დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-407-799-06 24 ივლისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: საფლავის ტერიტორიის განთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბაღდათის რაიონულ სასამართლოს 2005წ. 8 სექტემბერს სარჩელით მიმართა შ. ე-ძემ მოპასუხე ბ. ე-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მისი დის, ბებიისა და ბაბუის საფლავებიდან ღობის აღებასა და ტერიტორიის გამოთავისუფლებაზე.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ე-ძის სარჩელი _ ბ. ე-ძეს დაევალა ბაღდათის რაიონის სოფ. ... სასაფლაოზე განთავსებული ეკლესიის დასავლეთ მხარეზე დაახლოებით 8-10 მეტრის დაშორებით‚ მდებარე სადავო სასაფლაოს ნაკვეთზე‚ სამხრეთის მხრიდან‚ სამ საფლავზე, სადაც დასაფლავებული არიან შ. ე-ძის მცირეწლოვანი და _ თ. ე-ძე და წინაპრები მ. და გ. ე-ძეები, მის მიერ გაკეთებული ღობის მოხსნა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ე-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანეს შ. და მ. ე-ძეებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 აპრილის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი მ. ე-ძის ნაწილში დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ მ. ე-ძე განსახილველ საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს და იგი არ იყო უფლებამოსილი‚ გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საჩივარი შ. ებანოიძის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
2006წ. 22 მაისს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ბ. ე-ძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სადავო საფლავში განსვენებული გვამის ექსჰუმაციისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რასაც დაეთანხმა მეორე მხარეც.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. ე-ძის შუამდგომლობა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარებამდე შეჩერდა საქმის წარმოება. აქვე მხარეებს განემარტათ, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში.
აღნიშნულ განჩინებაზე განცხადება შეიტანა ბ. ე-ძემ, რომელიც თავისი შინაარსით კერძო საჩივარს წარმოადგენდა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარება დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, უკეთესი იქნებოდა, რომ სასამართლოს ჯერ დაეკითხა მის მიერ დასახელებული მოწმეები და მხოლოდ ამის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩატარებულიყო ექსპერტიზა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 27 ივნისის განჩინებით ბ. ე-ძის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გააგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ სსკ-ის 377-ე მუხლისა და 414-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მიუთითა, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომლებზეც დაუშვებელია კერძო საჩივრის შეტანა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად. ამავდროულად, გამომდინარე იქედან, რომ სსკ-ის XX თავის შესაბამისად ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ არის დაშვებული, პალატამ განმარტა, რომ ასეთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში ბ. ე-ძის მიერ კერძო საჩივარი შეტანილ იქნა ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო განჩინებაზე, რომელიც სსკ-ის XX თავის მოთხოვნათა შესაბამისად, არ საჩივრდება. ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე 2006წ. 22 მაისის განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო მხოლოდ საქმის შეჩერების ნაწილში, რის შესახებაც მხარეებს განემარტათ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბ. ე-ძის კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 268-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ე-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.