დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-258-671-06 28 სექტემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისსაქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება და ბავშვის ნახვის დღეების დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. კ-ოვამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. კ-ოვის მიმართ და მოითხოვა განქორწინება, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ა. კ-ოვისათვის ალიმენტის დაკისრება 250 ლარის ოდენობით, ასევე, მოპასუხისათვის შვილის ნახვის კონკრეტული დღეების განსაზღვრა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2000წ. 23 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2001წ. 10 ივლისს, შეეძინათ შვილი ე. კ-ოვი, რომელიც დღეისათვის მასთან არის და თვითონ ზრდის. Oოჯახური კონფლიქტის გამო 10 თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ, რის გამოც მოითხოვა ა. კ-ოვთან განქორწინება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შვილი იზრდება მასთან და მოპასუხეს შვილის ნახვა უხდება მისი მეშვეობით. მოსარჩელეს მიაჩნია, რრომ შასაძლებელია შვილის ნახვის გამო მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა უფრო დაიძაბოს, რის გამოც მოითხოვა მოპასუხეს განესაზღვროს შვილის ნახვისათვის ორი დღე, კერძოდ შაბათი და კვირა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, შვილის სრულწლოვანებამდე მოპასუხეს დაეკისრებოდა ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მუშაობს ნაბთობგადამამუშავებელ ქარხანაში და მისი ხელფასი შეადგენს 400 ლარს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით ა. კ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ა. კ-ოვს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ ე. კიჟანოვის სრულწლოვანებამდე ალიმენტის _ 150 ლარის ყოველთვიურად გადახდა. ა. კ-ოვს შვილის ნახვისთვის განესაზღვრა კვირაში სამი დღე – ოთხშაბათი, შაბათი და კვირა 16 საათიდან 20 საათამდე.Gგანქორწინების ნაწილში სასამართლომ დაადგინა განჩინების გამოტანა მხარეებისათვის შესარიგებლად ერთთვიანი ვადის მიცემის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ოვმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტისა და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 26 იანვრის განჩინებით ა. კ-ოვს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის 54 ლარის გადასახდელად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 31 მარტის განჩინებით ა. კ-ოვის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. Pპალატამ მიუთითა, რომ აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე, თუმცა იქ ადრესატი არ ცხოვრობს. ა. კ-ოვს შეცვლილი მისამართი სასამართლოსთვის არ შეუტყობინებია, ამდენად, სასამართლო გზავნილი მიჩნეულ იქნა ჩაბარებულად.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. კ-ოვმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 74-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ, მას სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებია, რადგან იგი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა უზრუნველეყო განჩინების ასლის ჩაბარება მისთვის გადასაცემად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 1 მაისის განჩინებით ა. კ-ოვის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 26 იანვრის განჩინების ასლი ა. კ-ოვს არ ჩაბარებია იმის გამო, რომ იგი საქმეში მითითებული მისამართიდან გადასულია, თუმცა ჩაწერილია იქვე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეიძლება ევარაუდა, რომ აპელანტმა შეიცვალა მისამართი, რის შესახებაც არ აცნობა სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. კ-ოვის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესებს დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად. Aამავე კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. თუ ამ მისამართზე მოქალაქე ფაქტობრივად არ ცხოვრობს, უწყება შეიძლება გაიგზავნოს მისი სამუშაო ადგილის მიხედვით.
სსკ-ის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუმცა ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 26 იანვრის განჩინებით ა. კ-ოვის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი ა. კ-ოვს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ.ბათუმი, ..., თუმცა მხარეს იგი არ ჩაბარებია. საქმეში არსებული საფოსტო განყოფილების ცნობით, ირკვევა, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე ჩაწერილია, მაგრამ ცხოვრობს სხვა მისამართზე დედასთან. მოცემულ შემთხვევაში ა. კ-ოვს არ უცნობებია სასამართლოსთვის მისი საცხოვრებელი მისამართი.
ზემოთ მითითებული სსკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე ასეთ შემთხვევაში უწყება (მოცემულ შემთხვევაში კი განჩინება) ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან აპელანტი ვალდებული იყო ეცნობებინა სასამართლოსთვის მისამართის, კონკრეტულ შემთხვევაში მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შეცვლის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. კ-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
a. კ-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 31 მარტის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.