დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-376-772-06 ას-376-772-06 28 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
დავის საგანი: თანხის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს «ა-სმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ც-ლის», შპს «ც-ი – 2-ისა» და შპს «ვ-ას» წინააღმდეგ თანხის გადახდის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს «ა-სსა» და შპს «ც-ს», შპს «ცი-ლ I-სა» და შპს «ციტადელ II-ს» შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ვ-ვას» უნდა მიეწოდებინა სს «ა-სათვის» ნავთობპროდუქტი, კერძოდ, სადიზელე საწვავი. სს «ა-სმა» 2003წ. 24 ივლისს ¹46 საგადასახადო დავალებით შპს «ვ-ვას” საქართველოს ბანკის ფოთის ფილიალის მეშვეობით ჩაურიცხა სადიზელო საწვავის ღირებულება 53 300 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, შპს «ვ-ვას» გადარიცხული თანხის უნდა მიეწოდებინა სს «ა-სათვის» სადიზელო საწვავი მისაღებ ფასებში, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უნდა დაებრუნებინა 2003წ. 24 აგვისტომდე. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა პირობა და დიზელის საწვავის ნაწილი სს «ა-სს” მიაწოდა 2003წ. 12 სექტემბერს, ხოლო დარჩენილი 40944 ლარის ღირებულების საწვავი აღარ მოუწოდებია და არც თანხა დაუბრუნებია. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 83293 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.
შპს «ც-ლმა” შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში, მაგრამ შეგებებული სარჩელი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, არ იქნა წარმოებაში მიღებული.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით სს «ა-სის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ვ-ვას» სს «ა-სის» სასარგებლოდ დაეკისრა 40944 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შპს «ვ-ვამ» სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში.
ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «ა-სმა».
საოლქო სასამართლოს 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით კი გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. შპს «ც-ლს» დაეკისრა ძირითადი თანხის - 16000 ლარისა და ვადის გადაცილების გამო პროცენტის - 5760 ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 14 აპრილის განჩინებით კი გაუქმდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
შპს «ც-ლის» დირექტორმა ზ. ფ-უამ 2005წ. 27 ივნისს შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 ივნისის საოქმო განჩინებით შპს «ც-ლს», შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მიეცა 10-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 მაისის განჩინებით კი შპს «ც-ლის» შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ც-ლის» დირექტორმა ზ. ფ-უამ. მან აღნიშნა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინება მათ არ ჩაჰბარებიათ. აღნიშნული განჩინება მხოლოდ მათ წარმომადგენელს ჩაჰბარდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საოქმო განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა შპს «ც-ლის» წარმომადგენელი და მისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანი იყო და, შესაბამისად, 10 დღის ვადაში უნდა გამოესწორებინა ეს ხარვეზი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს «ც-ლის” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლია ნებისმიერ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება. პირმა გადაწყვეტილების იმ ნაწილზე შეიძლება შეიტანოს საჩივარი, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოტანილი.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლითაც იგი განსხვავდება, როგორც სააპელაციო საჩივრისაგან, ასევე შესაგებლისაგან სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ესაა ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, ანუ მიმართულია იმ პროცესუალური დოკუმენტის წინააღმდეგ, რომლითაც აპელანტი ცდილობს მის საწინააღმდეგოდ და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. ამავე დროს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ცდილობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეული უფლების დაცვას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით სს «ა-ლისის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ვ-ვას» სს «ა-ლისის» სასარგებლოდ დაეკისრა 40944 ლარის გადახდა. ამ გადაწყვეტილებაზე შპს «ვივამ” შეიტანა სააპელაციო საჩივარი, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «ა-ლისმა», ანუ აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი შპს «ც-ლის» წინააღმდეგ. ამრიგად, არ არსებობს მიზანი, რომლითაც შპს «ც-ლი» მოითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები, რადგან აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს შეგებებულ სააპელაციო საჩივარს და მასზე არ ვრცელდება შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ც-ლის» კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.