დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.06.2006
საქმის ნომერი
ას-1163-1407-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1163-1407-05 30 ივნისი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ინდივიდუალური საწარმო „ნ. ქ-იას“ უფროსმა ე. გ-იამ 2005წ. მაისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „...“ მიმართ და მოითხოვა უკანონოდ ჩამორთმეული ფართის მფლობელობაში დაბრუნების და ქონებრივი ზიანის 2000 ლარის ანაზღაურება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური საწარმო „ნ. ქ-იას“ უფროსი ე. გ-იას სარჩელი ქონებრივი ზიანის 2000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. 10 კვ.მეტრის ე. გ-იას კანონიერ მფლობელობაში დაბრუნების შესახებ სასარჩელო წარმოება შეწყდა; საქმის წინასწარი განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლისა და საგნის შეცვლის გამო არ იქნა განხილული მოთხოვნები ე.გ-იას მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართით სარგებლობის ხელის შეშლის აკრძალვისა და მორალური ზიანის _ 2000 ლარის დაკისრების შესახებ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური საწარმო „ნ. ქ-იას“ უფროსმა ე. გ-იამ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განჩინებით აპელანტ ე. გ-იას სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის, სააპელაციო საჩივრის ღირებულებისა და შესაბამისად სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის – 3%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად განესაზღვრა ვადა _ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. მითითებული განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩება, მაგრამ ე. გ-იამ და მისმა წარმომადგენელმა თ.გ-შვილმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

2005წ. 12 ივლისს აპელანტმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 70 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადებაში დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი შეტანილი იყო ე. გ-იას მიერ და ეს მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ დამდგარა მისი არასათანადო მოსარჩელედ ცნობის საკითხი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივლისის განჩინებით ე. გ-იას სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ ე. გ-ია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელედ მონაწილეობდა ინდივიდუალური მეწარმე «ნ. ქ-იას» სახელით, ინდივიდუალური საწარმოს უფროსს, როგორც ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს კი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ იცნობს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სსკ-ის 368-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ქ-იას“ მიერ გაცემული მინდობილობა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა არ შეავსო განჩინებაში მითითებული ხარვეზი, არ მიუთითა სადავო არასაცხოვრებელი 10 კვ.მ-ის საინვენტარიზაციო ან საბალანსო ღირებულება და სახელმწიფო ბაჟის სახით არ გადაიხადა ამ ღირებულებისა და 2000 ლარის 3%. აპელანტმა დავის საგნის ღირებულებად მიუთითა 300 ლარზე, მაგრამ სააპელაციო საჩივრის ღირებულება სსკ-ის 365-ე მუხლის მესამე წინადადების შესაბამისად სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. გ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო საქმის განხილვას შეუდგა ე. გ-იას სარჩელის საფუძველზე, რომლითაც მან მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად, მას აქვს მოთხოვნის უფლება მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და შესაბამისად წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს, სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც შეეხება მას, სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტს, რის გამოც, მისი აზრით, არ არის საჭირო ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ქ-იას“ მიერ გაცემული მინდობილობის წარდგენა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე აპელანტ ე. გ-იასთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2005წ. 20 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ის, სულ 70 ლარის ოდენობით. შპს „...“ ბალანსზე რიცხული 1027,5 კვ.მ. საწესდებო კაპიტალში შეფასებულია 36770 ლარით, რის შესაბამისადაც 10 კვ.მ-ის ღირებულება შეადგენს 360 ლარს, ხოლო მისი ღირებულების 3% არის 70 ლარი. სააპელაციო საჩივრის ღირებულების სარწმუნოდ დადასტურების მიზნით მტკიცებულების სახით წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საწარმოო მართვის სააგენტოს“ 2005წ. 4 მარტის ¹1-3/196 ბრძანების ასლი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის განცხადებაში დავის საგნის ღირებულება სარწმუნოდ იყო დადასტურებული და შესაბამისად გადახდილია დავის საგნის ღირებულების 3% - 70 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 სექტემბრის განჩინებით ე. გ-იას წარმომადგენლის, თ. გ-შვილის კერძო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ინდივიდუალურ საწარმო „ნ. ქ-იასა“ და შპს „...“ შორის და სარჩელი შეტანილია ინდივიდუალური საწარმო „ნ. ქ-იას“ ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის წარმოების არცერთ სტადიაზე არ ყოფილა შემოწმებული ე. გ-იასა და, შესაბამისად, თ. გ-შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი, არ წარმოადგენს ამ უკანასკნელთა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების საფუძველს. რაც შეეხება აპელაციის ღირებულებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის სარწმუნოდ დადასტურებისათვის მტკიცებულებები, სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. კერძო საჩივარში კი არ არის მითითებული, თუ რამ შეუშალა ხელი აპელანტებს კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტი წარმოედგინათ ხარვეზების შევსებისათვის დანიშნულ ვადაში. ამასთანავე, ამ დოკუმენტის შინაარსის გაცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ასლის ცუდი ხარისხის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. გ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის წარმოდგენა, სააპელაციო საჩივრის ღირებულების სარწმუნოდ დადასტურება და ამ ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის – 3%-ის ოდენობის გადახდა, ასევე საპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება, მას განესაზღვრა ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. მაგრამ აპელანტმა სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, არ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, წარმოადგინა 70 ლარის გადახდის ქვითარი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 15 ივლისის განჩინებით ე. გ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 368-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, ამ ნორმის თანახმად თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დადგენილია, რომ ე. გ-იამ სასარჩელო განცხადება შეიტანა ინდივიდუალური საწარმო «ნ. ქ-იას» უფროსის სახელით; მან სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 1998 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალური საწარმო «ნ. ქ-ია»; 1998წ. 17 აგვისტოს ინდივიდუალურ საწარმო «ნ. ქ-იასა» და შპს «...» შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება მის ბალანსზე არსებული ფართის ინდივიდუალური საწარმოსათვის გადაცემის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, ე. გ-ია არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირს, რადგან საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ იგი ინდივიდუალური მეწარმე «ნ. ქ-იას» ხელმძღვანელი პირია, ასევე, მას სსკ-ის 96-ე მუხლის თანახმად, არა აქვს გაფორმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივლისის განჩინებით ე. გ-იას სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა განუხილველად დატოვებული და მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. გ-იასა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივლისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.