დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.05.2006
საქმის ნომერი
ას-1321-1551-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1321-1551-05 18 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონოდ გასხვისებული ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით, მ. ს-ძის სარჩელი სამტრედიის კავშირგაბმულობის ... და შპს ტელეკომპანია «...» მიმართ შენობა-ნაგებობების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ს-ძემ.

ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ იყო გადახდილი, სასამართლომ აპელანტს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის განჩინებით მ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დარჩა განუხილველად.

მ. ს-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ ის უმწეო მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება და 2005წ. 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ს-ძის მიერ წარმოდგენილ ცნობაში, რომელიც გაცემულია ზუგდიდის ქალაქის ... ორგანოს მიერ, მითითებულია, რომ ბ. ს-ძე-ქ-ავა იმყოფება მძიმე სოციალურ-ეკონომიურ პირობებში, არის უმწეო მდგომარეობაში. აღნიშნული ცნობა ეხება არა კერძო საჩივრის ავტორ მ. ს-ძეს, არამედ ბ. ს-ძე-ქ-ვას.

სამოტივაციო ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებით მ. ს-ძეს ხარვეზის შესავსებად, ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიეცა 10 -დღიანი ვადა.

მ. ს-ძემ, ქონებრივი მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. ამის დასადასტურებლად წარმოადგინა ზუგდიდის ქალაქის ... ორგანოს ცნობა იმის შესახებ, რომ ბ. ს-ძე-ქ-ვა იმყოფება უმწეო მდგომარეობაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ცნობა ეხება არა კერძო საჩივრის ავტორს, არამედ სხვა პიროვნებას, რაც, შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

სსკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაანთავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ს-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველი.

სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აპელანტის მიერ არ იყო შევსებული ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.