დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-312-716-05 ას-312-716-05 14 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003წ. 6 იანვარს ი. დ-ლმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. დ-ლის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. პირველი ივნისის გადაწყვეტილებით ი. დ-ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. დ-ლის სააპელაციო საჩივარი, იგი ცნობილ იქნა გ. დ-ლის დანაშთი ქონების 1\4-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს განჩინებით დარჩა უცვლელად.
2005წ. 10 იანვარს გ. დ-ლმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ იგი არ მიუწვევიათ პროცესზე კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, მას არ ჰქონდა საშუალება სასამართლოში განეცხადებინა თავისი მოთხოვნის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 აპრილის საოქმო განჩინებით გ. დ-ლის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვინაიდან, სსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის ვადა არის ერთი თვე და ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ.დ-ლი ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და იგი მონაწილეობას ღებულობდა 2004წ. 16 მარტის სასამართლო სხდომაში, რაც დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმით. ამდენად, გ. დ-ლისათვის ცნობილი იყო საქმის შედეგების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 აპრილის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ლისა და ნ. დ-ლის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ლმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 25 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და მიაჩნია, რომ გ.დვალისა და ნ.დ-ლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
ამავე კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს აღნიშნული ვადის გააგრძელების უფლება არა აქვს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.დ-ლი ესწრებოდა 2004წ. 16 მარტის სასამართლო სხდომას როგორც მესამე პირი. ამდენად, მისთვის ცნობილი იყო სასამართლო გადაწყვეტილებისა და საქმის შედეგების შესახებ. სსკ-ის 426-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში ვადის დენა დაიწყო 2004წ. 16 მარტს, ხოლო განცხადება შეტანილ იქნა 2005წ. 10 იანვარს. ამდენად, განმცხადებლის მიერ გაშვებულ იქნა ერთთვიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა კანონი და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. დ-ლისა და ნ. დ-ლის წარმომადგენლის _ ნ. ჩ-ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.