დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1392-1612-05 4 მაისი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ვალის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. კ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-შვილ-კ-აშვილის წინააღმდეგ ვალის გადახდის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. კ-ოვამ.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ იყო გადახდილი, სასამართლომ 2005წ. 19 ივლისის განჩინებით აპელანტს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს 29 ივლისის განჩინებით ს. კ-ოვას სააპელაციო საჩივარი ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად.
ს. კ-ოვამ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა და მიუთითა, რომ მის სააპელაციო საჩივარს დართული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამდასტრურებული ქვითარი, რაც შემდეგში დაიკარგა. განჩინება არაA მარტო მისთვის უნდა გაეგზავნათ, არამედ მის წარმომადგენლსაც უნდა გაგზავნოდა. ის მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს იმის გამო, რომ მოპასუხეს მისი ბინა გაქირავებული აქვს. მან ასევე წარმოადგინა ცნობა ინვალიდობის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 5 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის დადგენილი 12 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 29 ივლისის განჩინების ასლი ს. კ-ოვას წარმომადგენელ ც. ქ-შვილს ჩაჰბარდა 2005წ. 12 ოქტომბერს. ს. კ-ოვამ კერძო საჩივარი შეიტანა 2005წ. 1 დეკემბერს. აღნიშნული განჩინების ასლი ასევე გაეგზავნა ს. კ-ოვასაც, მაგრამ განჩინება მას არ ჩაბარდა იმის გამო, რომ მის მიერ მითითიებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა.
გარდა ამისა, მხარემ, თუ ის შეიცვლის მისამართს ამის შესახებ მან უნდა შეატყობინოს სასამართლოს. ს. კ-ოვას მისამართის შეცვლის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის. სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი შეტანილია კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12-დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
r. კ-ოვას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.