დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 28.01.2005
საქმის ნომერი
ას-30-403-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-30-403-05 28 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: შრომითი საქმიანობის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრა, იძულებითი განაცდურის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 5 აგვისტოს მ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს « ....... პოლიკლინიკის» თერაპიული განყოფილების გამგე ე. ქ-ის მიმართ შრომითი საქმიანობის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრისა და იძულებითი განაცდურის გადახდევინების შესახებ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 მარტის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ შპს «......... პოლიკლინიკის» თერაპიული განყოფილების გამგე ე. ქ-ი შეიცვალა სათანადო მოპასუხე შპს «......... პოლიკლინიკით».

2004წ. 22 აპრილს შპს «........... პოლიკლინიკის» თანამშრომლებმა: თ. ო-ამ, ნ. ტ-ემ, ა. მ-მა, ლ. შ-ამ, თ. მ-მა და ლ. ს-ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და განმარტეს, რომ 2004წ. 20 აპრილს მათ ჩაბარდათ სასამართლო უწყება 2004წ. 23 აპრილს მოპასუხის სახით პროცესზე ამავე წლის 23 აპრილს გამოცხადების შესახებ. მათ მოითხოვეს ზემოაღნიშნული საქმის განხილვის გადადება, რათა მოპასუხეს მისი ინტერესების დამცველი იურისტის ჩართვის საშუალება მიეცეს. მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. პოლიკლინიკის ადმინისტრაციის წევრებმა წარმოადგინეს დ. დ-ის სახელზე შედგენილი რწმუნებულებები, თუმცა საქმის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე არც პირადად და არც წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ შპს «........... პოლიკლინიკის» თერაპიული განყოფილების გამგე ე. ქ-ის მხრიდან მ. ჯ-ის მიმართ აღიკვეთა უბნის ექიმად მუშაობის ხელშეშლა, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე მხარეს უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის გამო.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ივნისის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და მოპასუხედ მიეთითა შპს «........... პოლიკლინიკა».

რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «........... პოლიკლინიკის» თერაპიული განყოფილების გამგე ე. ქ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინებით, სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მიჩნეულ იქნა არაუფლებამოსილ პირად და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2004წ. 26 ნოემბერს შპს «......... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თ. ო-ამ, ნ. ტ-ემ, ა. მ-მა, ლ. შ-ამ, თ. მ-მა და ლ. ს-ემ კერძო საჩივრით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს. მათ განმარტეს, რომ მათთვის უცნობი იყო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს როგორც 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების, ისე _ 24 ივნისის განჩინების არსებობის შესახებ. მხარის მითითებით, შპს «........... პოლიკლინიკას» რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცა, რადგან სასამართლო მხარედ იბარებდა ე. ქ-ს. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, გაუგებარია, თუ რა მიზნით მოხდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, თუ არც ძირითადი გადაწყვეტილება და არც 2004წ. 24 ივნისის განჩინება მოპასუხეს არ გაეგზავნებოდა. მხარის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ შეცდომაში შეიყვანა ე. ქ-ი, როდესაც ზემოხსენებული 2004წ. 24 ივნისის განჩინება არ ჩააბარა, ხოლო 21 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხედ კვლავ იგი მოიხსენია. შპს «........ პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილების, 24 ივნისის განჩინებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 9 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან, სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, ე. ქ-ი სათანადო მხარეს არ წარმოადგენდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა შპს «.......... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ იგი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «........... პოლიკლინიკის» თერაპიული განყოფილების გამგე ე. ქ-ის მიმართ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 მარტის განჩინებით იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ შპს «........... პოლიკლინიკით». აღნიშნულის შესახებ პოლიკლინიკის ადმინისტრაციას ეცნობა, რაც დასტურდება შპს «........... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენელთა _ თ. ო-ას, ნ. ტ-ის, ა. მ-ის, ლ. შ-ას, თ. მ-ისა და ლ. ს-ის 2004წ. 22 აპრილის განცხადებით, შპს-ს ინტერესების დამცველი იურისტის საქმეში ჩართვის გამო, საქმის განხილვის გადადების შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხე საზოგადოების ადმინისტრაციის წევრთა მიერ დ. დ-ის სახელზე გაცემული რწმუნებები. რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმებით დასტურდება, რომ პროცესი, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ორჯერ გადაიდო, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, თუმცა მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადებულა. საქმეში წარმოდგენილი რაიონული სასამართლოს გზავნილით დასტურდება, რომ 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება გაეგზავნა მოპასუხეს _ შპს «......... პოლიკლინიკას» და არა ე. ქ-ს.

ასევე დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე შპს «........... პოლიკლინიკის» თერაპიული განყოფილების გამგე ე. ქ-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინებით, სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატას შპს «.......... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენლების: თ. ო-ას, ნ. ტ-ის, ა. მ-ის, ლ. შ-ას, თ. მ-ისა და ლ. ს-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების შესახებ დაუშვებლად მიაჩნია, ვინაიდან, სსკ-ის 414-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე, იმ პირებსაც, რომლებსაც ეხებათ ეს განჩინება. გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია ე. ქ-ის მიმართ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, შპს «............ პოლიკლინიკის» ადმინისტრაციას, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, მისი გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «........... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მითითება, თითქოს მოპასუხეს მ. ჯ-ის სარჩელის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცა, ასევე არ გაეგზავნა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება, უსაფუძვლოა და საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტებს არ შეესაბამება.

სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის მიხედვით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრება დაუშვებელია, ვინაიდან აღნიშნულ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო შპს «........... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ამ მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებს.

რაც შეეხება ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მოთხოვნით მხარემ მიმართა სააპელაციო სასამართლოს მაშინ, როდესაც სსკ-ის 415-ე მუხლი ადგენს, რომ კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ანუ შპს «........... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციას ხსენებული მოთხოვნით უნდა მიემართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «........... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენლების: თ. ო-ას, ნ. ტ-ის, ა. მ-ის, ლ. შ-ას, თ. მ-ისა და ლ. ს-ის კერძო საჩივარი, მისი დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «.......... პოლიკლინიკის» ადმინისტრაციის წარმომადგენლების _ თ. ო-ას, ნ. ტ-ის, ა. მ-ის, ლ. შ-ას, თ. მ-ისა და ლ. ს-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.