დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-435-826-06 ¹ ას-435-826-06 21 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ჩ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ძის, ლ. პ-ძის, ნ. პ-ძის, მ. პ-ძის, მ. პ-ძისა და ხ. პ-ძის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან რ. ბ-ძისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ მდგმურები. გამყიდველის ბიძამ ა. ბ-ძემ ამ სახლში 2000 აშშ დოლარის საფასურად შეუშვა სხვა მდგმურები, რომლებიც თავს ასაღებენ «ატსტუპნიკებად”. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული პირების საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 ოქტობრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ.
2006წ. 17 აპრილს აპელანტ ნ. მ-ძის წარმომადგენელ თ. ც-ძემ განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტა.
2006წ. 19 აპრილის განჩინებით აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა სააპელაციო წარმოება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას უარი არ განუცხადებია სააპელაციო საჩივარზე. მის მიერ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მას დაუბრუნეს გადახდილი თანხა და ის აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში. ის გულისხმობდა არა სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, არამედ დავის შეწყვეტას მის წინააღმდეგ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 6 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. მ-ძის განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სააპელაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ნ. მ-ძემ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას და ჯ. ჩ-ძეს შორის აღარ არსებობს დავა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას უარი არ უთქვამს სააპელაციო საჩივარზე და მან მხოლოდ მოითხოვა დავის შეწყვეტა მის წინააღმდეგ.
დადგენილია, რომ ნ. მ-ძის წარმომადგენელმა თ. ც-ძემ სასამართლოში შეიტანა განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. იგი ამ განცხადებით მოითხოვს სასამართლო აქტის მიღებას მის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ანუ მან ამ განცხადებით სააპელაციო საჩივარზე თქვა უარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე შეწყდა სააპელაციო წარმოება. სასამართლომ მიიღო განჩინება სააპელციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მისი განცხადების საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ნ. მ-ძის მიერ და განცხადებაში იმის მითითება, რომ მის წინააღმდეგ შეწყდეს საქმის წარმოება, ნიშნავს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას.
სსკ-ის 272-ე მუხლის «გ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა თხოვნით ან თავისის ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, სასამართლომ შეწყვიტა სააპელაციო წარმოება.
სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში აპელანტს არა აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. მოცემულ შემთხვევაში, ნ. მიქელაძის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა სააპელაციო წარმოება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი ნ. მ-ძეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 19 აპრილის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.