დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-466-777-05 14 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ს.-ის“ დირექტორ ა. გ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა დაკისრებული ვალდებულების შესრულება. კერძოდ, მოითხოვა ფაქტის დადასტურება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მარტო ცხოვრობს ქ.ახალციხეში, ....
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. მ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რეალურად არსებული, ფაქტობრივი და იურიდიული მდგომარეობის მიხედვით იგი აღიარებულ იქნა ქ.ახალციხეში ... მარტო მცხოვრებ მოსახლედ, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე სამი წელია მასათან აღარ ცხოვრობს მისი რძალი მ. ღ.-ი – მ.-ე, ხოლო მისი არასრულწლოვანი შვილიშვილები ცხოვრობენ დედასთან _ მ. ღ.-სთან. დადგენილ იქნა მათი სხვა მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრება. შპს „ს.-ას“ დაევალა ს.-ის მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატიულ კანონმდებლობის მიხედვით ცალკე კომუნალური გადასახდელის გადამხდელად მისთვის მიმართვის მომენტიდან _ 2004წ. აპრილიდან, დააფიქსიროს ლ. მ.-ე, როგორც მარტო მცხოვრები და მ. ღ.-ი _ მ.-ე ორ შვილთან ერთად ცალკე მცხოვრებ გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად ლ. მ.-ე ქ.ახალციხეში, ..., ხოლო მ. ღ.-ე ახალციხეში, ....
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა ნ. ღ.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე ნ. ღ.-ის სააპელაციო საჩივრით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინებით ნ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არ წარმოადგენს საქმეში მონაწილე მხარეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ღ.-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. მ.-ემ, რომლითაც მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ნ. ღ.-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება არსებითი განხილვისათვის იმ საფუძვლით, რომ ნ. ღ.-ი კანონის დარღვევით არ იქნა ჩაბმული საქმეში მესამე პირად, ასევე, არ აცნობა მას საქმის განხილვის შესახებ, რითაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა მოესპო, განეხორციელებინა სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლება, მოეთხოვა საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მარტის განჩინებით ნ. ღ.-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ კ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. ღ.-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ კ. მ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.მ.-ემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე შპს “ს.-ის” დარექტორ ა.გ.-ს დავალებოდა დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. მ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რეალურად არსებული, ფაქტობრივი და იურიდიული მდგომარეობის მიხედვით იგი აღიარებულ იქნა ქ.ახალციხეში ... მარტო მცხოვრებ მოსახლედ იმის გათვალისწინებით, რომ უკვე სამი წელია მისი რძალი მ. ღ.-ი _ მ.-ე და მისი არასრულწლოვანი შვილიშვილები მასთან აღარ ცხოვრობენ. დადგენილ იქნა მათი სხვა მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრება. შპს „ს.-ას“ დაევალა სახლმმართველობის მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატიული კანონმდებლობის მიხედვით ცალკე კომუნალურ გადასახდელის გადამხდელად მისთვის მიმართვის მომენტიდან 2004წ. აპრილიდან დააფიქსიროს ლ. მ.-ე, როგორც მარტო მცხოვრები და მ. ღ.-ე ორ შვილთან ერთად ცალკე მცხოვრებ გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, ლ. მ.-ე ქ.ახალციხეში, ..., ხოლო მ. ღ.-ე ახალციხეში, ....
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ.-მა, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, მესამე პირად ჩართვა და საქმის დაბრუნება რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინებით, ნ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შეუძლიათ მხარეებს და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ღ.-ი მოცემულ დავაში არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით არ იქნა განსაზღვრული ამ პირის უფლებები და მოვალეობები და მას უშუალოდ არ ეხება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას კანონი არ დარღვეულა, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე და 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ღ.-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატ კ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრისა და 25 მარტის განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.