დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-287-697-06 28 სექტემბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. კ-იდმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება «...» პარტნიორის გ. ჩ-უას მიმართ და მოითხოვა უნებართვოდ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება და მიუღებელი სარგებლის სახით ქირის, თვეში 100 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2004წ. 17 აგვისტოს შეიძინა ქ.Fფოთში, ... მდებარე, გ. მ-იას კუთვნილი 7,5 კვ.მ სავაჭრო ობიექტი. მითითებული არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სავაჭრო ობიექტი უნებართვოდ დაიკავა მოპასუხე სპს «...» პარტნიორმა გ. ჩ-უამ, რომელიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს სადავო ფართს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისთვის მიუღებელი სარგებლის სახით ქირის, თვეში 100 აშშ დოლარის დაკისრება 2005წ. 1 იანვრიდან, რაც შეადგენდა 820 აშშ დოლარს, ხოლო უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების ნაწილში უარი თქვა სარჩელაზე იმ მოტივით, რომ მოპასუხემ უკვე გადასცა მას სადავო ფართი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-იდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ. ჩ-უას მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისრა 584 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება «...» დირექტორმა გ. ჩ-უამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 24 თებერვლის განჩინებით გ. ჩ-უას სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 365-ე და 374-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან გ. ჩ-უას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 24 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჩ-უამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 2005წ. 23 ივნისამდე მოქმედი 365-ე მუხლით, რომლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 აპრილის განჩინებით გ. ჩ-უას კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდგომი განხილვის მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ჩ-უას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-იდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ. ჩ-უას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 584 ლარის გადახდა. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-უამ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 24 თებერვლის განჩინებით გ. ჩ- სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 365-ე და 374-ე მუხლების მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. Eეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გ. ჩ-უას თ. კ-იდის სასარგებლოდ დაეკისრა 584 ლარის გადახდა. Dდავა განეკუთვნება ქონებრივ-სამართლებრივ დავას, ამიტომ ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 584 ლარია, ამიტომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა და იგი სსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად სწორად იქნა განუხილველად დატოვებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 365-ე მუხლი 2005წ. 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, რადგან სსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს. სსკ-ის 435-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან გ. ჩ-უამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2005წ. 28 ნოემბერს, ამიტომ სასამართლომ სწორად გამოიყენა ამ დროისათვის მოქმედი საპროცესო სამართლის ნორმა, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჩ-უას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 24 თებერვლის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.