დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-277-688-06 2 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონულ სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს სარჩელით მიმართა შ. ო-შვილმა მოპასუხე გ. ო-შვილის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
კასპის რაიონულ სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ო-შვილის სარჩელი მოპასუხე გ. ო-შვილის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ო-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 იანვრის განჩინებით შ. ო-შვილს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
აღნიშნული ხარვეზის განჩინება აპელანტს გაეგზავნა რამოდენიმეჯერ, მაგრამ ვერ მოხერხდა მხარისათვის მისი ჩაბარება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინებით შ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ო-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო არც ხარვეზის განჩინების არსებობა და არც განუხილველად დატოვების განჩინების შესახებ. მისივე განმარტებით, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის ჩაბარების შემდეგ არნაირი შეტყობინება არ მისვლია, აღნიშნულის გასარკვევად მივიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში, სადაც უთხრეს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და გადაიგზავნა კასპის რაიონულ სასამართლოში. კასპის რაიონულ სასამართლოში საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველი მისი სააპელაციო საჩივარი. შ.ო-შვილის თქმით იგი მივიდა კასპის საფოსტო განყოფილებაში, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ მისცეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შ. ო-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, რაც მის მიერ არ იქნა გამოსწორებული.
სსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ მიცემულ საპროცესო ვადაში არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სასამართლომ გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზეც მხარის მიერ შეტანილი იქნა კერძო საჩივარი.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლების, თვეებისა და დღეების გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2005წ. 1 ოქტომბრიდან, რადგან განჩინების ასლი შ. ოთარაშვილს ჩაბარდა 2005წ. 30 სექტემბერს. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა გასულად ჩაითვალა 2005წ. 12 ოქტომბრის 24 საათისათვის.
გამომდინარე იქიდან რომ, კერძო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებულ იქნა კანონით დადგენილი გასაჩივრების 12 დღიანი ვადა, შ. ოთარაშვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ო-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.