დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1266-1506-05 20 აპრილი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ-ნის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზ. შ-შვილმა სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში კ. ზ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე წ-ის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობას ახორციელებს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით გარდაბნის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ზ.შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე კ. ზ-შვილს აეკრძალა გარდაბნის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს ტერიტორიაზე (კვარტალ 22-ში, ლიტერ 25-ში) უნებართვო მშენებლობა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ზ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 18 ივლისის განჩინებით კ. ზ-შვილს ხარვეზის შესავსებად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიეცა ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 20 სექტემბრის განჩინებით კ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად.
კ. ზ-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ მას განჩინებაში მითითებული ვადა არ დაურღვევია, კერძოდ, მან 2005წ. 14 სექტემბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ხოლო 2005წ. 18 ივლისის ხარვეზის განჩინებაში მითითებულია, რომ ხარვეზის შევსების ბოლო ვადა განსაზღვრულია განჩინების ასლის ჩაბარებიდან 16 სექტემბრამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 12 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 ივლისის განჩინებით კ. ზ-შვილს ხარვეზის შესავსებად, ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიეცა ვადა 16 სექტემბრამდე. ხარვეზის განჩინება კ. ზურაბიშვილს ჩაჰბარდა 2005წ. 16 აგვისტოს.
მართალია, კ. ზ-შვილმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოადგინა კერძო საჩივართან ერთად, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2005წ. 14 სექტემბერს, მაგრამ აღნიშნული ქვითარი სასამართლოში მას დროულად არ წარმოუდგენია, კერძოდ, მას სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარედგინა 2005წ. 16 სექტემბრამდე.
სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს‚ შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტმა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ზ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.