დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 31.01.2006
საქმის ნომერი
ას-1236-1478-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1236-1478-05 31 იანვარი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ყ-იანმა 2004წ. ივნისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ვ. გ-ძისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, ასევე შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1999 წლიდან იმყოფებოდა მოპასუხესთან ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: მ. გ-ძე (დაბადებული 1999წ. 25 ივლისს) და ი. გ-ძე, დაბადებული 2000წ. 17 სექტემბერს. 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით მოხდა მათი განქორწინება, რის შემდეგაც მოსარჩელე მცირეწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედის კუთვნილ ერთოთახიან ბინაში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ყველანაირად თავს არიდებს შვილების რჩენას, არ იღებს მონაწილეობას მათ მატერიალურ უზრუნველყოფაში, შვილების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო თანხებს იხდის თავად. მოპასუხე არის პროფესიით ექიმი და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შვილების რჩენისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს 50 ლარი მაინც, რასაც იგი ნებაყოფლობით არ აკეთებს. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა ვ. გურგენიძისათვის 60 ლარის გადახდის დაკისრება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ლ. ყ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ. გ-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – ი. გ-ძის და მ. გ-ძის სრულწლოვანებამდე ალიმენტის 30-30 ლარის ყოველთვიურად გადახდა.

რაიონული სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ‚ ვინაიდან ვ. გ-ძეს ალიმენტის სახით დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 30 ლარის გადახდა, სსკ-ის 41-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 660 ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. გ-ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 19 სექტემბრის განჩინება გამოიტანა საქმის მასალების არასწორი შეფასებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ვ. გ-ძის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 2005წ. 23 ივნისამდე მოქმედი 365-ე მუხლით, რომლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. ასევე მიუთითა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილების გამოტანისას აღნიშნული მუხლი მოქმედებდა 2005წ. 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოყენა სსკ-ის 365-ე მუხლი 2005წ. 23 ივნისის რედაქციით, მაშინ როცა უნდა გამოეყენებინა მანამდე მოქმედი ნორმა. ვ.გურგენიძის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მან გაასაჩივრა არა ალიმენტის ოდენობა, არამედ რაიონული სასამართლოს მიერ კანონის დარღვევა, რის შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით ვ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს 660 ლარს, რაც სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ვ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ვ. გ-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – ი. გ-ძის და მ. გ-ძის სრულწლოვანებამდე ალიმენტის 30-30 ლარის ყოველთვიურად გადახდა. აღნიშნული ნაწილობრივი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ. გ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს. ამ მუხლში ცვლილება შევიდა 2005წ. 23 ივნისს.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთიწ. განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვ. გ-ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 30 ლარის ოდენობით. ერთიწ. განმავლობაში მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 720 ლარს. დავა განეკუთვნება ქონებრივ-სამართლებრივ დავას, ამიტომ ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 720 ლარია, ამიტომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა და იგი‚ სსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად‚ სწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 365-ე მუხლი 2005წ. 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, რადგან სსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს. სსკ-ის 435-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან ვ.გურგენიძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2005წ. 29 ივლისს, ამიტომ სასამართლომ სწორად გამოიყენა ამ დროისათვის მოქმედი საპროცესო სამართლის ნორმა, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.