გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1416-1632-05 26 ივნისი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ც-შვილმა 2004წ. ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე. ბ-შვილის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის _ 2500 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ე. ბ-შვილი მუშაობს გამყიდველად მის კუთვნილ მაღაზიაში. იგი, როგორც მაღაზიის მესაკუთრე, სისტემატურად ამოწმებდა გასავლის რვეულებს და ადასტურებდა ხელმოწერით. მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ჩანაწერებს შორის სხვაობამ შეადგინა 2500 ლარი. აღნიშნული დადასტურებულია 2004წ. 19 ივლისის ¹28 აუდიტური დასკვნით. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე ე. ბ-შვილმა რეალური გასავალი ხელოვნურად გაზარდა შემდგომში ჩანაწერის გაყალბებით, რითაც მოსარჩელეს მიაყენა 2500 ლარის ზიანი. მისი მოთხოვნის მიუხედავად ე. ბ-შვილმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ც-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ე. ბ-შვილს დაეკისრა 1250 ლარის გადახდა გ.ც-შვილის სასარგებლოდ.
ე. ბ-შვილმა 2005წ. 29 აგვისტოს სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინებით ე. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და ჩათვალა, რომ, რადგან 2005წ. 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც აპელანტი ესწრებოდა, გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, აპელანტს გაშვებული აქვს სსკ-ის 396-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინება მას ჩაბარდა 2005წ. 19 ოქტომბერს, გზავნილი იყო გახსნილ მდგომარეობაში და მისთვის უცნობია, იყო თუ არა მასში სხვა დოკუმენტებიც. მისი მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაბეჭდილი სახის განჩინება, საქმეში არ არის ხელით ნაწერი განჩინება. აღნიშნული განჩინების გამოტანას საფუძვლად უდევს ის გარემოება: სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოცხადებული იყო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც სიმართლეს არ შეეფერება. გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლის მიმართ მას რამდენიმეჯერ ჰქონდა აცილება დაყენებული, მაგრამ მისი შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული. სხდომაზე მოსამართლემ გამოაქვეყნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განუმარტა მხარეებს, რომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩააბარებდა ორი კვირის შემდეგ. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობენ მოწმეები, ისინი, ვინც ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს. ამ გარემოებას ისიც ადასტურებს, რომ საქმეში არ არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ხელნაწერი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ პირველი ინსტანციის სხდომის ოქმი ჩასწორებულია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 დეკემბრის განჩინებით ე. ბ-შვილს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005წ. 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც აპელანტი ესწრებოდა, გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა უნდა აითვალოს 2005წ. 16 ივნისიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტს დარღვეული აქვს სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :
სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2005წ. 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმიდან არ ირკვევა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა უნდა აითვალოს 2005წ. 16 ივნისიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ე. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე, გამოიკვლიოს 2005წ. 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და შესაბამისად გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი :
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ბ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.