. ნ-ურის» წარმომადგენელმა ზ.ტყებუჩავამ მიუთითა‚ რომ 2002წ. 31 ივნისს ქ.ფოთის ტრანსპორტის პროკურატურის უფროსის გამომძიებლის მიერ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული‚ ვინაიდან ეს დადგენილება არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ. აღნიშნული განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა‚ რომ განმცხადებლისათვის იმ გარემოების შესახებ‚ რომელზედაც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს საქმის წარმოების განახლების შესახებ‚ ცნობილი იყო 2002წ. 31 ივლისს‚ განცხაება კი შეტანილია 2002წ. 5 სექტემბერს‚ სსკ-ის 426-ე მუხლის გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ‚ რომ ვინაიდან ქ.ფოთის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურის უფროსი გამომძიებლის 2002წ. 21 ივნისის დადგენილება შპს «ფ.ნ-ურს» ჩაბარდა 2002წ. 7 აგვისტოს‚ ამ მომენტიდან უნდა იქნეს ათვლილი საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა‚ რადგან ამ დადგენილების შინაარსი კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ამ მომენტიდან გახდა მათთვის ცნობილი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე‚ რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ გ. კ-ძის სარჩელის განხილვისას სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის სხდომის ოქმამდე საქმის მასალებში მოცემულია ქ.ფოთის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურის უფროსი გამომძიებლის 2002წ. 21 ივნისის დადგენილება. ზემოაღნიშნული დადგენილების შინაარსი მოპასუხე ორგანიზაციისათვის ცნობილი რომ იყო‚ ამაზე მიუთითებს ქ.ფოთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე «ფ. ს. ნ-ურის» უფროსის 2002წ. 13 სექტემბრის სააპელაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ‚ რომ საქმეში მოიპოვება ქ.ფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის 2002წ. 21 ივნისის დადგენილება‚ რომელსაც ფოთის საქალაქო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით‚ საკასაციო პალატა თვლის‚ რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე მოპასუხე ორგანგიზაციისათვის ცნობილი იყო მის მიერ მითითებული ქწფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის 2002წ. 21 ივნისის დადგენილების შინაარსი‚ რის გამოც დარღვეულ იქნა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420-ე‚ 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ფ. ს. ნ-ურის» გენერალური დირექტორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო‚ სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.