დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-291-700-06 27 ივნისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... ქარხნის» მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე საზოგადოებაში, ბოლო პერიოდში _ დეფექტატორის თანამდებობაზე. 2005წ. სექტემბრიდან ე.ბ-ძე გაშვებულ იქნა იძულებით უხელფასო შვებულებაში, ხოლო 2 ივლისიდან იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს კონტრაქტის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ე. ბ-ძის სარჩელი სახელფასო და უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს «... ქარხანას» ე.ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 350,79 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სს « ... ქარხანამ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დავალიანების _ 350,79 ლარის გადახდა, რაც სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებ ზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება. ამდენად, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს «... ქარხანამ» შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი დასაბუთებით: მართალია, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, მაგრამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანს აყენებს სხვა პირებს, რის გამოც საქმის წარმოება უნდა განახლდეს და სააპელაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს არსებითად. ამასთან, ქარხანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს ქარხნის 135 კაციანი კოლექტივისათვის ხელფასების გაუცემლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «... ქარხნის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ე. ბ-ძის სარჩელი სახელფასო და უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს « ... ქარხანას» ე.ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 350,79 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სს « ... ქარხანამ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 365-ე მუხლით, რომლის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს «... ქარხანამ» რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისთვის 350,79 ლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება კანონით დადგენილ დასაშვებ 1000 ლარს არ აღემატება.
ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების, ასევე სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველს არ შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «... ქარხნის» კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «... ქარხნის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს,ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 აპრილისა და 17 მაისის განჩინებები დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.