დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1415-1547-04 ას-1415-1547-04 22 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 27 აგვისტოს დ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჩ-ის მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 13 სექტემბერის იპოთეკის ხელშეკრულებით მოპასუხეს ასესხა 2720 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ხოლო 2002წ. 20 ივნისს _ დამატებით 500 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად მ. ჩ-ეს თანხა არ დაუბრუნებია, რის გამოც, მოსარჩელის განმარტებით, მას მიადგა მატერიალური ზიანი. დ. ს-ემ მოითხოვა მ. ჩ-ისათვის სულ 4300 აშშ დოლარის დაკისრება.
ი. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ასევე, მ. ჩ-ის მიმართ სესხისა და მისი დაუბრუნებლობით გამოწვეული ზარალის, სულ _ 7240 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეები, დ. ს-ის სარჩელისა და ი. ბ-ის სარჩელის გამო, მ. ჩ-ის მიმართ, გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ორივე სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მ. ჩ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ათდღიანი ვადა მის გამოსასწორებლად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. საქმის მასალებში წარმოდგენილ გზავნილზე დასმული ხელმოწერის თანახმად, მ. ჩ-ემ მითითებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2004წ. 27 მარტს, თუმცა ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. 2004წ. 7 აპრილს რაიონული სასამართლოდან თბილისის საოლქო სასამართლოში მიღებულ იქნა მ. ჩ-ის წარმომადგენელი ქ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი, რომელიც მითითებულ ხარვეზს არ ეხება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე მ. ჩ-ის წარმომადგენელმა ქ. ყ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ საქმის მასალებში მ. ჩ-ის სახელით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ყალბია და იგი არც თავად მხარეს და არც მის წარმომდგენელს არ შეუტანია. ამ სააპელაციო საჩივრის არსებობის შესახებ მან 2004წ. 15 აპრილს, საოლქო სასამართლოში მოცემული საქმის გაცნობისას, შემთხვევით შეიტყო, დაუკავშირდა თავად მ. ჩ-ეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ფაქტი ასევე უარყო. ქ. ყ-მა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ მას, როგორც წარმომადგენელს, არ ჩაბარებია და, ვინაიდან, სწორედ იგი აწარმოებს მ. ჩ-ის სამოქალაქო დავებს, სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაუცველად სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინების მისთვის ჩაუბარებლობა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის განჩინების გაუქმების საფუძველია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ივნისის საოქმო განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატის განმარტებით, ხარვეზის შესახებ განჩინების მხარის მიერ ჩაბარების მიუხედავად, აპელანტს იგი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია იმის გამოც, რომ იგი შეტანილია სსკ-ის 364-ე მუხლით გათვალისწინებული არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მ. ჩ-ის წარმომადგენელი ქ. ყ-ის კერძო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მ. ჩ-ის ხელმოწერით სასამართლოში შეტანილია სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ათდღიანი ვადა მის გამოსასწორებლად _ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. საქმის მასალებში წარმოდგენილ გზავნილზე დასმული ხელმოწერის თანახმად, მ. ჩ-ემ მითითებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2004წ. 27 მარტს, თუმცა ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მ. ჩ-ის წარმომადგენელ ქ. ყ-ს მართებულად უთხრა უარი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ის ფაქტიც, რომ განუხილველად დატოვებული სააპელაციო საჩივარი, აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, მ. ჩ-ის მიერ შეტანილი არ არის, რის გამოც მხარეს მისი განხილვის ინტერესი ვერ ექნებოდა. ამასთან, სსკ-ის 364-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება მხოლოდ ამისათვის უფლებამოსილ პირს გააჩნია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის განჩინებისა და მ. ჩ-ის წარმომადგენელი ქ. ყ-ის, ამავე წლის 25 ივნისის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჩ-ის წარმომადგენლის _ ქ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის განჩინება და ამავე წლის 25 ივნისის მ. ჩ-ის წარმომადგენლის _ ქ. ყ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.